ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) გერის მემკვიდრეობის საკითხთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს. კანონის თანახმად, გერი არ წარმოადგენს თავისი დედინაცვლის ან მამინაცვლის კანონით მემკვიდრეს იმ შემთხვევაშიც კი, თუ დედინაცვალს ან მამინაცვალს არ ჰყავს სისხლით ნათესავები და ანდერძი არ შეუდგენია გერის სასარგებლოდ.
თუკი დედინაცვალს ან მამინაცვალს არ ჰყავს ახლო ნათესავები, გერის ნაცვლად, მისი ქონება სახელმწიფო საკუთრებაში გადადის. სწორედ ამ საკითხს ხდის სადავოს ორგანიზაცია და საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს.
“სამოქალაქო კოდექსი განსაზღვრავს კანონით მემკვიდრეთა ხუთ რიგს, რომელთაც მემკვიდრეობით გადაეცემათ გარდაცვლილის (მამკვიდრებლის) ქონება, თუკი გარდაცვალების წინ ადამიანს ანდერძი არ დაუწერია. მემკვიდრეთა პირველ რიგში შედიან მამკვიდრებლის მეუღლე, შვილები და მშობლები. პირველი რიგის მემკვიდრე შეიძლება იყოს შვილიშვილიც, თუკი ბებიის ან ბაბუის გარდაცვალების მომენტისათვის ცოცხალი არ იყო მისი მშობელი – მამკვიდრებლის შვილი. თუკი სახეზე არ არიან პირველი რიგის მემკვიდრეები, ქონება გადადის შემდეგ რიგში მყოფ კანონით მემკვიდრეებზე. მეორე რიგში შედიან დები და ძმები, ასევე დისშვილები და ძმისშვილები, თუ ცოცხლები არ არიან მამკვიდრებლის დები და ძმები. მესამე რიგში შედიან გარდაცვლილის ბებია და ბაბუა. მეოთხე რიგში ბიძები, დეიდები და მამიდები. მეხუთე რიგში ბიძაშვილები, მამიდაშვილები და დეიდაშვილები ან მათი შვილები. თუკი მამკვიდრებელს არ დარჩა მეხუთე რიგის ერთი მემკვიდრეც კი, მაგრამ დარჩა გერი, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე არჩენდა თავის დედინაცვალს ან მამინაცვალს, ამის მიუხედავად, ქონება მაინც გადადის სახელმწიფო საკუთრებაში,”-აცხადებენ საია-ში.
საია-ში განმარტავენ, რომ სამოქალაქო კოდექსის 1227-ე მუხლი გერს აკისრებს თავისი შრომისუუნარო დედინაცვლისა ან მამინაცვლის რჩენის ვალდებულებას. ამის მიუხედავად, გერი დედინაცვალის ან მამინაცვალის მემკვიდრე ვერასოდეს გახდება.
საია ასევე დავობს სამოქალაქო კოდექსის მუხლის კონსტიტუციურობაზე. ამ ნორმის მიხედვით მოხუცთა თავშესაფარს, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე ზრუნავდა მოხუცზე, გადაეცემა გარდაცვლილი ბენეფიციარის ქონება, თუკი გარდაცვლილს არ დარჩა პირველიდან მეხუთე რიგის ჩათვლით კანონით მემკვიდრეები.
საია-ს შეფასებით, ამ შემთხვევაში კანონი გერს მოხუცთა თავშესაფართან შედარებით აყენებს დისკრიმინირებულ მდგომარეობაში, რადგან გერიც ოჯახურ გარემოში შესაძლოა ისევე ზრუნავდეს საკუთარ მოხუც დედინაცვალზე (მამინაცვალზე), როგორც ამას მოხუცთა თავშესაფარი აკეთებს.
ამის მიუხედავად, გარდაცვლილის ქონებას იღებს მოხუცთა თავშესაფარი, მაგრამ დედინაცვლისა და მამინაცვლის ქონებას ვერ მიიღებს გერი. საია მიიჩნევს, რომ ეს ეწინააღმდეგება კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებულ თანასწორობის უფლებას.