ახალი ამბები

NDI-ის გამოკითხულთა უმეტესობის აზრით, საქართველოში დემოკრატია არ არის

30 იანვარი, 2019 •
NDI-ის გამოკითხულთა უმეტესობის აზრით, საქართველოში დემოკრატია არ არის

NDI-ის გამოკითხულთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ამჟამად საქართველოში დემოკრატია არ არის.

კითხვაზე, “თქვენი აზრით, საქართველოში ამჟამად არის დემოკრატია?” 43%-მა უპასუხა დიახ, 46%-მა – არა, ხოლო 11%-მა თქვა, რომ კითხვაზე პასუხი არ იცის.

წინა კვლევებთან შედარებით გაზრდილია იმ ადამიანების რაოდენობა, ვინც მიიჩნევს, რომ საქართველოში დემოკრატია არ არის. ამასთან, მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობისთვის – 92%-ისთვის მნიშვნელოვანია, დემოკრატიულ ქვეყანაში იცხოვროს. მხოლოდ 6% ამბობს, რომ ეს უმნიშვნელო ან სრულიად უმნიშვნელოა, 2%-მა კი კითხვაზე პასუხი არ იცის.

გამოკითხულთა უმრავლესობის, 53%-ის აზრით, საქართველოსთვის ყველაზე შესაფერისია დასავლური სტილის დემოკრატიული რესპუბლიკა. 11% ამბობს, რომ ქვეყნისთვის შესაფერისია სისტემა, რომელსაც ბევრი საერთო აქვს საბჭოთა სისტემასთან, მაგრამ უფრო დემოკრატიული და ბაზარზე ორიენტირებულია. 10%-ისთვის მისაღებია ყოფილი საბჭოთა კავშირის სისტემა; ასევე, 10%-ისთვის – ძლიერი ავტორიტარული სისტემა, რომელიც წესრიგს თავისუფლებაზე მაღლა აყენებს. მონარქია ან ავტოკრატია, სადაც მმართველობა თაობიდან თაობას გადაეცემა მისაღებია გამოკითხულთა 2%-ისთვის.

ყოფილი საბჭოთა კავშირის სისტემის მხარდაჭერა ყველაზე მაღალია (18%) 55+ ასაკობრივ კატეგორიაში, ძლიერ ავტორიტარულ სისტემას კი 13%-იანი მხარდაჭერა 18-34 წლის მოქალაქეებში აქვს.

გამოკითხულთა 28% მიიჩნევს, რომ მმართველობის კარგი ფორმაა ძლიერი ლიდერის ყოლა, რომელიც არ არის ანგარიშვალდებული/არ აგებს პასუხს პარლამენტის და ოპოზიციის წინაშე. 55%-ის აზრით, ეს ცუდი ფორმაა, ხოლო 17%-ს კითხვაზე პასუხი არა აქვს.

ამასთან, 36% მიიჩნევს, რომ ჩვენს ქვეყანაში არსებული პოლიტიკური სისტემა მთავრობის საქმიანობაზე საერთოდ არანაირი ზეგავლენის მოხდენის საშუალებას არ აძლევს. 30%-ის აზრით, არსებული სისტემა მცირე ზეგავლენის საშუალებას იძლევა; 14%-ის თქმით – დიდი, ხოლო 19%-მა კითხვაზე პასუხი არ იცის.

მასალების გადაბეჭდვის წესი