ახალი ამბები

“არ დავუშვებთ სასამართლოს იდეის დასამარებას” – საინიციატივო ჯგუფი მართლმსაჯულების გადასარჩენად

6 თებერვალი, 2019 •
“არ დავუშვებთ სასამართლოს იდეის დასამარებას” – საინიციატივო ჯგუფი მართლმსაჯულების გადასარჩენად

საინიციატივო ჯგუფი “მართლმსაჯულების გადასარჩენად”, რომელიც სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციასა და აქტივისტს აერთიანებს, კრიტიკით პასუხობს “ქართული ოცნების” 5 თებერვლის განცხადებას, სადაც მმართველი პარტია უარყოფს ბრალდებებს “კლანურ მმართველობაზე”. ჯგუფი აცხადებს, რომ დანებებას არ აპირებენ და გააერთიანებენ “ძალისხმევას, რათა მართლმსაჯულება კეთილსინდისიერი მოსამართლეების ხელში აღმოჩნდეს”.

საინიციატივო ჯგუფმა 21 იანვარს შეიმუშავა “მანიფესტი მართლმსაჯულების გადასარჩენად”. ამ და ბოლო დროს სასამართლო სისტემის გაუმართაობის შესახებ სხვადასხვა ინიციატივას/განცხადებას “ქართულმა ოცნებამ” უწოდა სასამართლოს “დისკრედიტაციის მიზნით წარმოებულ პოლიტიკურად მოტივირებული კამპანია”.

საინიციატივო ჯგუფმად “ოცნების” ბოლო განცხადების პასუხად 6 თებერვალს გამოაქვეყნა მოკლე წერილი, სადაც წერენ, რომ “საზოგადოება გააგრძელებს მობილიზაციას სასამართლო სისტემის გათავისუფლების, გაჯანსაღებისა და რეალური დამოუკიდებლობისთვის”.

“ჩვენ არ დავუშვებთ სასამართლოს იდეის დასამარებას და გავაერთიანებთ ძალისხმევას, რომ მართლმსაჯულება კეთილსინდისიერი მოსამართლეების ხელში აღმოჩნდეს”, – აცხადებენ ჯგუფის წევრები.

მათ თანახმად, “ჩვენს ქვეყანაში დამოუკიდებელი სასამართლოს შექმნა დღემდე ვერ მოხერხდა”.

2012 წელს ხელისუფლებაში მოსული „ქართული ოცნება“ ალიანსში შევიდა სასამართლოში არსებულ კლანთან მიხეილ ჩინჩალაძისა და ლევან მურუსიძის მეთაურობით. ეს ჯგუფი წინა ხელისუფლების პირობებში მართავდა და ტოტალურ მორჩილებში ამყოფებდა სასამართლო სისტემას, იღებდა და ასრულებდა პოლიტიკურ შეკვეთებს. საზოგადოებისთვის ცხადი გახდა, რომ მათი მმართველობის პირობებში შეუძლებელია სასამართლო სისტემის გაჯანსაღება საკანონმდებლო ცვლილებებით.

სწორედ ამიტომ, 2019 წლის იანვარში საზოგადოების ფართო წრეების მონაწილეობით შემუშავდა მანიფესტი, რომელიც ითხოვს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს იმ 11 წევრის გადადგომას, რომელმაც მხარი დაუჭირა პარლამენტში წარდგენილ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა 10-კაციან სიას, ასევე, კლანის ლიდერების, მიხეილ ჩინჩალაძის და ლევან მურუსიძის გადადგომას.

მმართველი პარტიის პოლიტიკურმა საბჭომ, ნაცვლად იმისა, რომ გაეაზრებინა საზოგადოების პროტესტი და გადაედგა ქმედითი ნაბიჯები სასამართლოში არსებული მძიმე ვითარების გამოსასწორებლად, 2019 წლის 5 თებერვალს მიიღო რეზოლუცია, რომლითაც თავს ესხმის სისტემის გაჯანსაღების მსურველთ, ბრალს სდებს მათ კავშირში ნაციონალურ მოძრაობასთან, მაშინ როცა თავად მხარდაჭერას და ნდობას უცხადებს სწორედ ნაციონალური მოძრაობის დროს სასამართლოში შექმნილ და გაბატონებულ კლანს.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაშლა, ჩინჩალაძე/მურუსიძის გადადგომა და სხვა მოთხოვნები – პეტიცია

ოცნება: არ დავუშვებთ სასამართლოს უსამართლო და უკანონო დისკრედიტაციას

მასალების გადაბეჭდვის წესი