ახალი ამბები

ეკა ბესელია რამდენიმე დღეში გადაწყვეტს, დატოვებს თუ არა “ქართულ ოცნებას”

6 თებერვალი, 2019 •
ეკა ბესელია რამდენიმე დღეში გადაწყვეტს, დატოვებს თუ არა “ქართულ ოცნებას”

საპარლამენტო უმრავლესობის წევრ ეკა ბესელიას თქმით, დროა, მან და მისმა თანამოაზრეებმა იმსჯელონ, შეძლებენ თუ არა მმართველი გუნდის სხვა წევრებთან ერთად ერთობის შენარჩუნებას.

ამის შესახებ ბესელიამ 6 თებერვალს, პარტიის ოფისში გამართული უმრავლესობის სხდომის შემდეგ ისაუბრა.

“ალბათ, დადგა და მომწიფდა ის ეტაპი, როდესაც მეც და რამდენიმე ადამიანმა საბოლოოდ გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ ღირებულებებთან და ფასეულობებთან დაკავშირებით – ერთ პოზიციაზე ვახერხებთ, რომ დავინახოთ ერთიანი სვლა, თუ ვერა. იქიდან გამომდინარე, რომ არ მინდა, ჩვენი ნაბიჯით ხელი შევუწყო სააკაშვილის სისტემის რეანიმირებას და მობრუნებას 2020 წელს,  მგონია, რომ ჩვენ უნდა დავინახოთ, შემდეგი ნაბიჯები როგორი უნდა იყოს. მე პირადად ავიღებდი ახლა რამდენიმე დღეს მაინც იმისთვის, რომ საბოლოო გადაწყვეტილება მივიღო, ჩვენ შევძლებთ ერთად ფასეულობების ირგვლივ გაერთიანებას და ერთად სვლის გაგრძელებას, თუ ვერა”, – განაცხადა ბესელიამ.

მისი თქმით, შეხვედრაზე საუბარი არ იყო არავის გარიცხვაზე, თუმცა პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი საჯარო პოლემიკის დასრულების ინიციატივით გამოვიდა.

ბესელია ამბობს, რომ არსებული არაორდინარული პოლიტიკური მოცემულობა მას არჩევანის წინაშე აყენებს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი