“პრინციპულია, რომ გამოძიებამ დაადგინოს დირიჟორი, ვინ რა მიზნით გააკეთა, რადგან დანაშაული მიზნის და მოტივის გარეშე არ არსებობს”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების საქმეს ეხმიანება. მისი თქმით, კადრების გავრცელებით კონკრეტული ჯგუფები “მოგებულნი დარჩნენ”, თუმცა “ქართული ოცნებას” ამით არაფერი მოუგია.
“პირველი და ცენტრალური საკითხი არის, თუ ვინ იყო ამ ყველაფრის დამკვეთი და ვის ინტერესებში შედიოდა ასეთი საზიზღრობების გავრცელება, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია ადამიანების საკითხი, რომლებიც ავრცელებდნენ და რომელთა მეშვეობითაც მოხდა ბევრი სხვა ადამიანისთვის ამ საზიზღრობის მიწოდება. [ეს] ასევე რეაგირების გარეშე არ უნდა დარჩეს იმისთვის, რომ მომავალში თუ კიდევ მაინც მოხდა მსგავსი რამ, ადამიანებმა უბრალოდ იცოდნენ, რომ ამის გავრცელება არის დასჯადი და ამის გავრცელებაზეც კონკრეტულ პირებს დაეკისრებათ პასუხისმგებლობა”, – ამბობს სოფო კილაძე.
რაც შეეხება ვიდეოს პირველწყაროს, მისივე თქმით, ამ ეტაპზე კონკრეტული მაღალჩნოსნების დადანაშაულება უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევაა, რასაც გუნდში დისონანსი შემოაქვს.
“ასე ხელაღებით ადამინებისთვის რაღაცების დაბრალება, პირველ რიგში, არის,რბილად რომ ვთქვათ, არაკორექტული. დანარჩენი მე მაქვს ჩემი მოსაზრებები, ვის შეიძლება აწყობდეს ამ საზიზღრობის გავრცელება – ის ადამიანები და ის ჯგუფები, ვინც, საბოლოო ჯამში, დარჩნენ მოგებულნი. “ქართული ოცნება” ნამდვილად არ დარჩენილა მოგებული ამ ყველაფრისგან. როდესაც ასეთი ტიპის საშინელება ვრცელდება, უნდა დასვათ კითხვა, ვის აწყობდა ეს ყველაფერი, ჩემი აზრით, და აქედან გამომდინარე, გვექნება ლოგიკური პასუხი”, – განმარტავს კილაძე.
ბოლო დღეების განმავლობაში დეპუტატ ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსხველი კადრები გავრცელდა, თავდაპირველად მომხარებლები ამ ჩანაწერს ერთმანეთს სხვადასხვა ჩატებში უგზავნიდნენ, ხოლო შემდეგ უკვე საჯაროდაც აიტვირთა ერთ-ერთი მომხმარებლის გვერდზე.
პირადი ცხოვრების კადრების გავრცელების საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ 17 ადამიანი პირველ თებერვალს დააკავა. შსს-ს ცნობით, ეს ადამიანები ინახავდნენ და სოციალური ქსელებში “მასობრივად ავრცლებდნენ” ჩანაწერს.
კადრების გავრცელების პირველწყარო ჯერჯერობით დაუდგენელია. პარლამენტის წევრმა ეკა ბესელიამ, რომლის პირად ცხოვრებასაც ეხებოდა ბოლოს გავრცელებული კადრები, 2 თებერვალს განაცხადა, რომ გამოძიებამ უნდა დაადგინოს არა მხოლოდ ის ადამიანები, რომლებიც გარკვეულწილად ჩაერთნენ გაზიარების ერთიან ქსელში, და შეიძლება, შემთხვევითაც, არამედ დამკვეთებიც.