ახალი ამბები

თბილისის მერია საფეხმავლო ხიდების დემონტაჟს გეგმავს

30 იანვარი, 2019 •
თბილისის მერია საფეხმავლო ხიდების დემონტაჟს გეგმავს

მიმდინარე წელს თბილისში იგეგმება არსებული საფეხმავლო ხიდებიდან ნაწილის დემონტაჟი და მათ ნაცვლად შუქნიშნებით რეგულირებული ქვეითთა ერთდონიანი გადასასვლელების მოწყობა, – ამის შესახებ კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, დღესდღეობით ფეხით მოსიარულეთათვის საფეხმავლო ხიდებით სარგებლობა არაკომფორტული და არაპრაქტიკულია, ასევე, არ არის ადაპტირებული შშმ პირებისთვის.

დედაქალაქის მერმა მაგალითად მოიყვანა შარტავას ქუჩაზე, მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული საფეხმავლო ხიდი, რომელიც, მისი თქმით, უფუნქციოდ არის დარჩენილი.

კალაძე საფეხმავლო ხიდების შესახებ - ციტატა
“ჩვენ როდესაც ვახორციელებთ სარეაბილიტაციო სამუშაოებს, ძალიან დიდი ყურადღება ეთმობა ქვეითად მოსიარულეებისთვის განსაზღვრულ ადგილებს, მის მოწესრიგებას, ასევე, ზებრა- გადასასვლელებს. შესაბამისად, ამ სარეაბილიტაციო პროექტის ფარგლებში, რომელიც უკვე განხორციელდა და მომავალშიც განხორციელდება, მოგვიწევს არსებული საფეხმავლო ხიდების დემონტაჟი.

პირდაპირ ვთქვათ, ამ ხიდებზე საკმაოდ მოუხერხებელია ასვლა-ჩამოსვლა, არ არის ადაპტირებული შშმ პირებისთვის, რაც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. ჩვენ გვაქვს კარგი მაგალითი შარტავას ქუჩაზე, ზუსტად მერიის წინ. აქ ჯერ კიდევ არსებობს საფეხმავლო ხიდი, მაგრამ ის სრულიად უფუნქციოა. ჩემი თხოვნაა, ასეთი ხიდების დემონტაჟი განვახორციელოთ ყველა იმ ლოკაციაზე, სადაც ამის შესაძლებლობაა.

რა თქმა უნდა, ჩვენ სადაც შევდივართ და ვახორციელებთ სამუშაოებს, ყველგან მაქსიმალური ყურადღება ექცევა ქვეითად მოსიარულეების უსაფრთხოებას და კომფორტს, ზებრა- გადასასვლელებით და ყველაფრით. მინდა დავავალო ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურს და ქონების მართვის სააგენტოს, ერთობლივად დაიწყონ ამ ხიდების დემონტაჟი, სადაც უკვე შესაძლებელია.”

 

თბილისის მერმა ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურისა და ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელებს დაავალა, აღნიშნული მიმართულებით მუშაობა დაიწყონ.

კახა კალაძის თქმით, თბილისის მერიის მიერ დეკლარირებული პრიორიტეტების შესაბამისად, დედაქალაქის ქუჩები ქვეითთათვის, საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და ველოსიპედისტებისთვის უსაფრთხო და ხელმისაწვდომი უნდა გახდეს.

  • ქავერის ფოტო: გია ლასურაშვილი

ვრცლდ ამ თემაზე:

19 საფეხმავლო ხიდი, რომლის დემონტაჟსაც თბილისის მერია გეგმავს

მასალების გადაბეჭდვის წესი