ახალი ამბები

ჩემს თავში გადაწყვეტილება მიღებული მაქვს – გოგიჩაიშვილი “ოცნების” შესაძლო დატოვებაზე

6 თებერვალი, 2019 •
ჩემს თავში გადაწყვეტილება მიღებული მაქვს – გოგიჩაიშვილი “ოცნების” შესაძლო დატოვებაზე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან გოგიჩაიშვილი ამბობს, რომ თავისთვის უკვე მიღებული აქვს გადაწყვეტილება, დატოვებს თუ არა “ქართულ ოცნებას”.

გოგიჩაიშვილის ამბობს, რომ ყველაზე ფუნდამენტური საკითხი დღეს სასამართლოს მომავალია. დეპუტატი არ იზიარებს “ქართული ოცნების” მიერ გუშინ გავრცელებული განცხადების პათოსს, სადაც სასამართლო ინსტიტუციის დისკრედიტაციის მიზნით წარმოებულ პოლიტიკურად მოტივირებულ კამპანიაზე არის საუბარი. ლევან გოგიჩაიშვილი ასევე არ ეთანხმება პარლამენტის თავმჯდომარეს, რომ სასამართლო სისტემაში მყოფი “ადამიანები, რომლებიც მასობრივად ჩადიოდნენ ცუდ რაღაცებს, ახლა სჩადიან კარგ რაღაცებს”.

“მე მეორე მხარეს ვარ, სადაც ფიქრობენ, რომ თუ ადაიანმა ბევრი ცუდი გააკეთა, ის უნდა დაისაჯოს. კატეგორიულად არ ვეთანხმები პოლიტსაბჭოს განცხადებას. ის წინააღმდეგობაში მოდის ძალიან ბევრ ადამიანთან, რომელიც თვლის, რომ სასამართლოს მომავალი არ არიან ის ადამიანები, რომლებიც წარსულში ბევრ ცუდ რამეს სჩადიოდნენ. მე ჩემს თავში გადაწყვეტილება ამ თუ იმ ფორმით მაქვს მიღებული და როდის გავახმოვანებ, ამას დავიტოვებ ჩემთვის. მე მინდა დავინახო, სად დავშორდით ან სად ვერთდებით. ჯერჯერობით გუშინდელი განცხადება არის, რომ ვშორდებით”, – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

დეპუტატის თქმით, ის ვერ გადალახავს მორალურ ზღვარს, სადაც მასსა და “ნაციონალურ მოძრაობას” შორის ზღვარი წაიშლება.

რამდენიმედღიანი ტაიმაუტის აღების შესახებ ისაუბრა ეკა ბესელიამაც. დეპუტატის თქმით, გუნდის წევრებს შორის ღირებულებითი აზრთა სხვადასხვაობაა და დროა, მან და მისმა თანამოაზრეებმა იმსჯელონ, შეძლებენ თუ არა “ქართული ოცნების” ერთობის შენარჩუნებას.

ეკა ბესელია რამდენიმე დღეში გადაწყვეტს, დატოვებს თუ არა “ქართულ ოცნებას”

მასალების გადაბეჭდვის წესი