ნეტგაზეთი | აფხაზეთის იზოლაცია შესაძლოა გაძლიერდეს აფხაზეთის იზოლაცია შესაძლოა გაძლიერდეს – Netgazeti
RU | GE  

აფხაზეთის იზოლაცია შესაძლოა გაძლიერდეს

არსებობს საკითხების ნაკრები, რომლებიც მუდმივად ისმება სხვადასხვა ფორმატში გამართული ქართულ-აფხაზური შეხვედრების დროს. ერთ-ერთი მათგანია აფხაზეთის მოსახლეობის გარე სამყაროდან იზოლაცია.

აფხაზეთის სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები მიუთითებენ იმაზე, რომ საქართველოს პოლიტიკა – კერძოდ, ნეიტრალური დოკუმენტების შემოღება, რასაც თან სდევს ის, რომ დასავლეთის მთელი რიგი სახელმწიფოები უარს ეუბნებიან ვიზების გაცემაზე რესპუბლიკის მცხოვრებლებს, რომლებსაც ასეთი დოკუმენტები არა აქვთ – არის მოქალაქის თავისუფლად გადაადგილების უფლების დარღვევა. მალე კი სიტუაცია, შესაძლოა, კიდევ უფრო გართულდეს.

 

პასპორტითაც კი ვერ გადაკვეთ საზღვარს

 

აფხაზეთის მოსახლეობას გადაადგილების კუთხით არაერთი პრობლემა აქვს. აფხაზური პასპორტის მქონე მოქალაქეებისთვის რუსეთში გამგზავრება იმის გამოა პრობლემური, რომ ფსოუს საზღვართან ისინი შეიძლება არ გაატარონ. ამის მიზეზად შეიძლება სხვადასხვა რამ დასახელდეს – ყველაზე ხშირად კი რუსი მესაზღვრეები აცხადებენ, რომ მათ აქვთ ეჭვი – ხომ არ არის პასპორტი ყალბი. არ ვიცი, ვინმემ შეამოწმა თუ არა როგორ არის ამ მხრივ საქმე ნიკარაგუაში ან ვენესუელაში გამგზავრების დროს, მაგრამ ეს უკვე ეგზოტიკის ნაწილია.

საზღვარი რუსეთთან
საზღვარი რუსეთთან

 

“დიდ სამყაროში” შეღწევა აფხაზეთის მცხოვრებს დღეს მხოლოდ რუსეთის პასპორტით შეუძლია. ამასთან, იმ ხალხის რაოდენობა, ვისაც რუსეთის მოქალაქეობა არ აქვს, საკმაოდ დიდია – საუბარია ათასობით ადამიანზე. იმის გარდა, რომ ზოგიერთმა “წინდაუხედავმა” მოქალაქემ არ აიღო რუსეთის პასპორტი თავის დროზე (როცა პასპორტიზაციის გამარტივებული რეჟიმი მოქმედებდა), არსებობს ახალგაზრდების არც ისე მცირე რაოდენობა, რომლებმაც მიაღწიეს ზრდასრულ ასაკს და დადგნენ არჩევანის წინაშე – მიიღონ რუსეთის მოქალაქეობა და უარი თქვან აფხაზეთის მოქალაქეობაზე (ეს აუცილებელი მოთხოვნაა დღეს), თუ დარჩნენ აფხაზეთის პასპორტის ანაბარა და ამით, ფაქტობრივად, ვერსად გავიდნენ.

 

იმ მოქალაქეების უმრავლესობასაც, რომლებსაც რუსეთის პასპორტები აქვთ, ქვეყნიდან გასვლის დროს სერიოზული პრობლემები ექმნებათ. აქ უნდა დავაზუსტოთ, რომ აფხაზეთის “რუსეთის მოქალაქეებს”, ძირითადად, შიდა მოხმარების რუსეთის პასპორტები არ აქვთ და მხოლოდ საზღვარგარეთის პასპორტები აქვთ, რომლებიც გაიცემა აფხაზეთში რუსეთის საელჩოს მიერ. დასავლეთის ქვეყნების დიპლომატიური წარმომადგენლობების საკონსულოს თანამშრომლები ასეთი დოკუმენტების დანახვისას ყველაზე ხშირად ვიზის გაცემაზე უარს აცხადებენ. სადღაც ითხოვენ საქართველოს მიერ გაცემულ ნეიტრალურ დოკუმენტებს, სადღაც თავაზობენ მიმართონ საკონსულოს თბილისში, ყველაზე ხშირად კი – უბრალოდ არაფერს განმარტავენ.   

 

პრობლემები არა აქვთ მხოლოდ იმათ, ვისაც არა მხოლოდ რუსეთის მოქალაქეობა, არამედ რუსეთის ტერიტორიაზე მუდმივი რეგისტრაცია აქვთ (შესაბამისად, რუსეთის ფედერაციის შიდა პასპორტიც). არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც სამსახურიდან გამომდინარე ხშირად გადიან საზღვარგარეთ, დარეგისტრირებულნი არიან მეგობრებთან და კოლეგებთან რუსეთში, რომ არ შეექმნათ ვიზის გამო პრობლემები.

 

ახალი რკინის ფარდა

 

მეგობრებთან რეგისტრაციის ამბრაზურა, შესაძლოა, მალე დასრულდეს. საქმე ის არის, რომ რუსეთი აქტიურად უჭერს ამ სფეროში ჭანჭიკებს. გასული წლის ბოლოს ცვლილებები შევიდა კანონში, რომელიც ითვალისწინებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ფიქტიური რეგისტრაციისთვის. სწორედ ასეთად ითვლება რეგისტრაცია ისეთ საცხოვრებელ სახლში, სადაც პირი ცხოვრებას არ აპირებს. ამასთან, უკანონო რეგისტრაციაზე პასუხს აგებს ბინის მეპატრონეც, რაც მეგობრებთან “ჩაწერის” პრაქტიკას კითხვის ნიშნის ქვეშ სვამს.

 

არანაკლები პრობლემა შეიძლება წარმოიშვას მას შემდეგ, რაც ძალაში შევა ახალი მოთხოვნები რუსეთის მოქალაქეებისადმი, რომლებსაც ორმაგი მოქალაქეობა აქვთ, რომ ამის თაობაზე განაცხადონ მიგრაციის სამსახურში. ორმაგი მოქალაქეობისადმი უარყოფითი დამოკიდებულების გათვალისწინებით, რაც რუს კანონმდებლებს არ დაუმალავთ, როდესაც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა შემოიღეს მისი დაფარვისთვის, პრაქტიკა შესაძლოა ფრიად არასასიამოვნო აღმოჩნეს საცხოვრებელი სახლების მეპატრონეებისთვის, რომლებსაც დარეგისტრირებული ჰყავთ ასეთი “ორმაგი ჯაშუშები”. საგამოძიებო კომიტეტის შემოწმებები – საეჭვო სიამოვნებაა.

 

ნეიტრალურობა, რომელიც არ არსებობს

 

დღეს, ნეიტრალური პასპორტების შემოღებიდან რამდენიმე წლის შემდეგ, ალბათ, შესაძლებელია გარკვეული დასკვნების გაკეთება. თუკი საქართველოს მთავრობაში ვინმე ვარაუდობდა, რომ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის მცხოვრებლები მასობრივად დაიწყებდნენ ამ დოკუმენტების აღებას, ისინი ცდებოდნენ. არავითარ არსებით და ძირეულ პრობლემებს რუსეთის მიმართულებით ეს არ ცვლის.

 

პრინციპში, აფხაზეთის მოსახლეობის გარე სამყაროდან იზოლაციის პოლიტიკა მშფოთვარე რესპუბლიკის მოსახლეობას ისევ რუსეთის კლანჭებისკენ უბიძგებდა. რუსული პასპორტიზაციის დაწყებამდე აფხაზეთის მთავრობამ არაერთხელ დასვა ე.წ. გაეროს პასპორტების გაცემის საკითხი, რომლითაც მოსახლეობას შეეძლებოდა რესპუბლიკის საზღვრებს გარეთ გასვლა. თუმცა საქართველო ყოველთვის ამის წინააღმდეგ გამოდიოდა. ასეთი პოლიტიკის შედეგად აფხაზეთის მოსახლეობის დიდმა ნაწილმა სიამოვნებით გამოიყენა რუსეთის მოქალაქეობის მიღებაზე შეთავაზება.


დღეს საქართველოში შეიცვალა მთავრობა და იმ ხალხის რიტორიკა, რომლებიც აფხაზურ მხარესთან კონფლიქტის დარეგულირების კუთხით მუშაობენ, სავსებით სხვაგვარი გახდა. თუმცა შერიგების მინისტრის, ცნობილი კონფლიქტოლოგის, პაატა ზაქარეიშვილის მიდგომები პოლიტიკურ წრეებში სერიოზულ წინააღმდეგობას აწყდება. ამიტომაც მისი იდეები, აფხაზური პასპორტების აღიარების შესახებ, კვლავაც განუხორციელებელი რჩება. ამავდროულად კი, აფხაზეთის საზოგადოების იზოლაცია თავის ნიშანს იძლევა. ბევრს დასავლეთში ცხოვრების შესახებ წარმოდგენა მხოლოდ რუსეთის საინფორმაციო საშუალებებით ჩამოუყალიბდა.

 


  სტატია მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. სტატიებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.


ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
დემის პოლანდოვი სპეციალურად ნეტგაზეთისთვის, რადიო თავისუფლების ჟურნალისტი