ახალი ამბები

როგორი იქნება სასტუმრო, რომელსაც თოიძის სამხატვრო ცენტრის ადგილას აშენებენ – ფოტო

4 თებერვალი, 2019 •
როგორი იქნება სასტუმრო, რომელსაც თოიძის სამხატვრო ცენტრის ადგილას აშენებენ – ფოტო

თბილისში, ჭონქაძის 21-ში, სადაც ადრე მოსე თოიძის სახელობის სამხატვრო ცენტრი მდებარეობდა, სასტუმროს მშენებლობა იგეგმება.  თბილისის არქიტექტურის სამსახურის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციით, შპს “ასტორიის” 129-ნომრიანი სასტუმროს საერთო ფართობი 3841 მ2-ია.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ამ ადგილზე სასწავლებლის ნაცვლად სხვა შენობის აშენებას ცდილობენ. არქიტექტურის სამსახურის საიტზე ვხედავთ, რომ ამ ადგილზე განცხადება მშენებლობის მოთხოვნით 10-ჯერ შეიტანეს. მათ შორის არის დემონტაჟის შესახებ 2 განცხადება. პირველი განცხადება 2017 წლის 16 მარტით თარიღდება და განმცხადებელ ვლადიმერ აბრამიშვილს მერიამ უარი უთხრა. მეორე განცხადება კი, რომელზეც მერიამ თანხმობა გასცა, 2018 წლის 3 აპრილს არის შეტანილი. ამ შემთხვევაში განმცხადებელი შპს “ასტორიის” წარმომადგენელი მაია თვალიაშვილია.

დემონტაჟის შესახებ განცხადებებს შორის პერიოდში, 2018 წლის 7 იანვარს, ამ შენობაში ხანძარი გაჩნდა. გამოძიება შსს-მ სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის გაუფრთხილებლობით დაზიანებასა ან გადანდგურებას გულისხმობს. გამოძიება დღემდე მიმდინარეობს, შენობის ადგილზე კი დღესდღეობით არაფერია.

 

პროექტზე თანხმობა არიქტექტურის სამსახურმა 2018 წლის 9 ნოემბერს გასცა, თავად გადაწყვეტილებაზე კი პირველად ლიბერალმა დაწერა.

როგორც დოკუმენტაციაში ვკითხულობთ, მშენებლობა შპს “ასტორიამ” 2020 წლის 9 ნოემბრამდე უნდა დაასრულოს. პროექტის მიხედვით, სასტუმროს მთლიანი მოცულობა 2 ბლოკადაა გაყოფილი. ცენტრალური ბლოკი წარმოადგენს 1914 წელს არსებული შენობის იდენტურ ასლს და ერთი მიწისქვედა, ერთი მიწისპირა და ერთი მიწისზედა სართულებისგან შედგება. ხოლო მეორე ახალი ბლოკი შედგება ორი მიწისქვედა, ერთი მიწისპირა და 7 მიწისზედა სართულისგან.

სასტუმრო, რომელსაც თოიძის სამხატვრო ცენტრის ნაცვლად აშენებენ. ფოტო: თბილისის არქიტექტურის სამსახური

განმცხადებლის მიერ მომზადებულ დოკუმენტაციაში ასევე ვკითხულობთ, რომ აღნიშნული ტერიტორიის ნაწილზე პირველი ნაგებობა 1889 წელს აშენებული საცხოვრებელი სახლი იყო. შემდგომ მის ნაცვლად აიგო სასტუმრო (სწორედ აღნიშნული იდენტური მოცულობის ხელახლა აგებაა გათვალისწინებული პროექტში).

პროექტის ავტორები ამბობენ, რომ ამის შემდეგ შენობამ მრავალი ცვლილება განიცადა, 1955 წელს იყო მცდელობა შენობის რეკონსტრუქციის, თუმცა სამუშაოები არ ჩატარებულა, პროექტის დოკუმენტაცია ინახება საქართველოს ეროვნულ არქივში. 1972 წელს მოხდა საბოლოოდ შენობის რეაბილიტაცია.

თავად სამხატვრო სასწავლებელი კი ამ ადგილას 1945 წელს დაარსდა.

სასტუმრო, რომელსაც თოიძის სამხატვრო ცენტრის ნაცვლად აშენებენ. ფოტო: თბილისის არქიტექტურის სამსახური

აღნიშნულ ადგილზე აუქციონი ეკონომიკის სამინისტრომ ჯერ კიდევ 2015 წელს გამოაცხადა. მაშინ ქონების საწყისი საპრივატიზებო ღირებულბა 8 200 000 ლარს შეადგენდა.

ეკონომიკის სამინისტროს განცხადებით, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ 2015 წლის 20 აგვისტოს გამოაცხადა ელექტრონული აუქციონი თბილისში, ჭონქაძის 21-ში სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ 3841 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის და მასზე განთავსებული 5549,03 კვ.მ შენიბა- ნაგებობების პრივატიზების მიზნით.

მასალების გადაბეჭდვის წესი