ახალი ამბები

ოკუპირებული ცხინვალი პრეტენზიას აცხადებს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიებზე

30 იანვარი, 2019 •
ოკუპირებული ცხინვალი პრეტენზიას აცხადებს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიებზე

სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი მცხეთა-მთიანეთის რიგ ტერიტორიებს “ისტორიულ აღმოსავლეთ ოსეთს” უწოდებს და აცხადებს, რომ “ადრე თუ გვიან, ეს ტერიტორიები ოსეთს დაუბრუნდება”. ამის შესახებ მან გერმანულ გამოცემასთან “Neus Deutchland” ინტერვიუს დროს ისაუბრა.

მედოევის თქმით, “აღმოსავლეთ ოსეთი”, რომელშიც ის მოიაზრებს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიებს, მათ შორის, თრუსოს ხეობასა და კობს, მთელი ოსეთისათვის მტკივნეული პრობლემაა.

“პრობლემა ისტორიული აღმოსავლეთ ოსეთისა (თრუსოს ხეობა, კობი, გუდოს ხეობა), რომელიც საქართველოს კონტროლის ქვეშაა, ხანგრძლივია და ყოველწლიურად უფრო კომპლექსური ხდება. ეს მთელი ოსეთისთვის მტკივნეული საკითხია”, – ამბობს ის.

მისივე განცხადებით:

“რესპუბლიკის უმაღლესი ხელისუფლების, პერსონალურად რესპუბლიკის პრეზიდენტისა და მთელი ოსი ერის ნათელი პოზიციაა, რომ ადრე თუ გვიან, ეს ტერიტორიები ოსეთს დაუბრუნდება და იქ ოსები იცხოვრებენ!” – თქვა მედოევმა და დაამატა, რომ “სამხრეთ ოსეთის დიპლომატებმა არაერთ საერთაშორისო შეხვედრაზე, მათ შორის ჟენევის დისკუსიებზე, წამოწიეს ყაზბეგის რაიონში მცხოვრებთა პრობლემა”.

“საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის” დამფუძნებელი, ზურაბ აგლაძე, “ნეტგაზეთთან” საუბრისას ამბობს, რომ პერიოდულად, რუსეთი ამ თემით სპეკულირებს, რათა საქართველოს მის ხელში არსებული ბერკეტების შესახებ შეახსენოს.

ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ ამ შემთხვევაში, საკითხის წამოწევა საქართველოს მიერ ვენესუელის დროებით პრეზიდენტად ოპოზიციის ლიდერის აღიარებას უკავშირდება.

“ეს უსაფრთხოებასა და გეოპოლიტიკას ეხება. ეს არ არის უბრალოდ განცხადება. პერიოდულად, რუსები ამ თემას ამოატივტივებენ, რომ ასე ვთქვათ, ჩვენი მთავრობა ფორმაში ამყოფონ ხოლმე და შეახსენონ იმ ბერკეტებზე, რა პრობლემები შეიძლება გაუჩნდეს საქართველოს, რომ ერთგვარად დათმობა მოხდეს ჩვენი მხრიდან. ეს არახალია, რუსეთი ამას მიმართავს მას შემდეგ, რაც ბორდერიზაცია და ტერიტორიების მიტაცება ხდება…

სიმართლე გითხრათ, მნიშვნელოვან ნაბიჯებს მათი მხრიდან და იმას, რომ  ტერიტორიების მიტაცება მოხდეს, არ ველოდები. ეს უფრო, ალბათ, ფსიქოლოგიური ზეწოლის მეთოდია რუსეთის მხრიდან. ძალიან ცუდად დაემთხვა განცხადებები: როცა საქართველოს ხელისუფლებამ ვენესუელაში ოპოზიციური წარმომადგენელი ლეგიტიმურ პრეზიდენტად აღიარა, არ დააყოვნა მათმა განცხადებებმაც. ეს ერთგავრი გაფრთხილებაა, რომ თუ რუსეთის წინააღმდეგ წავალთ, შეიძლება ასეთი რაღაც მოხდეს”, – აღნიშნა მან.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი