ახალი ამბები

ასოცირების შეთანხმების ვალდებულებები ვადების დაცვით სრულდებოდა – ევროკომისიის ანგარიში

31 იანვარი, 2019 • 2129
ასოცირების შეთანხმების ვალდებულებები ვადების დაცვით სრულდებოდა – ევროკომისიის ანგარიში

ევროკომისიამ საქართველოს მიერ ასოცირების პროცესის განხორციელების შესახებ მე-3 ანგარიში გამოაქვეყნა.

საქართველოს მიერ ასოცირების პროცესის განხორციელების შესახებ მე-3 ანგარიში აფასებს წინსვლას “ასოცირების დღის წესრიგის” განხორციელების პროცესში ასოცირების საბჭოს 2018 წლის 5 თებერვლის სხდომის შემდეგ. დოკუმენტში ნათქვამია, რომ უწყვეტი საკანონმდებლო რეფორმა და წესებისა და სტანდარტების მტკიცე დანერგვა (ასოცირების შესახებ შეთანხმების შესაბამისად) გადამწყვეტია საქართველოს მოქალაქეებისთვის და შესაძლებლობას აძლევს მათ, ევროკავშირსა და საქართველოს შორის ამ მჭიდრო ურთიერთობების შედეგებით სრულად ისარგებლონ.

“ევროკავშირსა და საქართველოს შორის არსებული შესანიშნავი ურთიერთობები გასული წლის განმავლობაში კიდევ უფრო გაძლიერდა. 2017 წლის მარტის შემდეგ 300 000-ზე მეტმა საქართველოს მოქალაქემ შეძლო მოკლევადიანი უვიზო მიმოსვლა შენგენის ზონაში და 2009 წლიდან 63 000-ზე მეტმა ბიზნესმა და ფერმერმა სესხი მიიღო. ევროკავშირი გააგრძელებს საქართველოს ხელისუფლების მხარდაჭერას ასოცირების დღის წესრიგის გათვალისწინებით მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელების სფეროში”, – განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ევროკომისიის ვიცეპრეზიდენტმა ფედერიკა მოგერინიმ.

ევროკომისია აღნიშნავს, რომ ასოცირების შეთანხმებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულება შეთანხმებული ვადების დაცვით შესრულდა.

“საქართველომ უმნიშვნელო წინსვლა განახორციელა მართლმსაჯულების სექტორის რეფორმირებაში. მნიშვნელოვანი გამოწვევები კვლავ რჩება მიღწეული წინსვლის განმტკიცებისა და კანონის უზენაესობის დაცვის მიმართულებით. მართლმსაჯულების რეფორმები უნდა გაგრძელდეს და განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდეს მოსამართლეთა დანიშვნის პროცესში გამჭვირვალეობასა და ანგარიშვალდებულებაზე.  სამოქალაქო საზოგადოებამ შეშფოთება გამოხატა სასამართლო სისტემასა და მედიის პლურალიზმზე პოტენციურ პოლიტიკურ ზეგავლენასთან დაკავშირებით. ადამიანის უფლებების და ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის ეფექტიანი განხორციელება კვლავ გამოწვევად რჩება”, – ნათქვამია ანგარიშში.

ვიზალიბერალიზაციის კონტექსტში ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველომ განაგრძო სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული სავიზო ნიშნულების განხორციელება და ღონისძიებების გატარება, კერძოდ, საქართველოს მოქალაქეების არალეგალური მიგრაციის საკითხების მოგვარება. მაგრამ, მიუხედავად ამისა, ევროკავშირის რიგ წევრ ქვეყნებში ჯერ კიდევ არის თავშესაფრის მოთხოვნასთან დაკავშირებული დაუსაბუთებელი  განაცხადებების რიცხვის ზრდის შემთხვევები.

ევროკავშირი ხაზს უსვამს, რომ უსაფრთხოების, ტერორიზმთან და საერთაშორისო ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის საქმეში საქართველო ევროკავშირის მნიშვნელოვანი პარტნიორია. ასევე, ქვეყანა კვლავ აქტიურ როლს თამაშობს ევროპის განახლებული სამეზობლო პოლიტიკის და მისი რეგიონალური განზომილების – აღმოსავლეთ პარტნიორობის – განხორციელებაში.

დემოკრატია, ადამიანის უფლებები და კარგი მმართველობა

ევროკომისიის ანგარიშში საუბარია საკონსტიტუციო რეფორმაზე, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებაზე და საპრეზიდენტო არჩევნებზე. ევროკავშირი ეყრდნობა ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიის წინასწარი ანგარიშს, რომლის თანახმად, არჩევნები საერთო კონკურენტულ გარემოში ჩატარდა და პროფესიონალურად იყო ადმინისტრირებული. ამავდროულად, პროცესს ზიანი მიაყენა ერთი მხარის გაუმართლებელმა უპირატესობამ და ორივე მხარის ნეგატიურმა კამპანიამ. ნათქვამია, რომ შეინიშნებოდა ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენების შემთხვევები.

ევროკომისიის ანგარიშში მოხვდა მასობრივი პროტესტის ორი ტალღა: ღამის კლუბებში ნარკოტიკების წინააღმდეგ ჩატარებულ ოპერაციასთან და ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობის საქმეებთან დაკავშირებით.

რაც შეეხება მედიაგარემოს, ევროკომისია აცხადებს, რომ ის დინამიური, პლურალისტური და ასევე, პოლარიზებულია.

“სამართლებრივი ბრძოლები სატელევიზიო არხების საკუთრებასთან დაკავშირებით კვლავ საფუძვლად უდევს პოლიტიკურ დავას მედიის პლურალიზმსა და სასამართლო სისტემაზე პოტენციური პოლიტიკური ზეწოლის შესახებ”, – ნათქვამია დოკუმენტში.

სამოქალაქო სექტორზე საუბრისას ევროკომისია მიუთითებს “ბერტელსმანის ფონდის (BTI) ტრანსფორმაციის ინდექსის 2018 წლის ანგარიშშზე, რომელიც ამბობს, რომ ზოგადად სამოქალაქო საზოგადოება კვლავ სუსტი რჩება წევრობისა და გრანტებზე დამოკიდებულების თვალსაზრისით, მაგრამ ამის მიუხედავად, პოლიტიკის ფორმულირებასა და მთავრობის მეთვალყურეობის საკითხში გადამწყვეტ როლს თამაშობს.

რაც შეეხება კორუფციის პრევენციას და მის წინააღმდეგ ბრძოლას, ევროკავშირის შეფასებით, საქართველო აგრძელებდა ანტიკორუფციული სტრატეგიისა და მისი სამოქმედო  გეგმის განხორციელებას ასოცირების დღის წესრიგით განსაზღვრული ვალდებულებების შესაბამისად.

ევროკავშირი აღნიშნავს საქართველოს შიდა კანონმდებლობის გაუმჯობესებას ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ, ხაზს უსვამს შსს-ში ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის შექმნას, თუმცა ამბობს, რომ “მიუხედავად კანონმდებლობის დახვეწის და საზოგადოებაში ცოდნის გავრცელების მცდელობებისა, კვლავ მაღალია გენდერული უთანასწორობა”.

რაც შეეხება უმცირესობებს, ანგარიშში დაფიქსირებულია ლგბტ (ლესბოსელ, ჰომოსექსუალ, ბისექსუალ, ტრანსგენდერ და ინეტერსექს) პირთა შრომის, ჯანდაცვის, სოციალურ და ეკონომიკურ სფეროებში დისკრიმინაციის შემთხვევები.

ბავშვთა უფლებებთან დაკავშირებით დოკუმენტი ამბობს, რომ ბავშვთა სიღარიბე კვლავ მაღალია, ხოლო ჩვილთა (და დედების) სიკვდილიანობის მაჩვენებლები, სხვა ფაქტორთა შორის ორსულობამდე, პერინატალური და მშობიარობის შემდეგ გაწეული დაბალი ხარისხის სერვისების გამო, ევროპულ მაჩვენებლებთან შედარებით მაღალია.

“ღარიბ ოჯახებში მცხოვრები ბავშვების რაოდენობა 26.8% -დან 31.6% -მდე გაიზარდა. ყოველი მეხუთე ბავშვი ცხოვრობს ოჯახში, სადაც ძირითადი საჭიროებები არ კმაყოფილდება. დაიწყო ბავშვთა დაცვის ახალი, მოწინავე
რეფერალური პროცედურებისა და სახელმწიფო საკოორდინაციო მექანიზმის განხორციელება ბავშვთა მიმართ ძალადობის შემთხვევების იდენტიფიცირების, გადაცემისა და რეაგირების მიზნით. არ დასრულებულა ბავშვებზე ზრუნვის დეინსტიტუციონალიზაცია; ჯერ კიდევ მოქმედებს ორი დიდი დაწესებულება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისათვის. ასევე სათანადო მონიტორინგის გარეშე ფუნქციონირებს რამდენიმე არარეგულირებული დაწესებულება, რომლებსაც აფინანსებენ და მართავენ ადგილობრივი მუნიციპალიტეტები, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია და მუსლიმთა თემები”, – ნათქვამია ანგარიშში.

რაც შეეხება არასათანადო მოპყრობას, ევროკავშირი აღნიშნავს, რომ სასჯელაღსრულების სისტემაში არასათანადოდ მოპყრობის შემთხვევები შემცირდა, განსხვავებით პოლიციის თანამშრომლების მხრიდან არასათანადოდ მოპყრობის შემთხვევებისგან. კერძოდ, 2018 წლის სექტემბრისთვის სახალხო დამცველის აპარატმა მიიღო 149 საჩივარი ციხის თანამშრომლების ან პოლიციის მხრიდან არასათანადო მოპყრობის შესახებ და საქართველოს მთავარ პროკურორს 8 საქმის გამოძიების თაობაზე მიმართა. არცერთს სისხლის სამართლებრივი დევნა არ მოჰყოლია; არ დასრულებულა გამოძიება საქართველოს ტერიტორიაზე აზერბაიჯანის მოქალაქის და ადამიანის უფლებათა დამცველის გატაცების და აზერბაიჯანისთვის მისი უკანონოდ გადაცემის ფართოდ გაშუქებულ საქმეზე.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი