ახალი ამბები

ფარული ჩანაწერების საქმე: ერთ-ერთი დაკავებული პატიმრობის შეფარდებას ასაჩივრებს

4 თებერვალი, 2019 •
ფარული ჩანაწერების საქმე: ერთ-ერთი დაკავებული პატიმრობის შეფარდებას ასაჩივრებს

პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეოჩანაწერების საქმეზე დაკავებული ერთ-ერთი მოქალაქე, ზურაბ სოლომნიშვილი, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში ასაჩივრებს.

ჩანაწერების საქმეზე დაკავებულ ზურაბ სოლომნიშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ 2 თებერვალს შეუფარდა პატიმრობა.

„განჩინება, მიგვაჩნია, რომ დაუსაბუთებელია”, – აცხადებს სოლომნიშვილის ადვოკატი მუხრან ღურწკაია რუსთავი2-თან საუბარში. მისი თქმით, სოლომნიშვილის მხრიდან მოწმეებზე ზეწოლის, ახალი დანაშაულის ჩადენის ან მიმალვის “არანაირი საფრთხე” არ არსებობდა.

“ჩვენთვის გაუგებარია, რატომ მიიღო მოსამართლემ ეს გადაწყვეტილება, მით უმეტეს, რომ შვიდი ბრალდებულიდან 6 გაათავისუფლა გირაოთი, იგივე ბრალდებით, იგივე მტკიცებულებებით. ჩვენ ვთვლით, რომ მის მიმართ შერჩევითი სამართალი განხორციელდა”, – ამბობს ადვოკატი.

პირადი ცხოვრების კადრების გავრცელების საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ 17 ადამიანი პირველ თებერვალს დააკავა. შსს-ს ცნობით, ეს ადამიანები ინახავდნენ და სოციალური ქსელებში “მასობრივად ავრცლებდნენ” ჩანაწერს.


ბოლო დღეების განმავლობაში დეპუტატ ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსხველი კადრები გავრცელდა, თავდაპირველად მომხარებლები ამ ჩანაწერს სხვადასხვა ჩატებში აგზავნიდნენ, ხოლო შემდეგ უკვე საჯაროდაც აიტვირთა ერთ-ერთი მომხმარებლის გვერდზე.

კადრების გავრცელების პირველწყარო ჯერჯერობით დაუდგენელია. პარლამენტის წევრმა ეკა ბესელიამ, რომლის პირად ცხოვრებასაც ეხებოდა ბოლოს გავრცელებული კადრები, 2 თებერვალს განაცხადა, რომ გამოძიებამ უნდა დაადგინოს არა მხოლოდ ის ადამიანები, რომლებიც გარკვეულწილად ჩაერთნენ გაზიარების ერთიან ქსელში, და შეიძლება, შემთხვევითაც, არამედ დამკვეთებიც.

“პრინციპულია, რომ გამოძიებამ დაადგინოს დირიჟორი, ვინ რა მიზნით გააკეთა, რადგან დანაშაული მიზნის და მოტივის გარეშე არ არსებობს”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

მასალების გადაბეჭდვის წესი