ახალი ამბები

ზურაბიშვილი: ვინც ვიზალიბერალიზაციის წესებს არღვევს, საკუთარი შვილების მომავალს ავნებს

29 იანვარი, 2019 • 2227
ზურაბიშვილი: ვინც ვიზალიბერალიზაციის წესებს არღვევს, საკუთარი შვილების მომავალს ავნებს

28 იანვარს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიუსელში სამუშაო ვიზიტი შეაჯამა და ვიზიტის შედეგების შესახებ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

სალომე ზურაბიშვილმა ბრიუსელში ვიზიტს მთლიანობაში პოზიტიური უწოდა და აღნიშნა, რომ საქართველოს მიმართ დადებითი განწყობები ევროკავშირსა და ნატო-ში სხვადასხვა ფორმით გამოიხატა.

პრეზიდენტის განცხადებით, უმაღლესი დონის შეხვედრები გაიმართა: ევროკავშირის მხრიდან ევროკომისიის თავმჯდომარესთან, ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარესთან, უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან, ფედერიკა მოგერინისთან, ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისარ იოჰანეს ჰანთან, ასევე მიგრაციის საკითხებზე პასუხისმგებელი კომისართან, ევროპარლამენტის თავმჯდომარესთან, ევროპარლამენტარებთან, სადაც ევროპარლამენტში შემავალი ყველა პოლიტიკური ძალები იყვნენ წარმოდგენილი.

როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, ნიშანდობლივია, რომ ბათუმში, საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც “აღმოსავლეთ პარტნიორობის” თანამშრომლობის ფორმატის 10 წლისთავს ეძღვნება, მონაწილეობის მზადყოფნა გამოთქვეს ევროკავშირის უმაღლესი თანამდებობების პირებმა: დონალდ ტუსკმა, ჟან კლოდ იუნკერმა და მიშელ ბარნიემ.

რაც შეეხება ტუსკს, იგი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ჩამოვა და თბილისში გამართული შეხვედრების შემდეგ, ბათუმში, კონფერენციის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას. სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველო ევროკავშირის ინტერესებში შედის და ძალიან დაფასებულია.

ბრექსიტის კრიზისისა და პოპულიზმების გაძლიერების ფონზე ჩვენ გვეძლევა მეტი საშუალება, წარმოვადგინოთ ჩვენი მოსაზრებები, რომ ვიყოთ უფრო პროაქტიულები, ვიდრე საერთოდ, და ეს კონფერენცია დავტვირთოთ. ერთი მხრივ, წარმოვაჩინოთ ათი წლის ჩვენი განვლილი გამოცდილება და, მეორე მხრივ, წარმოვადგინოთ ჩვენი ხედვა მომავლისა, თუ როგორი უნდა იყოს საქართველო – ევროკავშირის ურთიერთობები,“ – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მან ევროკავშირში ჩაიტანა ის განწყობა, რომელიც საქართველოს მოსახლეობას ევროკავშირისა და ნატო-ს წევრობასთან დაკავშირებით აქვს, რაც წლების განმავლობაში უცვლელია და რაც დღესაც დაადასტურა NDI- ის კვლევებმა.

“ევროკავშირში და ნატო-ში საქართველოს ინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებით ქვეყანაში მიღწეულია კონსენსუსი მთავარ პოლიტიკურ ძალებს შორის და საზოგადოებაში ამ საკითხზე განწყობა უცვლელი და დადებითია, იმის მიუხედავად, რომ ჩვენ უფრო ჩქარ პროგრესსა და უფრო მეტად გაბედულ ნაბიჯებს ველოდებით.

მესმის რა დღევანდელი რეალობა და ევროკავშირის შემაფერხებელი გარემოებები – ბრექსიტი და საპარლამენტო არჩევნები, ჩვენ უნდა ვიყოთ უფრო ამბიციურები, რადგან საქართველოს აქვს ყველა ის მონაცემები, რომ გადაიდგას უფრო სწრაფი და გაბედული ნაბიჯები ამ ინტეგრაციის პროცესში. რაც იმას ნიშნავს, რომ ევროკავშირი საქართველოში და საქართველო ევროკავშირში უფრო მეტად უნდა იყოს წარმოჩენილი“, – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა პრესკონფერენციაზე.

სალომე ზურაბიშვილის აზრით,  ევროკავშირმა საქართველოს უნდა შეუქმნას პირობები, რომ მაქსიმალურად გამოყენებული იყოს საქართველოს ის სტატუსი, რაც მას აქვს, როგორც მოწინავე, ასოცირების ხელშეკრულების მქონე ქვეყანას:

ეს ნიშნავს იმას, რომ მოლაპარაკებებისას უნდა მოვითხოვოთ, რომ სანამ ჩვენს წევრობაზე და კანდიდატობაზე იქნება საუბარი, საქართველო შეიყვანონ ყველა იმ ფორმატში, სადაც საქართველოს ადგილი აღიარებულია. მსგავსი მოდელები უკვე არსებობს, საგანმანათლებლო ფორმატების, “ერასმუსისა” და “ერასმუს +” -ის სახით, რაც ჩვენი განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.”

როგორც პრეზიდენტმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, ახლახან საქართველო ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელში შევიდა, რომლის საინვესტიციო გეგმა მიზნად ისახავს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნებში კავშირების გაძლიერებას, ეკონომიკური ზრდის წახალისებას და სატრანსპორტო კავშირების გაუმჯობესებას:

ამ ფორმატში თანამშრომლობისას კი სამუშაო ძალიან ბევრია. დღეს საქართველოში ვიზიტით იმყოფება ევროკომისიის ტრანსპორტისა და მობილობის გენერალური დირექტორი, სწორედ მასთან იქნება ბევრი სასაუბრო დიდი ხნის პროექტების შესახებაც, რაც არსებობს ბორნით გადაადგილებისა და გადაზიდვების გაადვილების მიმართულებით, რათა ისინი გადაიტანონ ამ საინვესიტიცო რუკაზე.”

პრეზიდენტის განცხადებით, საქართველო ასევე გაწევრიანდა ევროპოლში, მიუხედავად იმისა, რომ არ არის ევროკავშირის წევრი. ასეთი სხვა მაგალითები ბევრია: “ამიტომ ჩვენ უნდა ვიმუშაოთ, რომ წარვუდგინოთ ევროკავშირს ყველა ის მიმართულებები, რომლებშიც უფრო უშუალო მონაწილეობას მოვითხოვთ.”

სალომე ზურაბიშვილის თქმით, ეს ეხება ასევე უსაფრთხოების საკითხებსაც, სადაც მართლაც გვაქვს დიდი წვლილი შეტანილი: “საქართველო მონაწილეობს ცენტრალურ აფრიკასა და მალის მისიებში, რაც გვაძლევს უფლებას, ბევრად უფრო მეტი ადგილი მოვითხოვოთ ამ უსაფრთხოების დიალოგის ფარგლებში და ეს საკითხი ასევე განხილული იქნა მოგერინისთან შეხვედრისასაც.”

“თუ ჩვენ ახლავე ვერ გავხდებით ევროკავშირის წევრი, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ კულტურის სფეროში ვერ ვიქნებით ევროპის კულტურული ცხოვრების სრული წევრი. ამისთვის ჩვენ ყველა მონაცემი გვაქვს. ჩვენი მდიდარი კულტურა სწრაფად და დიდი დოზით უნდა შევიტანოთ ევროპაში და ამისთვის გვჭირდება მეტი ხელშემწყობი პროგრამები.

იყო შემოთავაზება, რომ ევროკავშირის პარლამენტში საქართველოს კვირეული გაიმართოს. ეს არის მხოლოდ ერთი სიმბოლური ღონისძიება და მსგავსი რამ ძალიან ბევრი სხვადასხვა მიმართულებით უნდა განხორციელდეს, რათა ჩვენი ადგილი დავიკავოთ ევროპაში, რაც ნიშნავს ჩვენი იდენტობის გატანას საზღვარგარეთ, რაც ჩვენი მოსახლეობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია”, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

კიდევ ერთი თემა, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი პრესკონფერენციაზე შეეხო, ბრიუსელში გამართული შეხვედრებისა და მოლაპარაკებებისას ვიზალიბერალიზაციის შედეგები იყო.

პრეზიდენტის განცხადებით, დღეს არსებული მონაცემებით, ვიზალიბერალიზაციით სულ სამასი ათასმა ადამიანმა ისარგებლა და იმოგზაურა ევროპაში. მისი თქმით, ეს არ არის იმით დაჩრდილული, რომ მოსახლეობის ნაწილი ვიზალიბერალიზაციით სარგებლობს იმ კუთხით, რომ არალეგალურად დარჩეს ევროპაში, ან მოითხოვოს თავშესაფარი.

“ეს არის პრობლემა, რომელზედაც ორმხრივად ვმუშაობთ ჩვენ და ევროკავშირი. ყველამ უნდა გაიაზროს ის, რომ ვინც არღვევს ამ წესებს და პრინციპებს, ვნებს მომავალს, თავის შვილებს, პირველ რიგში, რადგან საქართველოს მიერ მოპოვებული ეს უფლება ძალიან ძვირფასია. არავინ უნდა მისცეს თავის თავს უფლება, რომ ევროპაში თავისუფლად გადაადგილება კითხვის ქვეშ დააყენოს. დღეს ასე არ დგას ეს საკითხი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ უნდა ვიყოთ ფრთხილად,“ – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტის განცხადებით, აღნიშნული საკითხის მეორე მხარე არის მეტი ევროპა საქართველოში, ანუ ჩვენ ეკონომიურ სფეროში გვჭირდება ახალი ინსტრუმენტები, ევროკავშირის მხრიდან მეტი დახმარება და მეტი პროგრამები.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, ერთ-ერთი საკითხი, რომელიც შეხვედრებისას იყო განხილული და მის ინიციატივას წარმოადგენს, არის ასოცირებული ქვეყნებისთვის სპეციფიკური ინსტრუმენტის მინიჭების საკითხი.

პრეზიდენტის განცხადებით, ეს ადვილი არ არის, რადგან ეს ნიშნავს დამატებით რესურსს, მაგრამ ეს არის საბრძოლველი საკითხი. თუ გვინდა მეტი ევროპა, უნდა მეტი ვიბრძოლოთ. პრეზიდენტის აზრით, ასევე მეტი თანამშრომლობაა საჭირო ევროპასთან განათლების მიმართულებითაც. ამის შესანიშნავი მაგალითია საქართველოში გახსნილი ევროპული სკოლა, რომელიც უკვე ფუნქციონირებს და რომლისათვისაც შენობის აშენება ოქტომბერში დაიწყება და შემდეგ უკვე შეძლებს სრული დატვირთვით საქმიანობას.

პრეზიდენტმა ვიზიტის საკითხების შეჯამებისას ხაზი გაუსვა ისეთ თემებს, როგორიცაა ოკუპირებული ტერიტორიები და ის, თუ რა შეიძლება ევროკავშირმა გააკეთოს ამ მიმართულებით.

“მადლობელი ვართ, რომ გაგრძელდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატი. ვთხოვთ ამ მისიის ყველანაირად გაძლიერებას და თუ ჯერ ვერ ხერხდება მისი გაძლიერება, ამ საკითხის, როგორც ჩვენი სუვერენობის და ტერიტორიული მთლიანობის საკითხების მოხსენიებას თავიანთი შეხვედრებისას რუსეთთან და სხვა ქვეყნებთან”, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტის განცხადებით, ევროკავშირსა და ნატოში საუბარი შეეხო ასევე, ჟენევის ფორმატს, რომლის შენარჩუნებაც აუცილებელია, სანამ ჩვენ არ მივაღწევთ იმას, რომ უფრო პოლიტიკური, უფრო აქტიური, უფრო რეალურად ეფექტური ფორმატები მოვიფიქროთ.

“მანამდე აუცილებელია, რომ შენარჩუნებული იყოს ის ფორმატი, რომელიც დღეს ერთადერთია, რომელშიც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები მონაწილეობენ”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. საქართველოს პრეზიდენტმა ბრიუსელში, ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაში მისი მონაწილეობის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველო არის ის პირველი ქვეყანა, რომელიც ყველაზე მზადაა გაწევრიანებისთვის სამხედრო კუთხით, ყველა იმ პარამეტრით, რაც მოთხოვნადია გაწევრიანებისთვის.

ჩვენ პრაქტიკულად ვართ კართან, იმ კართან, რომელიც უნდა იყოს ღია. თუმცა რეალობა და ჯერჯერობით პოლიტიკური მოცემულობა ისეთია, რომ დღეს ალბათ ჯერ არ მივიღებთ მაპს, მაგრამ ამის მოთხოვნა ჩვენი მხრიდან მუდმივად უნდა ხდებოდეს. მაგრამ ამ პერიოდში არ შეიძლება, რომ ეს მოლოდინი იყოს მხოლოდ ადგილის ტკეპნა. ჩვენ გვჭირდება მეტი ნატო, მეტი უსაფრთხოება, მეტი თანამშრომლობა და ამ კუთხითაც არის მათი მზადყოფნა. მარტში, როგორც ვიცით, იმართება ნატო-საქართველოს დიდი წვრთნები, ჩამოვა ნატო-ს გენმდივანი და სამხედრო კომიტეტი და წლის მეორე ნახევარში ჩამოვა ჩრდილოატლანტკური საბჭო, რაც იმას ნიშნავს, რომ მთლიანად, მთელი ორგანიზაცია რაღაც მომენტში იქნება საქართველოში,“ – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისი აზრით, საქართველოს შეუძლია კიდევ მეტი თანამშრომლობა სხვადასხვა საკითხებში, პირველ რიგში კი, შავი ზღვის უსაფრთხოების თემაზე, და მისი როლია, შავ ზღვაზე, სადაც დღეს დაძაბული ვითარებაა, ორივე ორგანიზაციასთან თანამშრომლობით მეტი უსაფრთხოება შეიტანოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი