ახალი ამბებისამართალი

“მექანიკური შეცდომა” – როგორ მიიღო მურუსიძემ მაქსიმალური 15 ქულიდან 20

8 თებერვალი, 2019 • 2260
“მექანიკური შეცდომა” – როგორ მიიღო მურუსიძემ მაქსიმალური 15 ქულიდან 20

გასული წლის 27 დეკემბერს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ერთ-ერთმა წევრმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის, ლევან მურუსიძის საქმიანობა შესაძლო მაქსიმალურ 100 ქულაზე მაღალი ნიშნით შეაფასა.

ინფორმაცია ფეისბუკში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ, სულხან სალაძემ დღეს გაავრცელა.

დოკუმენტის მიხედვით, იუსტიციის საბჭოს ერთ-ერთმა წევრმა ლევან მურუსიძეს “ზეპირი კომუნიკაციის უნარში” შესაძლო მაქსიმუმი 15 ქულის ნაცვლად 20 დაუწერა.

შედეგად, საბოლოო ჯამში, ლევან მურუსიძის საქმიანობა შესაძლო მაქსიმალური 100 ქულის ნაცვლად 103 ქულით შეფასდა, თუმცა ამავე დოკუმენტში რატომღაც 98 ქულა წერია.

  • ნეტგაზეთი განმარტებისთვის იუსტიციის უმაღლეს საბჭოს დაუკავშირდა, სადაც განგვიცხადეს, რომ ეს მექანიკური შეცდომაა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს განმარტებით, აღნიშნული მექანიკური შეცდომა საბოლოო ქულათა ჯამზე არ ასახულა, რის გამოც 103 ქულის ნაცვლად 98 ქულა წერია.

ინფორმაცია იმის შესახებ, თუ საბჭოს რომელმა წევრმა შეავსო აღნიშნული შეფასების ფურცელი, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს განმარტებით, კონფიდენციალურია.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების მიერ შევსებული შეფასების ფურცლები და ერთიანი შემაჯამებელი ოქმი, განმარტების მიხედვით, ყველა დაინტერესებულმა პირმა მოთხოვნის შესაბამისად საბჭოდან მიიღო.

მასალების გადაბეჭდვის წესი