ახალი ამბები

რატომ არ უერთდება პატრიოტთა ალიანსი ოპოზიციის საინიციატოვო ჯგუფს

30 იანვარი, 2019 •
რატომ არ უერთდება პატრიოტთა ალიანსი ოპოზიციის საინიციატოვო ჯგუფს

“პატრიოტთა ალიანსის” წევრი,ს გოჩა თევდორაძის თქმით, პარტია პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას მხარს უჭერს, თუმცა ოპოზიციურ საინიციატოვო ჯგუფს არ უერთდებიან. თევდორაძე განმარტავს, რომ მათთვის მიუღებელია “ნაციონალურ მოძრაობასთან” ერთად რაიმე გაერთიანებაში ყოფნა.

“ერთიან პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას დიდი ხანია ვითხოვთ. ჩვენს აქციებზე ერთ-ერთი მოთხოვნა პროპორციულ სისტემაზე გადასვლა იყო. რაც შეეხება ბოლო შეკრებას, რომელზეც გაჟღერდა ოპოზიციური სპექტრის ნაწილისგან, რომ ხელმოწერების შეგროვებას იწყებენ და პროპორციულ სისტემას ითხოვენ, ჩვენ ნაციონალური მოძრაობის მიერ მოწყობილი შეხვედრის ნაწილი არ გავმხდარვართ და არავითარ ასეთ მოწოდებას არ ვუერთდებით. ნაციონალური მოძრაობის ეგიდით გამართული შეხვედრა იყო, სადაც მონაწილეობა არ მივიღეთ, ასე რომ, მათ ვერავითარ მოთხოვნას ვერ შევუერთდებით. პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის მოთხოვნა გვქონდა და ყოველთვის გვექნება, რადგან სწორედ ეს სისტემა ასახავს მიღებული ხმებისა და პარლამენტში მიღებული მანდატების პროპორციულ თანაფარდობას,”-ამბობს თევდორაძე.

თევდორაძეს მიაჩნია, რომ “ქართული ოცნება” თანახმა იქნება, 2020 წლისთვის არჩევნები პროპორციული წესით ჩატარდეს. “ვფიქრობ, ქართულ ოცნებას ისეთი დალხენილი პირობები არ ექნება, რომ თავის თავზე მოირგოს კონსტიტუცია, ერთპიროვნულად მიიღოს გადაწყვეტილებები. აქედან გამომდინარე არის შანსი, რომ მმართველი პარტია ვაიძულოთ შეცვალოს საარჩევნო კანონმდებლობა და გადავიდეთ ერთიან პროპორციულ სისტემაზე”,-აცხადებს თევდორაძე.

საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიცია 2020 წლისთვის პროპორციულ სისტემაზე გადასვლის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებას გეგმავს. გაერთიანებაში “ძალა ერთობაშია” შემავალმა პარტიებმა, “ევროპულმა საქართველომ” და “თავისუფალმა დემოკრატებმა” შესაბამის მემორანდუმს დღეს, 30 იანვარს მოაწერეს ხელი.

“თავისუფალი დემოკრატების” წარმომადგენელმა სანდრო ბარამიძემ განაცხადა, რომ ოპოზიციამ უნდა შეაგროვოს 200 000-ზე მეტი, შესაძლოა, მილიონი ხელმოწერა იმისთვის, რომ საარჩევო სისტემა სამართლიანი გახდეს. ხელმოწერების შეგროვების შემდეგ კი საკანონმდებლო წინადადებას პარლამენტში შეიტანენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი