ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

კარასინი: საქართველოსთან ტვირთბრუნვის საკითხში სწრაფ გარღვევებს არ ველით

4 თებერვალი, 2019 •
კარასინი: საქართველოსთან ტვირთბრუნვის საკითხში სწრაფ გარღვევებს არ ველით

მოსკოვმა და თბილისმა დაასრულეს “საბაჟო ადმინისტრირებისა და სასაქონლო ბრუნვის მონიტორინგის მექანიზმის ძირითადი პრინციპების შესახებ” 2011 წლის შეთანხმების უკვე პრაქტიკაში გამოსაყენებლად საჭირო პროცედურები, – ამის შესახებ გრიგორი კარასინმა, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, რუსულ კომერსანტთან ინტერვიუში განაცხადა.

“6 თებერვალს, ვიმედოვნებთ, რომ ჟენევაში რუსეთისა და საქართველოს დელეგაციების შეხვედრა შედგება, სადაც ასევე მონაწილეობას მიიღებენ შვეიცარიული კომპანიის წარმომადგენლები. ჩვენ ძალიან დიდი მოლოდინი გვაქვს, რომ შეხვედრის შედეგები პოზიტიური იქნება. თუკი ყველაფერი ასეც იქნება, ბოლოს და ბოლოს, შევძლებთ იმ შეთანხმებების რეალიზაციას, რომელიც 2011 წელს იყო მიღწეული.

ტვირთები, რომლებიც საქართველოს  გავლით რუსეთში გადის [არამხოლოდ ქართული, მაგალითად, სომხურიც] დაფიქსირდება შვეიცარიული კომპანია SGS -ის მონიტორინგის საბაჟო პუნქტებზე, შემდეგ კი, დალუქული სახით, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიების გავლით უკვე რუსულ ტერიტორიებზე მოხვდება. აღნიშნულ საქონელზე ყველა მონაცემი ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციას გადაეცემა”, – აცხადებს კარასინი.

როგორც კარასიანი ამბობს, ჟენევის შეხვედრის შემდეგ, იანვრის ბოლოს, ზურაბ აბაშიძეს პრაღაშიც შეხვდება:

“რათა კიდევ ერთხელ განვიხილოთ, თუ როგორ იმუშავებს ეს ყველაფერი, და სირთულეები განვსაზღვროთ. სწრაფ გარღვევებს ნუ ელოდებით. სერიოზული ტექნიკური და ლოგისტიკური სამუშაოები გვექნება ჩასატარებელი, რომელიც დროს და დიდ შრომას მოითხოვს. რუსული მხარე ასეთი სამუშაოსთვის მზადაა”.

აღნიშნული სამმხრივი სამუშაო შეხვედრის შესახებ რუსეთის შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოში საქართველოს ინტერესების სექციის დესპანი, დროებით საქმეთა რწმუნებული, გიორგი ზაქარაშვილიც საუბრობდა.

2011 წლის 9 ნოემბერს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებასთან დაკავშირებით შვეიცარიის კონფედერაციის შუამავლობით მიმდინარე მოლაპარაკებების ფარგლებში საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის მთავრობებმა დოკუმენტების პაკეტს მოაწერეს ხელი, რომელიც ნეიტრალური კომპანიის მიერ საქართველო-რუსეთის საზღვარზე საბაჟო ადმინისტრირებისა და ტვირთბრუნვის მონიტორინგს ითვალისწინებდა.

საბაჟო ადმინისტრირებისა და სასაქონლო ბრუნვის მონიტორინგის მექანიზმი ელექტრონულ მონაცემთა გაცვლის სისტემას (EDES) და საერთშორისო ზედამხედველობის (IMS) სისტემას მოიცავს. ელექტრონულ მონაცემთა გაცვლის სისტემის საშუალებით ნეიტრალური კერძო კომპანია ტვირთის სავაჭრო დერეფნებში შესვლამდე რისკის მართვის უზრუნველყოფის მიზნით სასაქონლო დეკლარაციებიდან და ტვირთებზე წინასწარი ინფორმაციიდან შესაბამის მონაცემებს მოიპოვებს.

ხელშემკვრელი მხარეები ნეიტრალურ კერძო კომპანიას წარუდგენენ სავაჭრო დერეფნებში შემავალი ან დერეფნებიდან გამავალი ყველა საქონლის შესახებ შემდეგ მონაცემთა ერთობლიობას. EDES-ის ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება შვეიცარიის მიერ დაქირავებული ნეიტრალური კერძო კომპანიისთვის.

კომპანია, რომელმაც მონიტორინგი უნდა განახორციელოს, შვეიცარიული SGS-ია. მასთან ორმხივი კონტრაქტები საქართველომ და რუსეთმა გასული წლის ბოლოს და წელს გააფორმეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი