ახალი ამბები

“სასამართლოს გადასარჩენად” ამ სახელწოდებით სასტუმრო რედისონთან აქცია გაიმართა

27 იანვარი, 2019 • 1425
“სასამართლოს გადასარჩენად” ამ სახელწოდებით სასტუმრო რედისონთან აქცია გაიმართა

“სასამართლოს გადასარჩენად” ამ სახელწოდებით სასტუმრო რედისონთან, სადაც მოსამართლეთა შერჩევის საკითხზე სამუშაო ჯგუფის შეხვედრა მიმდინარეობს, აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები იუსტიციის საბჭოს იმ წევრების გადადგომას ითხოვენ, რომლებმაც 24 დეკემბერს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 10 კანდიდატს მხარი დაუჭირეს.

ახალგაზრდა იურისტთან ასოციაციის თავმჯდომარე ნეტგაზეთთან საუბროსას ამბობს, რომ სანამ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ეს წევრები, საბჭოს არ დატოვებენ, მოსამართლეთა შერჩევის პროცედურებსა და კრიტერიუმებზე საუბარს აზრი არ აქვს.

“ამ ადამიანების ადგილი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არ არის. მეტიც მათი მნიშვნელოვანი ნაწილის ადგილი არც საერთო სასამართლოების სისტემაშია. ამიტომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია ხელისუფლება საუბრობდეს იმ ადამიანებთან, ვისთანაც საუბარი შეიძლება. და არა იმ ჯგუფთან, ვინც სასამართლო კლანის წევრია,”-ამბობს სულხან სალაძე.

„სამართლიანი არჩევნების” ხელმძღვანელის მიხეილ ბენიძის თქმით, საბჭოს იმ წევრებს, რომლებაც უვადოდ დასანიში მოსამართლეთა კანდიდატურები ყოველგვარი პროცედურის გარეშე დაასახელეს, მორალური უფლება არ აქვთ სამუშაო ჯგუფთან ერთად პროცედურებსა და კრიტერიუმების დაწესებაზე მსჯელობდეს.

“პროცედურის განსაზღვრაზე მომუშავე ჯგუფი, რომელიც დღეს სასტუმროშია შეკრებილი, რეალურად ამ ადამიანებს საერთო აზრი აქვთ. სამუშაო ჯგუფში არა იუსტიციის საბჭოს გარკვეული წევრები, არამედ  საზოგადოების ფართო ჯგუფები უნდა იყვნენ წარმოდგენილნი,”-ამბობს ბენიძე.

სასტუმროში მიმდინარე შეხვედრა, რომელსაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებთან ერთად, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრებიც ესწრებიან, პარლამენტის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს.

შეხვედრის დაწყებამდე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლევან გოგიჩაიშვილმა განაცხადა, რომ პარლამენტის თავმჯდომარე სამუშაო ჯგუფის წევრებს გააცნობს იმ გადაწყვეტილებას, რაც უმრავლესობის სხდომაზე მიიღეს. ამ გადაწყვეტილებით 2024 წლამდე სასამართლოში უვადოდ დანიშვნის პროცესი გადაიდება. გოგიჩაიშვილის თქმითვე, მომავალში მოსამართლეთა შერჩევის პროცესმა საბჭოდან პარლამენტში უნდა გადაინაცვლოს და საბჭოს მხოლოდ მოსამართლეთა წარდგენის ფორმალური ფუნქცია დარჩება.

“პროცედურის მიხედვით, ჩატარდება კონკურსი, რომელშიც მონაწილეობას სხვადასხვა ადამიანები მიიღებენ. პროცესის დასრულების შემდეგ კადიდატებს იუსტიციის საბჭო პარლამენტს დასამტკიცებლად წარუდგენს. ეს კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში არ მოდის. მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმები კანონით განისაზღვრება. საბჭო შეადარებს კანდიდატი რამდენად შეესაბამება კანონით წინაწარ განსაზღვრულ კრიტერიუმებს და ამის შემდეგ უკვე შერჩეულ კანდიდატს პარლამეტს წარუდგენს,”-ამბობს გოგიჩაიშვილი.

უვადოდ მოსამართლეთა დანიშვნის გადავადების პროცესი არ მოსწონს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს დიმიტრი გვრიტიშვილს. როგორც მან ნეტგაზეთს უთხრა მოსამართლეთა უვადოდ გამწესების პროცესზე მორატორიუმის გამოცხადების საკანონმდებლო საფუძველი არ არსებობს.


იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 24 დეკემბერს გამართულ სხდომაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 10 კანდიდატი დაასახელა. კანდიდატების სია პარლამენტს დასამატკიცებლად გაეგზავნა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები არიან:

  • მიხეილ ჩინჩალაძე;
  • გიორგი მიქაუტაძე;
  • მარიამ ცისკაძე;
  • ნინო ქადაგიძე;
  • პაატა სილაგაძე;
  • დიმიტრი გვრიტიშვილი;
  • მერაბ გაბინაშვილი;
  • ნინო სანდოძე;
  • თამარ ალანია;
  • გიორგი ტყავაძე.

21 იანვარს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებმა განცხადება გაავრცელეს და პარლამენტს სთხოვეს, მათი კანდიდატურების განხილვას შემდგომი მსვლელობა არ მიეცეს.

ამ მოვლენებს წინ უძღოდა არასამთავრობო ორგანიზაციების, მმართველი პარტიის დეპუტატებისა და საზოგადოების ნაწილის კრიტიკა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ შერჩეული კანდიდატების მიმართ.

მასალების გადაბეჭდვის წესი