ახალი ამბები

EBRD-ში კვირიკაშვილს საქართველოს მთავრობაზე 7.5-ჯერ მეტ ხელფასს უხდიან

4 თებერვალი, 2019 • 5219
EBRD-ში კვირიკაშვილს საქართველოს მთავრობაზე 7.5-ჯერ მეტ ხელფასს უხდიან

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა 2018 წელს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) საერთაშორისო მრჩევლის თანამდებობაზე 3-თვიანი მუშაობის განმავლობაში ხელფასის სახით 29 888 ევრო აიღო, რაც მოქმედი კურსით 90 560 ლარია. ეს მონაცემები კვირიკაშვილის დეკლარაციაში ასახა.

თვეში ეს ხელფასი საშუალოდ 30 186 ლარი გამოდის.

გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე 2018 წელს 6 თვეზე ცოტა მეტი იმუშავა, რა დროის განმავლობაშიც 23 882 ლარი გამოიმუშავა, რაც იმას ნიშნავს, რომ მთავრობის მეთაურის თანამდებობაზე მუშაობისას კვირიკაშვილი ხელფასი თვეში საშუალოდ 3980 ლარი იყო. ეს ყველაფერი ნიშნავს, რომ კვირიკაშვილის ანაზღაურება ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისთვის მუშაობის დაწყების შემდეგ 7.5-ჯერ გაიზარდა.

რაც შეეხება ექსპრემიერის შვილს, ნინო კვირიკაშვილს: 2018 წელს საქართველოს ბანკში, საქართველოს კაპიტალსა და მ2-ში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობის შედეგად, ჯამში, 116 ათას ლარზე მეტი გამოიმუშავა. 2017 წელს ნინო კვირიკაშვილის შემოსავალი EY საქართველოსა და საქართველოს ბანკში მუშაობისას 21 ათასი ლარი იყო.

2018 წლის განმავლობაში ექს-პრემიერსა და მის ოჯახს უძრავი ქონება არ შეუძენია. კვირიკაშვილი კვლავაც ფლობს 2000-იან წლებში ნაყიდ 2 ბინას თბილისში, აგარაკს დუშეთის რაიონში და მიწის ნაკვეთებს თბილისსა და დუშეთში, რაშიც ჯამში 226 ათასი ლარი გადაიხადა.

რაც შეეხება საბანკო ანგარიშებს, 2017 წელს კვირიკაშვილის ოჯახის წევრებიდან ყველაზე მსხვილი თანხა საბანკო ანგარიშზე მის ცოლს მაია ცინაძეს ჰქონდა: 30 000 დოლარი ქართუს ანგარიშზე. დღეს გამოქვეყნებულ დეკლარაციაში ეს ანგარიში და თანხა აღარ ფიგურირებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი