რუსეთის შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოში საქართველოს ინტერესების სექციის დესპანის, დროებით საქმეთა რწმუნებულის, გიორგი ზაქარაშვილის ინფორმაციით, იანვარში გაიმართება სამმხრივი კომიტეტის პირველი სხდომა, რომელზეც შვეიცარიული კომპანია SGS-ის მიერ რუსეთ-საქართველოს საზღვარზე ტვირთბრუნვის მონიტორინგის დაწყებასთან დაკავშირებულ დეტალებს დააზუსტებს.
“შეთანხმების რეალიზაცია რეალურად დაწყებულია. საუბარი არის კონკრეტულ ტექნიკურ საკითხებზე, რომლებიც უნდა გადაწყდეს როგორც საქართველოში, ისე რუსეთსა და შვეიცარიაში და ასევე, ერთობლივად. შეთანხმების ფარგლებში არსებობს ერთობლივი კომიტეტი, რომელიც მოწოდებულია, რომ ტექნიკური საკითხები განიხილოს. იმედი გვაქვს და, სავარაუდოდ, ამ კომიტეტის პირველი სხდომა იქნება იანვრის მეორე ნახევარში და სწორედ ამის შემდეგ გამოჩნდება, როდის და როგორ განვითარდება მოვლენები. მას შემდეგ, რაც რუსეთმა და საქართველომ გადარიცხეს შესაბამისი თანხები და ვალდებულებები შეასრულეს SGS-თან დაკავშირებით, შეიქმნა შესაბამისი ინსტრუმენტები ფონდის თუ სხვა სახით, ქართული მხარე აუცილებლად ვთვლით, რომ ჩატარდეს კომიტეტის ერთობლივი სხდომა, რათა განვიხილოთ ის საკითხები, რომელიც ჩვენ მნიშვნელოვნად ამ შეთანხმების შემდგომი რეალიზებისთვის მიგვაჩნია. ყველაფერი დამოკიდებულია ამ შეხვედრაზე”, – განაცხადა გიორგი ზაქარაშვილმა.
მისი ინფორმაციით, შეხვედრა შვეიცარიის კონფედერაციაში გაიმართება.
2011 წლის 9 ნოემბერს, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებასთან დაკავშირებით შვეიცარიის კონფედერაციის შუამავლობით მიმდინარე მოლაპარაკებების ფარგლებში, საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის მთავრობებმა დოკუმენტების პაკეტს მოაწერეს ხელი, რომელიც ნეიტრალური კომპანიის მიერ საქართველო-რუსეთის საზღვარზე საბაჟო ადმინისტრირებისა და ტვირთბრუნვის მონიტორინგს ითვალისწინებდა.
საბაჟო ადმინისტრირებისა და სასაქონლო ბრუნვის მონიტორინგის მექანიზმი ელექტრონულ მონაცემთა გაცვლის სისტემას (EDES) და საერთშორისო ზედამხედველობის (IMS) სისტემას მოიცავს. ელექტრონულ მონაცემთა გაცვლის სისტემის საშუალებით ნეიტრალური კერძო კომპანია ტვირთის სავაჭრო დერეფნებში შესვლამდე რისკის მართვის უზრუნველყოფის მიზნით სასაქონლო დეკლარაციებიდან და ტვირთებზე წინასწარი ინფორმაციიდან შესაბამის მონაცემებს მოიპოვებს. ხელშემკვრელი მხარეები ნეიტრალურ კერძო კომპანიას სავაჭრო დერეფნებში შემავალი ან დერეფნებიდან გამავალი ყველა საქონლის შესახებ შემდეგ მონაცემთა ერთობლიობას წარუდგენენ. EDES-ის ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება შვეიცარიის მიერ დაქირავებული ნეიტრალური კერძო კომპანიისთვის.
კომპანია, რომელმაც მონიტორინგი უნდა განახორციელოს, შვეიცარიული SGS-ია. მასთან ორმხივი კონტრაქტები საქართველომ და რუსეთმა გასული წლის ბოლოს და წელს გააფორმეს.