ახალი ამბები

თალაკვაძე: ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა, რომ პროცესი სამუშაო რეჟიმში ბრუნდება

24 იანვარი, 2019 • 1087
თალაკვაძე: ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა, რომ პროცესი სამუშაო რეჟიმში ბრუნდება

“ქართული ოცნების” დეპუტატი არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ უმრავლესობის 24 იანვრის სხდომაზე გუნდიდან რომელიმე დეპუტატის გარიცხვასთან დაკავშირებით განხილვა არ მომხდარა.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილის დამსახურებით, შეხვედრა კონსტრუქციულ გარემოში გაიმართა და პროცესები სამუშაო რეჟიმში ბრუნდება:

“სწორედ ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა ისიც, რომ მან, როგორც პარტიის თავმჯდომარემ და ჩვენი გუნდის ლიდერმა, სწორედ ის უზრუნველყო, რომ შეხვედრა ძალიან კონსტრუქციულ გარემოში, ასევე, ყველა თუნდაც განსხვავებული აზრის განხილვით, გაჟღერებით და შეჯერებით წარმართულიყო. მე ვფიქრობ, მან კიდევ ერთხელ ძალიან დიდი როლი ითამაშა იმაში, რომ პროცესი ბრუნდება ნორმალურ სამუშაო რეჟიმში”, – თქვა დეპუტატმა.


ეკა ბესელიამ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტის დატოვების შესახებ 2018 წლის 27 დეკემბერს განაცხადა და მთავარ მოტივად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ დასამტკიცებლად 10-კაციანი სიის წარდგენა დაასახელა. ბესელიას თქმით, ის არ დაუშვებდა ამ ადამიანების უვადო მოსამართლეებად დანიშვნას, რადგან ისინი “მიხეილ სააკაშვილის რეჟიმს” ემსახურებოდნენ.

მიღებული გადაწყვეტილების გამო ეკა ბესელია გუნდურობის დარღვევაში დაადანაშაულა “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა. მან თქვა, რომ რეალურად, ეკა ბესელიას კომიტეტის თავმჯდომარეობიდან წასვლა გაცილებით ადრე იყო გადაწყვეტილი და მოსამართლეთა სიას არ უკავშირდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი