შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა “ქართული ოცნების” ოფისის გაქურდვის ბრალდებით ორი პირი – 1973 წელს დაბადებული ვ.დ. და 1976 წელს დაბადებული ბ.კ. – დააკავეს.
როგორც “ნეტგაზეთს” შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა 2018 წლის 8 დეკემბერს, “ქართული ოცნების” ოფისიდან მოიპარეს სეიფი, რომელშიც 7 000 ლარამდე თანხა იყო მოთავსებული. სამართალდამცველებმა ჩატარებულის საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპარული თანხა სრულად ამოიღეს.
ჩადენილი დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. უწყების ინფორმაციით, დაკავებულები ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ .
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მე-3 წაილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქრებით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ქურდობას გულისხმობს.
აღსანიშნავია, რომ სამართალდამცველებმა ბრალდებულები შემთხვევიდან სამ დღეში, 2018 წლის 11 დეკემბერს დააკავეს, თუმცა აღნიშნული ინფორმაცია შსს-მ დღეს მას შემდეგ გაავრცელა, რაც პარტიის ოფისში მომხდარი ქურდობის შესახებ “კურიერის” ანონსი გავიდა ეთერში და ჟურნალისტები დაუკავშირდნენ. “რუსთავი 2”-ის მტკიცებით, შემთხვევა “ქართული ოცნების” ვაკის ოფისში მოხდა. თანხა კოორდინატორების ხელფასებისთვის იყო განკუთვნილი. თბილისის საკრებულოს წევრ ლევან ხაბეიშვილის ინფორმაციით, ვაკის გამგებელმა მმართველი პარტიის კოორდინატორებს თანხა ბიუჯეტიდან, სოციალური დახმარების სახით ჩაურიცხა.
“რუსთავი 2”-მა ფაქტის შესახებ თბილისის მერს ჰკითხა. კახა კალაძემ აღნიშნა, რომ მისი ინფორმაციით, დაკარგული თანხა ერთ-ერთ გამგებელს ეკუთვნოდა, ახლა გამოძიება მიმდინარეობს, თუმცა დაკავებულების შესახებ ინფორმაცია არ აქვს. კალაძემ უარყო ჟურნალისტის მიერ გახმიანებული ცნობა, რომ თანხა საპრეზიდენტო არჩევნების დროს მომუშავე კოორდინატორებისთვის იყო განკუთვნილი და რომ იგი თბილისის მერიის ბიუჯეტიდან ანაზღაურდა.
“რა თბილისის ბიუჯეტი, რაებს ბოდიალობთ?” – ასე მიმართა თბილისის მერმა “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტს, რომელმაც მას მმართველი პარტიის ვაკის ოფისიდან თანხის დაკარგვის შესახებ ჰკითხა.
“რაებს ბოდიალობთ?” – კალაძის მიმართვა “რუსთავი2”-ის ჟურნალისტს