ახალი ამბები

ფარული ჩანაწერის საქმეზე დაკავებულ 2 პირს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა, 7-ს – გირაო

2 თებერვალი, 2019 •
ფარული ჩანაწერის საქმეზე დაკავებულ 2 პირს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა, 7-ს – გირაო

თბილისის საქალაქო სასამართლომ პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერების საქმეზე დაკავებულთაგან ორ პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, 7-ს კი 2 000-ლარიანი გირაოს გადახდა დააკისრა.

პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში დახურულ რეჟიმში წარიმართა. როგორც სხდომის შემდეჰ პროკურორმა თორნიკე მარსაგიშვილმა განაცხადა, “საქმეში არიან პირები, რომლებმაც სხვა პირებს გაუგზავნეს ეს ჩანაწერები”.

“რაც შეეხება სულ თავს და თავს, ანუ საწყისს, ამასთან დაკავშირებით მოგვიანებით გეცნობებათ, ვინაიდა გამოძიება მიმდინარეობს”, – აღნიშნა პროკურორმა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში იმყოფებოდა “გირჩის” ლიდერი ზურაბ ჯაფარიძეც, რომელმაც პროცესი პოლიტიკურ მასკარადად შეაფასა.

“ტრადიციული მასკარადი იყო. ყველა ადამიანი დარბაზიდან გასაშვები იყო. გირაო ვისაც შეუფარდეს, არ მესმის, რისთვის შეუფარდეს. პროკურატურამ, სასამართლომ თქვეს, რომ ამ ადამიანებმა უბრალოდ მესენჯერში მიიღეს რაღაც ვიდეოფაილი, რომელთა ნაწილს ის საერთოდ არ უნახავს და ამ ადამიანებს ციხეში ჩასმას უპირებენ. არანაირი საფუძველი, რომ ეს ადამიანები სასამართლოს დაეტოვებინა ციხეში, არ არსებობდა. ეს იყო ჩვეულებრივი პოლიტიკური მასკარადი”, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

ბოლო დღეების განმავლობაში დეპუტატ ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსხველი კადრები გავრცელდა. თავდაპირველად მომხარებლები ამ ჩანაწერს სხვადასხვა ჩატებში უგზავნიდნენ, ხოლო შემდეგ უკვე საჯაროდაც აიტვირთა ერთ-ერთი ფეისბუკის მომხმარებლის გვერდზე.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ პირადი ცხოვრების კადრების გავრცელების საქმეზე 17 ადამიანი გუშინ, 1-ელ თებერვალს დააკავა. შსს-ს ცნობით, ეს ადამიანები ინახავდნენ და სოციალური ქსელებში ავრცლებდნენ ჩანაწერს.

დანარჩენი 8 დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს, 21:00 საათზე იმსჯელებს.

ეკა ბესელიამ დღეს განაცხადა, რომ გამოძიებამ უნდა დაადგინოს არა მხოლოდ ის ადამიანები, რომლებიც გარკვეულწილად ჩაერთნენ გაზიარების ერთიან ქსელში და შეიძლება, შემთხვევითაც, არამედ დამკვეთებიც.

“ჩემი ამოცანა არ არის, რომ გაუბედურდეს ოჯახები. ახალგაზრდა გოგოები არიან დაპატიმრებულები და ნამდვილად არ მინდა, ეს სიმძიმე ვატარო, რომ ოჯახების ტრაგედია მოჰყვეს ამ მორალურ ტერორს.  პრინციპულად მიმაჩნია, რომ კანონიერი, სამართლიანი და ჰუმანურიც უნდა იყოს გამოძიება იმ ადამიანების მიმართ, ვისი ბრალეულობაც ნაკლებია ამაში. აქ მექნება ძალიან სამართლიანი პოზიცია, მაგრამ პრინციპულია, რომ გამოძიებამ დაადგინოს დირიჟორი, ვინ რა მიზნით გააკეთა, რადგან დანაშაული მიზნის და მოტივის გარეშე არ არსებობს. ამ საკითხს არ მოვხვსნი დღის წესრიგიდან. გამოძიების პრესტიჟის საკითხია, რომ ეს დაადგინონ მათ და უნდა ვაცალოთ. მეყოფა ნებისყოფა და გამოცდილებაც, რომ დავაკვირდე, პროცესი როგორ მიდის და შევაფასო, სწორად მიდის თუ არა გამოძიება”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

მასალების გადაბეჭდვის წესი