ახალი ამბები

უზენაესი სასამართლო 6 მედიასაშუალებას ქარტიაში უჩივის

30 იანვარი, 2019 • 1876
უზენაესი სასამართლო 6 მედიასაშუალებას ქარტიაში უჩივის

უზენაესმა სასამართლომ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას მიმართა ექვსი მედიასაშუალების წინააღმდეგ ეკა ბესელიასა და სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელთან, მზია თოდუასთან დაკავშირებული სტატიების გამო.

ქარტიის საბჭოს სამდივნომ 30 იანვარს დასაშვებად ცნო საქართველოს უზენაესი სასამართლოს განცხადება “ვერსიის“, “მარშალპრესის“, “დაიჯესტის“, “ექსკლუზივნიუსის“, “რეზონანსისა” და ITV-ის წინააღმდეგ.

უზენაესი სასამართლო გამოცემებს ედავება ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პირველი (სიზუსტე), მესამე  (დადასტურებული წყარო) და მეხუთე (შესწორება) პრინციპების დარღვევაში.

ქარტიის ცნობით, სადავო გახდა სტატია, სათაურით “ეკა ბესელიას იჭერენ?! რატომ არ იყიდა ივანიშვილმა ბესელიას კომპრომატები”. მათივე ინფორმაციით, სტატია თავდაპირველად “ვერსიამ” გამოაქვეყნა, დანარჩენებმა კი “ვერსიაზე” დაყრდნობით გაავრცელეს იგივე ინფორმაცია.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის თანახმად, მათთვის გაგზავნილ განცხადებაში უზენაესი სასამართლო წერს, რომ ამ სტატიებში ბესელიას მიმართ გამოთქმულ ბრალდებებთან ერთად “პიროვნების პატივისა და ღირსების შემლახავ, მკვეთრად შეურაცხმყოფელ კონტექსტშია ნახსენები საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის, სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარის, მზია თოდუას სახელი და საქმიანი რეპუტაცია”.

“მეტიც, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ჟურნალისტის მიერ პირდაპირ, მტკიცებითი ფორმით დადანაშაულებულია კორუფციულ გარიგებებსა და ქრთამის აღებაში”, – წერს უზენაესი სასამართლო.

ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს

მასალების გადაბეჭდვის წესი