ახალი ამბებიკომენტარი

მისაღები გამოცდები უნდა იყოს ცოტა და უნდა გაიზარდოს უნივერსიტეტების ავტონომია – ჯანაშია

28 იანვარი, 2019 • 7875
მისაღები გამოცდები უნდა იყოს ცოტა და უნდა გაიზარდოს უნივერსიტეტების ავტონომია – ჯანაშია

გამოცდების ახალ მოდელს, რომელიც დღეს, 28 იანვარს, განათლების სამინისტრომ და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა წარადგინეს, განათლების ექსპერტი, სიმონ ჯანაშია აფასებს. ის მიესალმება გაცხადებულ ცვლილებებს, თუმცა მიიჩნევს, რომ სკოლის სწავლაზე ორიენტირებისა და უნივერსიტეტში მიღების სისტემის დახვეწისათვის მხოლოდ აღნიშნული ცვლილებები არ კმარა.

სიმონ ჯანაშიას მოსაზრებით, ამ დრომდე არსებული საგამოცდო მოდელი ხელს უშლიდა სკოლებს, ყურადღება მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო აქტივობებისათვის დაეთმოთ. მისი თქმით, გამოსაშვები და ეროვნული გამოცდებისათვის  მოსამზადებელ პერიოდში აბიტურიენტები საფუძვლიან ცოდნას ვერ იღებენ. ამასთან, ექსპერტის აზრით, შეუძლებელი იყო გამოსაშვები გამოცდების სამართლიანად ჩატარების კონტროლიც.

“მქონია შემთხვევები, როცა სკოლებისთვის შემითავაზებია, რომ ბავშვებს კლუბებს ჩამოვაყალიბებინებდი, მუზეუმებში ვატარებდი, საინტერესო კურსს გავუკეთებდი, მაგრამ პასუხი იყო ის, რომ ბავშვებს არ სცალიათ, რადგან ისინი გამოცდებისთვის ემზადებიან. ეს იყო ძალიან სამწუხარო. ამ გამოცდებისთვის დახარჯული დრო არის ფუჭად გადაყრილი დროც და ფულიც, რადგან რამდენიმე წლის შემდეგ არ ახსოვთ ის, რასაც სწავლობენ. ანუ, რასაც იძენენ გამოცდებისთვის, არ არის ის, რაც ცხოვრებაში გამოადგებათ, რაც დაეხმარებათ სოციალიზაციაში და ა.შ.

ჩვენ ვიცით ისიც, რომ გაიზარდა მოსწავლეების რიცხვი, რომელთა გაშვებაც დაიწყეს სკოლებმა მეცხრე კლასის შემდეგ, რათა არ ეჩვენებინათ, რომ მათ ჰყავთ მოსწავლეები, რომელთაც, შეიძლება, არ ჰქონდეთ დადებითი შედეგი გამოცდებზე…ესე იგი, იმისთვის, რომ დაემალათ საკუთარი წარუმატებლობა. სკოლები ამბობდნენ უარს საკუთარი ფუნქციის განხორციელებაზე, რადგან ჰქონდათ შიში ადმინისტრაციული დასჯისა და ა.შ.

ეს გამოცდები პრობლემური და უსამართლო იყო იმ თვალსაზრისითაც, რომ მისი ადმინისტრირება შეუძლებელი იყო. ზოგ სკოლაში შედარებით მარტივად ტარდებოდა, ზოგან – რთულად, ზოგან იწერდნენ ბავშვები, ზოგან დამკვირვებლებისთვის ფულს აგროვებდნენ, რომ საჭმელი ეყიდათ და ა.შ. საკმაოდ არასასიამოვნო პრაქტიკა დაინერგა”, – აცხადებს ის.

მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, სიმონ ჯანაშიას აზრით, გამოცდების შემცირება თუ გამარტივდება, სკოლის მოდელის გასაუმჯობესებლად საკმარისი არ არის. მისი თქმით, მაშინ, როცა ატესტატის გაცემის ბერკეტები სკოლის ხელში გადადის, უნდა გაუმჯობესდეს შიდა სასკოლო შეფასების სისტემაც:

“ეს [გამოცდების მოხსნა] უბრალოდ გვაბრუნებს იმ ვითარებაში, რაც გვქონდა 10 წლის წინ, როცა გამოცდები არ არსებობდა და რაღაც დროის განმავლობაში სკოლა თვითონ გასცემდა ატესტატს. ეს არ ნიშნავს იმას, რომ სკოლები უკეთ იყენებდნენ მაშინ თავისუფლებას.

ამ ბარიერის მოხსნის პარალელურად, სკოლები უნდა წახალისდნენ, რომ შიდა სასკოლო შეფასებების როლი გაიზარდოს, ერთი მასწავლებელი არ აფასებდეს მოსწავლეს და არსებობდეს სასკოლო შეფასებები. მაგ. საკურსოების, პროექტების, კონფერენციების, დისციპლინური გამოცდების სისტემები… ბევრია სამუშაო ამის პარალელურად, რომ სკოლა გაჯანსაღდეს”.

სიმონ ჯანაშია აკრიტიკებს გამოსაშვები გამოცდების ამ დროისათვის არსებულ სისტემასაც და მიაჩნია, რომ საფუძვლიანი ცოდნის მიღებაზე მეტად სისტემა ქულასა და დროის კონკრეტულ მომენტში საჩვენებელ შედეგზე ორიენტირდება.

“არცერთი გამოცდა მისაღებ გამოცდებზე არ ამოწმებს იმას, ვინ რა იცის. სულ რომ მაქსიმალური ქულა ჰქონდეს ადამიანს უნარების ტესტში, არ ნიშნავს იმას, რომ მას აქვს განსაკუთრებულად დახვეწილი ანალიზის უნარი, ლოგიკურად და რაციონალურად იღებს გადაწყვეტილებებს და ა.შ. ეს უბრალოდ აჩვენებს იმას, რომ მან აჯობა სხვებს ამ ქულით და გამოცდების ცენტრმა ასე გაანაწილა ქულები რაღაც შკალაზე.

უნარების გამოცდა ერთ-ერთი ყველაზე მიკერძოებული იყო სოციალური თვალსაზრისით. დედაქალაქში მცხოვრები აბიტურიენტების საშუალო ქულა ბევრად აღემატებოდა სხვა ქალაქებში მცხოვრებთა შედეგს, სხვა ქალაქებში მცხოვრებთა შედეგი კი – სოფლად სკოლადამთავრებულების საშუალო ქულას. ეს სისტემა ხელს უწყობს და ანარჩუნებს უთანაბრობას, არ იძლევა შესაძლებლობას, რომ ადამიანები გამოვიდნენ თავიანთი სოციალური პირობებიდან განათლების გზით”, – აცხადებს ის.

სიმონ ჯანაშიას აზრით, განათლების სრულყოფილი რეფორმისათვის აუცილებელია, ერთი მხრივ, სკოლისადმი მოთხოვნის, მეორე მხრივ კი – უნივერსიტეტის მუშაობის გამჭვირვალობის გაზრდა. მისი თქმით, უმაღლეს სასწავლებლებს უნდა მიეცეთ საშუალება, თავად შეიმუშაონ პროგრამები მათივე შერჩეული აბიტურიენტებისთვის.

“მისაღები გამოცდები უნდა იყოს, რაც შეიძლება, ცოტა და  უნდა გაიზარდოს უნივერსიტეტების ავტონომია, წინააღმდეგ შემთხვევაში, უნივერსიტეტები ვერასდროს ჩამოაყალიბებენ პროგრამებს, რომლებიც მათივე შერჩეულ აბიტურიენტებზე იქნება მორგებული; არამედ პროგრამები იქნება გათვლილი აბიტურიენტებზე, რომელთაც თავად შეარჩიეს უნივერსიტეტი. შესაბამისად, ვერ იქნება მოთხოვნები იმისთვის, რომ შემომსვლელებს ჰქონდეთ მაღალი ან მრავალმხრივი კომპეტენცია.

მნიშვნელოვანია, რომ ამ ავტონომიის გაზრდის დროს უნივერსიტეტებს დავეხმაროთ, შეისწავლონ საერთაშორისო პრაქტიკა. ნახონ, როგორ ითვალისწინებენ სხვა ქვეყნებში სკოლის გამოცდილებას: როგორი სკოლებიდან მოდიან, რა სოციალური წარმომავლობა აქვთ ამ მოსწავლეებს, როგორ ადასტურებენ თავიანთ კომპეტენციებს და ა.შ.

ეს გაზრდიდა სკოლის როლსაც.  ჩვენთან პრობლემა ისაა, რომ განათლების პოლიტიკის უმეტესობა ორიენტირებულია მიწოდებაზე: უკეთესი სახელმძღვანელოები, სხვა კურსები, ახალი საგნები, უკეთეს მასწავლებლებთან სწავლა და ა.შ. მაგრამ მათგან მოთხოვნის გაზრდაზე არაა ორიენტირებული. სანამ მოთხოვნა არ გაიზრდება სკოლებისადმი, რომ უკეთესი განათლების ხარისხი იყოს, რაც უნდა ეცადოს სახელმწიფომ, არაფერი შეიცვლება.

მაგალითად, როცა მოსწავლე ითხოვს სკოლისგან, რომ ჩამოაყალიბოს კლუბი, ან გაჩნდეს ლაბორატორია, რომელიც უნივერსიტეტის წინა საჭიროებიდან გამომდინარეობს. ესაა უკვე მოთხოვნა, როცა მოსწავლეები იკრიბებიან და სკოლისგან ითხოვენ უკეთესი ხარისხის განათლებას. ეს იქნებოდა გაჯანსაღება და არა ის, რომ გავუზარდოთ დრო, მივაწოდოთ უკეთესი სახელმძღვანელო და მერე ვიოცნებოთ იმაზე, რომ ბავშვებს ეს მოეწონებათ და უკეთ დაიწყებენ სწავლას”.

2020 წლიდან ზოგადი უნარების ჩაბარება სავალდებულო აღარ იქნება – სამინისტრო

მასალების გადაბეჭდვის წესი