ქარტია ერაძის სახლზე სროლის დროულ გამოიძებასა და განმარტებას ითხოვს

“რუსთავი2”-ის ჟურნალისტის, დავით ერაძის სახლზე სროლას საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ეხმაურება.

ორგანიზაცია სამართალდამცავ უწყებებს დროული გამოძიებისაკენ მოუწოდებს და ასევე ითხოვს, განემარტოს საზოგადოებას, უკავშირდება თუ არა მომხდარი დავით ერაძის ჟურნალისტურ საქმიანობას.

“სწორედ მან[დავით ერაძემ] მოიპოვა კადრები, სადაც ასახულია ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტსა და მოჭიდავეს შორის კონფლიქტი. მასალის ეთერში გასვლის შემდეგ კი ფედერაციის პრეზიდენტი დააკავეს”, – აღნიშნულია განცხადებაში.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადებით,  “მნიშვნელოვანია, ჟურნალისტები დაცულად გრძნობდნენ თავს და შეუფერხებლად ახორციელებდნენ პროფესიულ საქმიანობას”.

“ყოველი გაჭიანურებული გამოძიება ახალისებს ძალადობას ქვეყანაში და ხელს უწყობს მედიის წარმომადგენლების მიმართ აგრესიის ზრდას. ამიტომაც უმნიშვნელოვანესია, გამოძიება გამჭვირვალედ წარიმართოს და საზოგადოებამ მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია მომხდართან დაკავშირებით”, – აცხადებს ორგანიზაცია.

რუსთავი 2-ის ინფორმაციით, ტელეკომპანიის ჟურნალისტის, დავით ერაძის საცხოვრებელ სახლს დღეს, 25 იანვარს ესროლეს. ტელეარხის ცნობით, სროლის შედეგად დაზიანებულია სახლის კარი.

ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება დაიწყო სსკ-ს 236-ე მუხლით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიხეილ გვაძაბია არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან