ევროკომისიის შეფასებით, საქართველოში ალკოჰოლზე აქციზის გადასახადის სტრუქტურა ევროკავშირის პრაქტიკას შეესაბამება, ხოლო თამბაქოს აქციზის გადასახადი კვლავ უნდა იყოს ჰარმონიზებული.
ამის შესახებ საუბარია ევროკომისიის მესამე ანგარიშში საქართველოს მიერ ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესახებ.
საზოგადოებრივ ჯანდაცვის კომპონენტის მომიხილვისას ანგარიშში საუბარია, რომ საქართველო, ასოცირების შესახებ შეთანხმების შესაბამისად, მუშაობს სისხლის უსაფრთხოების, ქსოვილის გადანერგვისა და ჯანსაღი გარემოს საკითხებზე.
“თუმცა წინსვლა უმნიშვნელოა როგორც თამბაქოს კონტროლის კუთხით (რადგან თამაშების ბიზნესისა და უბაჟო რეჟიმში მოვაჭრე კომპანიების მხრიდან არის თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობის სათანადოდ შესრულების ხელის შეშლის მცდელობები), ასევე, თამბაქოს ნაწარმით უკანონო ვაჭრობის აღმოფხვრის ოქმის რატიფიცირების კუთხით”, – ნათქვამია ევროკომისიის ანგარიშში.
ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში თამბაქოს ნაწარმზე აქციზი რამდენჯერმე გაიზარდა. გარდა ამისა, 2018 წელს თამბაქოს კონტროლის შესახებ გამკაცრებული რეგულაციები და დახურულ სივრცეებში მოწევა აიკრძალა. საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე ამბობს, რომ ევროდირექტივის შესაბამისად, 2024 წლისთვის ყველა სახის თამბაქოს ნაწარმზე აქციზის თანდათანობით მატება მოსალოდნელია, რისი მიზანიც თამბაქოს მოხმარების ზიანის შემცირებაა.