ახალი ამბები

გენდერული თანასწორობის საბჭოს განცხადება პირადი ცხოვრების კადრების გავრცელებაზე

31 იანვარი, 2019 •
გენდერული თანასწორობის საბჭოს განცხადება პირადი ცხოვრების კადრების გავრცელებაზე

საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭო განცხადებას ავრცელებს პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებასთან დაკავშირებით.

როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, საბჭო სასტიკად გმობს მსგავსი მეთოდებით ქალი პოლიტიკოსების დისკრედიტაციის იარაღად გამოყენებას და მხარს უჭერს მსგავსი ქმედების წინააღმდეგ წამოწყებულ ნებისმიერ კამპანიას.

“სამწუხაროა, რომ ჩვენს ქვეყანაში პირადი ცხოვრების უფლების უხეში ხელყოფის ხარჯზე წარსულშიც მომხდარა ადამიანების დევნა, შანტაჟი და იძულება. საგულისხმოა, რომ მსგავსი მეთოდებით განსაკუთრებით აქტიურ, წარმატებულ ქალებს ებრძვიან და ცდილობენ მათ განდევნას საჯარო სივრციდან. ეს ხაზს უსვამს დანაშაულის დისკრიმინაციულ ხასიათს, რომელიც ზიანს აყენებს არა მხოლოდ კონკრეტულ მსხვერპლებს, არამედ აზარალებს ჩვენს საზოგადოებას.

დღეს, როდესაც ვიბრძვით ქვეყანაში გენდერული თანასწორობის მიღწევისთვის – ქალთა პოლიტიკური ჩართულობის გაზრდისთვის, ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის, თანასწორი, სრულფასოვანი პირობების შექმნისთვის და სწრაფი განვითარებისათვის, დაუშვებელია მსგავს ფაქტებზე თვალის დახუჭვა და საზოგადოებაში დაუსჯელობის სინდრომის გაჩენა” ,- ვკითხულობთ განცხადებაში.

გენდერული თანასწორობის საბჭო მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს, შესაბამისი ყურადღება გაამახვილონ დანაშაულის დისკრიმინაციულ ხასიათზე და უმოკლეს ვადებში გამოავლინონ და პასუხისგებაში მისცენ ყველა დამნაშავე პირი.

მასალების გადაბეჭდვის წესი