ახალი ამბები

საპატრიარქო: ალფეევმა გვითხრა, რომ არ ლაპარაკობდა აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ეკლესიის საფრთხეზე

1 თებერვალი, 2019 • 1712
საპატრიარქო: ალფეევმა გვითხრა, რომ არ ლაპარაკობდა აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ეკლესიის საფრთხეზე

მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელის, მიტროპოლიტ ილარიონ ალფეევის კომენტარებს საქართველოს ეკლესიასთან დაკავშირებით საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო ეხმაურება.

საპატრიარქო აცხადებს, რომ ილარიონმა “ბუნდოვნად ისაუბრა” საქართველის ეკლესიისთვის მოსალოდნელ საფრთხეებზე იმ შემთხვევაში, თუ ქართული მხარე უკრაინის ავტოკეფალიას აღიარებს, ინტერვიუში დატოვებული ორაზროვნება კი “მუქარის შინაარსს იძენს”.

“ჟურნალისტის შეკითხვას იმის შესახებ, საქართველოს მხრიდან უკრაინის ახლად გამოცხადებული ეკლესიის აღიარების შემთხვევაში, მოჰყვება თუ არა მოსკოვის საპატრიარქოსაგან აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში საეკლესიო სტატუსის გადახედვა, მიტროპოლიტმა ილარიონმა არ გასცა პირდაპირი პასუხი და ნაცვლად ამისა, ბუნდოვნად ისაუბრა საქართველოს ეკლესიისთვის მოსალოდნელ საფრთხეებზე.

მაშინ, როდესაც, ცხინვალის რეგიონში, რუსეთის სამხედრო ბაზაზე, ჩვენთან სრულიად შეუთანხმებლად შენდება ტაძარი, ხოლო აფხაზეთის ტერიტორიაზე პერიოდულად საეკლესიო მსახურებას არაკანონიკურად აღასრულებენ რუსეთის ეკლესიის იურისდიქციაში მოქმედი სასულიერო პირები, ინტერვიუში დატოვებული ორაზროვნება, ბუნებრივია, მუქარის შინაარსს იძენს”, – აცხადებს საპატრიარქო.

საპატრიარქოს ინფრომაციითვე, საქართველოს ეკლესიის წარმომადგენლები მოსკოვში მიტროპოლიტ ილარიონს შეხვდნენ და განმარტება სთხოვეს. საპატრიარქოს განცხადებით, ალფეევი ამბობს, რომ იმ პრობლემებზე  საუბრობდა, რაც არაერთ ეკლესიას დაუდგება ტომოსის აღიარების შემთხვევაში:

“მეუფის განცხადებით, საშიშროებაში იგი გულისხმობდა იმ პრობლემებს, რომელიც ტომოსის აღიარების შემთხვევაში დაუდგება არაერთ ეკლესიას,  მათ შორის, საქართველოსაც, და არ ლაპარაკობდა აფხაზეთისა და სამაჩაბლოს რუსეთის  ეკლესიის იურისდიქციად გამოცხადების საფრთხეზე.

გვაცნობეს ისიც, რომ იგი მზად იყო ჩვენი რომელიმე არხისთვის განმარტების მისაცემად, მაგრამ საქართველოს ტელევიზიის არცერთი ჯგუფი ამჟამად მოსკოვში არ იმყოფებოდა”.

საპატრიარქო ასევე დასძენს, რომ ილარიონმა ინტერვიუს დროს არასწორად დასვა აქცენტი კრეტის კრებასა და დიპტიქზე.

“მან თქვა, თითქოს ჩვენდამი სოლიდარობაც იყო მიზეზი იმისა, რომ რუსეთის ეკლესია ამ კრებაზე არ წავიდა. ჩვენ არ ვიცით, რა მიზეზებმა განაპირობა მათი  გადაწყვეტილება, მაგრამ ფაქტი ერთია, საქართველოს ეკლესიას თავისი პოზიციის გამო მხარდსაჭერად არავისთვის მიუმართავს.

ასევე ის, რომ მოსკოვის საპატრიარქო დიპტიხში მე-6 ადგილზე გვიხსენიებს, ხოლო კონსტანტინოპოლი- მეცხრეზე, არ ნიშნავს, რომ ამის გამო მოსკოვის საპატრიარქოს პოზიცია სავალდებულოდ გასათვალისწინებელია.

როგორც კრეტის კრებასთან მიმართებაში, ასევე უკრაინის საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს ეკლესია ყოველთვის ცდილობდა პოზიცია არ განესაზღვრა პოლიტიკური ნიშნით და პოლიტიკური პროცესებიდან გამომდინარე, არამედ ეყრდნობოდა და ეყრდნობა საეკლესიო კანონიკასა და სახარებისეულ სწავლებას. ვხელმძღვანელობთ რა ამ პრინციპით, დღეს არსებულ ვითარებაში, ჩვენ, ჩვენი შესაძლებლობისამებრ, ვზრუნავთ მართლმადიდებელთა ერთობისათვის და დაძაბულობის განმუხტვისათვის, რაც მიგვაჩნია პირველი რიგის ამოცანად ყველა ეკლესიისთვის”, – ვკითხულობთ განცხადებაში.


ილარიონ ალფეევმა რუსულ მედიასთან ინტერვიუს დროს მიანიშნა აფრთხეებზე, რომლებიც, მისი თქმით, საქართველოს ეკლესიას უკრაინის ავტოკეფალიის აღიარების შემთხვევაში ელის.

“მე ვერ წარმომიდგენია, რომ საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ უკრაინის ე.წ. მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია აღიაროს, რომელიც კონსტანტინოპოლის პატრიარქატის გადაწყვეტილებით შეიქმნა. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მეუფეების უმეტესობა ის ხალხია, რომელსაც კარგად ესმის რეალური ეკლესიური სინამდვილე და ესმით, რა დაემუქრება საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას ასეთი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში”, – აღნიშნა ალფეევმა.

ალფეევის კომენტარები მალევე გააკრიტიკეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის წევრებმა, მთავარეპისკოპოსმა ზენონმა და ეპისკოპოსმა დოსითეოზმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი