სამეურვეო საბჭოს მიერ დაქირავებული ექსპერტების შეფასებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკში გამოვლინდა ხელისუფლებისადმი მიკერძოება. ხუთმა ექსპერტმა მიიჩნია, რომ მიკერძოებულობა გამოიხატებოდა, მაგალითად, ბალანსის დარღვევით მმართველი პარტიის სასარგებლოდ, მწვავე კითხვების ნაკლებობით, ხელისუფლებისთვის უსიამოვნო თემების უკანა პლანზე გადატანითა და სტუმრების შერჩევით.
5 ექსპერტი, სამეურვეო საბჭოს ინფორმაციით, 2018 წლის ნოემბერში დაიქირავეს. ექსპერტებს არხის საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემები უნდა შეეფასებინათ. მათ მიერ წარმოდგენილ რეკომენდაციებს საბჭო არხის გენერალურ დირექტორსა და მენეჯმენტს წარუდგენს. საბჭო საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტს სთხოვს, ექსპერტების რეკომენდაციების შესრულების გეგმა ერთ თვეში წარადგინოს. საბჭოს მიერ დაქირავებული ექსპერტები არიან: ზაალ ანჯაფარიძე, თორნიკე შარაშენიძე, ნანა სუმბაძე, არჩილ გეგეშიძე და გრიგოლ გეგელია.
რა შეეხება საინფორმაციო გამოშვება მოამბეს, ექსპერტთა შეფასებთ, გადაცემამ მოსახლეობას მიმდინარე ამბები უფრო სიღრმისეულად უნდა გააცნოს, ასევე გადაიხედოს თემების შერჩევის პრინციპი და კრიტერიუმი. რის საფუძველზეც უნდა მოხდეს საზოგადოებისთვის აქტუალური საკითხების გაშუქრება.
პირველი არხის საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემების შესაფასებლად 2018 წლის ნოემბერში სამეურვეო საბჭომ მოიწვია 5 ექსპერტი: ზაალ ანჯაფარიძე, თორნიკე შარაშენიძე, ნანა სუმბაძე, არჩილ გეგეშიძე და გრიგოლ გეგელია. გადაცემებზე დაკვირვებისთვის ექსპერტებს განესაზღვრათ 1 თვე, ხოლო დასკვნებისა და რეკომენდაციების წარმოსადგენად- 10 დღე. ექსპერტებს დაევალათ შემდეგი გადაცემების შეფასება: „მოამბე“ 21:00 საათზე, მოამბე დღის თემა (თამთა სანიკიძე), „ახალი კვირა“, საპრეზიდენტო არჩევნები-2018, „აქტუალური თემა“, „კვირის ინტერვიუ“, „42-ე პარალელი“, და „რეალური სივრცე“. სამეურვეო საბჭომ ექსპერტებს განუსაზღვრა საკითხები, რომლებიც მათ გადაცემების შეფასებისას უნდა გაეთვალისწინებინათ. კერძოდ:
1. ასახავს თუ არა მაუწყებლის საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემები ხედვებისა და მოსაზრებების, პოლიტიკური იდეოლოგიების მრავალფეროვნებას და რამდენად დაბალანსებულად?
2. რამდენად ასრულებს საზოგადოებრივი მაუწყებელი მისთვის კანონით დაკისრებულ ვალდებულებას, ევროატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციის პოპულარიზაციის მხრივ?
3. რამდენად ობიექტური და მიუკერძოებელია მაუწყებლის საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემები? დაბალანსებულად აშუქებს თუ არა ძირითად პოლიტიკურ ძალებს?
4. რამდენად აქტუალურია ტოქშოუში შერჩეული დღის მთავარი თემა? ხომ არ ხდება მაუწყებლის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ გადაცემებში მნიშვნელოვანი თემების გამოტოვება?
5. რამდენად კვალიფიციურია საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემების წამყვანი/ავტორი? ფლობს თუ არა საკითხს, რომელსაც აშუქებს? რამდენად რელევანტური და კრიტიკულია დასმული კითხვები? რამდენად სწორად არის შერჩეული მოწვეული სტუმარი?
6. აძლევს თუ არა გამოხატვის შესაძლებლობას იმ ჯგუფებს, რომელთა ხმა არ ისმის მედიაში, მათ შორის, უმცირესობების წარმომადგენლებს?
მოწვეულმა ექსპერტებმა თავიანთ შეფასებებში აღნიშნეს გადაცემების ძლიერი მხარეები. მაგალითად, ექსპერტთა უმრავლესობა აღნიშნავს გაშუქებული თემების აქტუალობას, ევროატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციის პოპულარიზაციის ხელშეწყობას, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების თემატიკის გაშუქებას.
ამასთან, ექსპერტებმა ყურადღება გაამახვილეს მთელ რიგ ნაკლოვანებებზე, რომელთა აღმოფხვრა აუცილებელია როგორც პროდუქციის, ასევე საზოგადოებრივი მაუწყებლის რეპუტაციის გასაუმჯობესებლად.
აღსანიშნავია 2 შეფასება, რომლებშიც ყველა ექსპერტი ერთსულოვანი იყო:
1. ყველა ექსპერტი დადებითად აფასებს გადაცემებს, „42-ე პარალელი“ და „რეალური სივრცე“.
კერძოდ, ექსპერტებს „42-ე პარალელი“ მიაჩნიათ საინტერესო და ინფორმატიულ გადაცემად, რომელიც კვალიფიციურ ანალიზს სთავაზობს მაყურებელს საერთაშორისო ურთიერთობების აქტუალურ თემებზე. „რეალური სივრცე“ შეფასდა როგორც დაბალანსებული გადაცემა საინტერესო და აქტუალურ თემებზე და აღინიშნა მისი წამყვანის ობიექტურობა, მიუკერძოებლობა და პროფესიონალიზმი.
2. ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის გადაცემების შეფასებებში ყველა ექსპერტმა (მეტ-ნაკლები სიმწვავით) აღნიშნა მიკერძოება და ტენდენციურობა ხელისუფლების/მმართველი პარტიის მიმართ. მათი შეფასებით ეს გამოიხატებოდა, მაგალითად, ბალანსის დარღვევით მმართველი პარტიის სასარგებლოდ, მწვავე კითხვების ნაკლებობით, ხელისუფლებისთვის უსიამოვნო თემების უკანა პლანზე გადატანით, სტუმრების შერჩევით, შეფასებითი მსჯელობებით.
მოწვეულ ექსპერტთა ზემოაღნიშნული მოსაზრება ემთხვევა ეუთოს საერთაშორისო დამკვირვებლების მისიის წინასწარ დასკვნასა და საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მედიამონიტორინგის ანგარიშში გამოთქმულ შენიშვნებს საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით.
ექსპერტების შეფასებებზე დაყრდნობით, სამეურვეო საბჭო მიმართავს გენერალურ დირექტორს რეკომენდაციებით, რომელთა გათვალისწინება, საბჭოს აზრით, აუცილებელია. სამეურვეო საბჭო სთხოვს მენეჯმენტს, წარმოადგინოს ამ რეკომენდაციების შესრულების გეგმა ერთი თვის განმავლობაში.
ზოგადი რეკომენდაციები
1. ამაღლდეს ჟურნალისტების და წამყვანების კვალიფიკაცია პროფესიულ სტანდარტებში. განსაკუთრებული ყურადღება მიექცეს ჟურნალისტური სტანდარტების დაცვას, როგორებიცაა მიუკერძოებლობა, ობიექტურობა, ბალანსი, ფაქტისა და მოსაზრების გამიჯვნა, სიზუსტე, სამართლიანობა.
2. ჩატარდეს ტრენინგი არჩევნების გაშუქებაში.
3. დაწესდეს რეგულარული მონიტორინგი ჟურნალისტური სტანდარტების დაცვაზე. ამ მონიტორინგის ფარგლებში რეგულარულად მოხდეს გასული სიუჟეტების და გადაცემების, ასევე ვებზე გამოქვეყნებული მასალის კრიტიკული შეფასება; სტანდარტების დარღვევის შემთხვევების განხილვა ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის მთელ პერსონალთან; სტანდარტების დამრღვევ ჟურნალისტებთან და წამყვანებთან დარღვევების გამოსწორებაზე მუშაობა (ტრენინგების მოკლე კურსის ჩატარების ან სხვა ინსტრუმენტის გამოყენების მეშვეობით).
4. მონიტორინგის ფუნქციის შესასრულებლად გამოიყოს შესაბამისი კომპეტენციის, სულ ცოტა, ერთი ადამიანი.
5. შემუშავდეს ჟურნალისტთა კვალიფიკაციის ამაღლების/პროფესიული განვითარების კონცეფცია და ამ განვითარების მონიტორინგის და შეფასების პროცედურა.
6. ჩატარდეს ტრენინგი შშმ პირების და სხვა დაუცველი ჯგუფების გაშუქების, გენდერული თანასწორობის საკითხებზე.
მოამბე
1. გაუმჯობესდეს გადაცემის ხარისხი ექსკლუზიური თემების მოძიების და საკითხების უფრო სიღრმისეული გაშუქების გზით.
2. გადაიხედოს თემების/სიუჟეტების პრიორიტეტულობის და რიგითობის განსაზღვრის პრინციპი.
3. მომზადდეს სიუჟეტები საქართველოს რეგიონებში არსებული პრობლემების, წარმატებების შესახებ.
4. მომზადდეს სიუჟეტები ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების საჭირბოროტო თემებზე.
ახალი კვირა
1. გადაიხედოს თემების შერჩევის პრინციპი და კრიტერიუმი. უპირატესობა მიენიჭოს საზოგადოებისთვის აქტუალურ, საინტერესო და სასარგებლო თემებს, სიახლეებს.
2. უზრუნველყოფილი იქნეს აქტუალური თემების განგრძობადობა; მოხდეს გადაცემებში წამოჭრილ განსაკუთრებით მწვავე და აქტუალურ თემებზე თვალყურის მიდევნება და მომდევნო გადაცემებში გაშუქება, თუ რა შეიცვალა, რა რეაგირება მოხდა და ა.შ.
3. შესთავაზოს მაყურებელს თემების სიღრმისეული ანალიზი.
ტოქშოუები
1. წამყვანებმა საფუძვლიანად შეისწავლონ თემები, რომლებზეც გადაცემებს ამზადებენ.
2. თავიდან იქნეს აცილებული თემების დუბლირება ტოქშოუებში.
3. წამყვანებმა დაიცვან ნეიტრალურობა და სამართლიანობის პრინციპი მოწვეულ სტუმრებთან.
4. უზრუნველყოფილი იქნეს საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფების ჩართულობა.
5. წამყვანებმა უზრუნველყონ დროის სათანადო გადანაწილება და მართვა, რათა შესაძლებელი იყოს თემის ამომწურავად განხილვა.
6. წამყვანებმა ოპონირება გაუწიონ მოწვეულ სტუმრებს ჩაღრმავებული და კრიტიკული კითხვებით.
რეალური სივრცე
1. სასურველია, გადაცემა „რეალური სივრცე“, რომელიც პირდაპირ პასუხობს კანონით დაკისრებულ ვალდებულებას (კანონი მაუწყებლის შესახებ თავი 3, მუხლი 16) და შეესაბამება სამეურვეო საბჭოს მიერ განსაზღვრულ საპროგრამო პრიორიტეტებს, სიღრმისეულად და კვალიფიციურად განიხილავს სხვადასხვა სოციალურ პრობლემას და მსჯელობს ადამიანის უფლებებზე, გადმოტანილი იქნეს სატელევიზიო ბადის პრაიმტაიმში. საზოგადოებრივი მაუწყებლის მაყურებელი ყველაზე აქტიური 20:00 საათიდან არის, „რეალური სივრცის“ 18:30 საათზე განთავსება ამ გადაცემას აკარგვინებს აუდიტორიას და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მაყურებელს ართმევს ყველაზე საინტერესო და აქტუალურ თემებზე მსჯელობის მოსმენის შანსს. ამრიგად, სამეურვეო საბჭო რეკომენდაციას უწევს ამ გადაცემის გაშვებას საღამოს უფრო გვიან საათებში.
ფორმატი
ექსპერტთა ნაწილმა შენიშვნები გამოთქვა ზოგიერთი გადაცემის ფორმატთან, სტილსა თუ ქრონომეტრაჟთან დაკავშირებით. მათი აზრით, ამ ხარვეზების გამოსწორება გადაცემებს უფრო დინამიკურს და საინტერესოს გახდის. საბჭოს მიაჩნია, რომ ეს საკითხი უფრო ფართო, რეპრეზენტციულ კვლევას საჭიროებს.