თსუ-ში ჯერ არ იციან, 2020 წელს არჩევით საგნებს შორის იქნება თუ არა ზოგადი უნარების გამოცდა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჯერ არ იციან, არჩევით საგნებს შორის იქნება თუ არა ზოგადი უნარების გამოცდა 2020 წელს. უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ ნეტგაზეთს უთხრა, რომ ამ საკითზე მსჯელობა გაიმართება.

“მსჯელობის შედეგად უნივერსიტეტი მიიღებს გადაწყვეტილებას… ბევრი საგანია არჩევითი, მათ შორის, არის ზოგადი უნარები. ეს ჯერ პროექტია და ზოგად უნარებთან დაკავშირებით უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას,” – ამბობს შარვაშიძე.

ეროვნული გამოცდების ახალი მოდელის მიხედვით, 2020 წლიდან იცვლება ეროვნული გამოცდებზე ჩასაბარებელი აუცილებელი საგნების რაოდენობა. პროექტის მიხედვით, ეროვნულ გამოცდებზე ზოგადი უნარების გამოცდა სავალდებულო აღარ იქნება. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, აბიტურიენტებს კვლავინდებურად შეუზღუდავად შეეძლებათ აირჩიონ როგორც ტექნიკური, ასევე ჰუმანიტარული მიმართულების პროგრამები.

უნივერსიტეტებს ექნებათ უფლება, დაამატონ პროგრამის რელევანტური არჩევითი გამოცდა (ზოგადი უნარების გამოცდის ჩათვლით). პროგრამების პრიორიტეტებიდან გამომდინარე, მათ ასევე უფლება ექნებათ თავად განსაზღვრონ გადასალახავი ბარიერი თითოეული საგამოცდო საგნისათვის.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ვარადაშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან.