ახალი ამბები

რუსეთის დაქირავებული სამხედრო კონტრაქტორები ვენესუელაში მადუროს დასაცავად ჩავიდნენ – როიტერი

25 იანვარი, 2019 • 1678
რუსეთის დაქირავებული სამხედრო კონტრაქტორები ვენესუელაში მადუროს დასაცავად ჩავიდნენ – როიტერი

ვენესუელაში,  ოპოზიციის მასშტაბური აქციების ფონზე, პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს დასაცავად ჩავიდნენ პირადი სამხედრო კონტრაქტორები, რომლებიც რუსეთისათვის საიდუმლო მისიებს ასრულებენ. ამის შესახებ Reuters საკუთარ ორ წყაროზე დაყრდნობით იტყობინება.

სააგენტო ასევე ციტირებს კონტრაქტორებთან კავშირში მყოფ კაზაკების ადგილობრივი პარამილიტარული შენაერთის ლიდერს, ევგენი შაბაიევს, რომელიც აცხადებს, რომ ჯგუფი ვენესუელაში კვირის დასაწყისში ჩავიდა. მისი ცნობით, ამჟამად იქ 400-მდე რუსი კონტრაქტორი იმყოფება.

“მაგრამ სხვა წყაროები უფრო მცირე ჯგუფებზე საუბრობენ”, – წერს Reuters.

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა და ვენესუელის ინფორმაციის მინისტრმა ქვეყანაში რუსი კონტრაქტორების შესაძლო ყოფნის შესახებ კითხვებს არ უპასუხეს, თუმცა კრემლის სპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა სააგენტოს უთხრა, რომ ასეთი ინფორმაცია არ აქვს.

Reuters-ის ცნობით, ზემოაღნიშნული კონტრაქტორები ასოცირებულნი არიან ე.წ. ვაგნერის ჯგუფთან, ძირითადად, არმიის ყოფილი წევრებისაგან დაკომპლექტებულ შენაერთთან, რომელიც მანამდე სირიასა და უკრაინაში რუსული ძალების მხარეს საიდუმლოდ იბრძოდა.

რუსეთის მთავრობამ, რომელიც ვენესუელის პრეზიდენტს ღია მხარდაჭერას უცხადებს, მიმდინარე კვირაში პირობა დადო, რომ გვერდით დაუდგება მას. მოსკოვმა აშშ ვენესუელაში ძალაუფლების უზურპაციაში დაადანაშაულა მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპმა ქვეყნის ოპოზიციის ლიდერი და ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტი დროებით პრეზიდენტად აღიარა.


ვენესუელაში ნიკოლას მადუროს პრეზიდენტის პოსტიდან გადადგომის მოთხოვნით მასშტაბური საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტმა ხუან გუაიდომ, რომელიც ოპოზიციის აქციის ორგანიზატორია, 23 იანვარს თავი მოქმედ პრეზიდენტად გამოაცხადა.

პირველი ქვეყანა, რომელმაც ხუან გუაიდოს, როგორც გარდამავალ პერიოდში პრეზიდენტის, ლეგიტიმაცია ცნო, ამერიკის შეერთებული შტატები იყო. ამის შემდეგ ოპოზიციის ლიდერი დროებით პრეზიდენტად აღიარეს კანადამ, ლათინური ამერიკის ქვეყნებმა, მხარდამჭერი განცხადება გააკეთა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა. გუაიდო დროებით პრეზიდენტად აღიარა საქართველომაც. რაც შეეხება რუსეთს, თურქეთსა და ჩინეთს, ისინი ვენესუელის პრეზიდენტანდ მადუროს უჭერენ მხარს. პრეზიდენტისადმი ლოიალური რჩება ქვეყნის არმიაც.

2013 წელს გაპრეზიდენტების შემდეგ ნიკოლას მადუროს ადანაშაულებენ ადამიანის უფლებების დარღვევაში. ქვეყანა ეკონომიკურ კრიზისშია. ბოლო არჩევნებს კი, რომლის შედეგადაც ის ქვეყნის მმართველად დარჩა, გაყალბებულად მიიჩნევენ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი