დაძაბულობა პროკურატურასთან – ზაზა სარალიძეს დღეს შეხვედრაზე უარს ეუბნებიან

ზაზა სარალიძეს მთავარი პროკურატურის ეზო ძალის გამოყენებით დაატოვებინეს. პროკურატურაში სარალიძე მისი შვილის მკვლელობის საქმის გამოძიებას და მთავარ პროკურორთან შეხვედრას ითხოვს.

პროკურატურამ მას შეხვედრის ალტერნატიული დრო, სამშაბათს შესთავაზა, რაც სარალიძისთვის მიუღებელი აღმოჩნდა. ამის შემდეგ სარალიძე პროკურატურის ეზოში შევიდა და ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებამდე ტრიტორიის დატოვებას არ აპირებდა.

როგორც მალხაზ მაჩალიკაშვილი ტელეკომპანია “პირველთან” ამბობს, ზაზა სარალიძეს პროკურატურიდან გუშინ დაუკავშირდნენ და შეხვედრაზე დღეს, 6 თებერვალს დაიბარეს. თუმცა უწყებაში მისულს განუცხადეს, რომ შეხვედრა სამშაბათს შედგებოდა.

საქართველოს გენერალური პროკურატურის განცხადებით, უწყება ორგანიზებას გაუწევს ზაზა სარალიძისა და სამივე მიმდინარე საქმის მოქმედი პროკურორების შეხვედრას, რომელიც შედგება სამშაბათს.

უწყებაში ამბობენ, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურა მუდმივად მზად არის კომუნიკაციისა და პრობლემურ საკითხებზე მსჯელობისთვის ნებისმიერ პირთან, იქნება ეს დაზარალებული, ბრალდებული თუ დაინტერესებული პირი ამა თუ იმ საქმეზე. თუმცა, მათი თქმით, მოკლული დავით სარალიძის მამა პროკურატურის ტერიტორიაზე აგრესიულად, კანონსაწინააღმდეგოდ იქცეოდა, რის გამოც მასთან კომუნიკაციის შესაძლებლობას მოკლებულნი არიან:

“აქვე ავღნიშნავთ, რომ ზაზა სარალიძის მხრიდან აგრესიული, კანონსაწინააღმდეგო და შეურაცხმყოფელი საქციელის გამო, რაც ამ წუთებშიც გამოავლინა პროკურატურის ტერიტორიაზე თვითნებურად შემოჭრით, სამწუხაროდ, მოკლებული ვართ შასაძლებლობას მასთან კომუნიკაციის, თუმცა საქმიანი და ნორმალური კომუნიკაციის ფორმატში მზად ვართ, სამშაბათს საქმესთან დაკავშირებული ყველა პროკურორი შეხვდეს”, – აცხადებენ პროკურატურაში.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.