საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ეკა ბესელიას თქმით, დღეს, 24 იანვარს გამართულ პარტიის შეხვედრაზე, რომელსაც ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა, მისი პარტიიდან გარიცხვის საკითხი არ განუხილავთ.
“კითხვები გარიცხვაზე, პარტიიდან წასვლაზე-მოსვლაზე საერთოდ არ დასმულა. მე გთხოვთ, ასე ნუ დაამცრებთ, ნუ დააპატარავებთ ამ მნიშვნელოვან პროცესს, რადგან ეს ყველაფერი აქამდე არ დადის. ეს არ არის ის რაც ერთმანეთს უნდა ვაკადროთ. ეს არც განიხილება, ამიტომ ამაზე არ შევჩერდები,”-აცხადებს ბესელია.
მისივე თქმით, სხდომაზე მთავარი საკითხი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცედურა იყო. ბესელია განმარტავს, რომ მისი პირადი პოზიციაა, შერჩევის პროცესში პარლამენტი აქტიურად იყოს ჩართული.
“მე მაქვს იგივე პოზიცია ამ სიასთან დაკავშირებით. რაც შეეხება არგუმენტებს, როგორ უნდა წარიმართოს ეს პროცესი [მოსამართლეთა შერჩევა], რა კრიტერიუმები უნდა იყოს, ამაზე ჩვენ მსჯელობას გავაგრძელებთ. პირადად ჩემი პოზიცია არის, რომ შერჩევის პროცესი მაქსიმალურად პარლამენტში გადმოვიდეს”,-ამბობს ეკა ბესელია.
ეკა ბესელიამ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტის დატოვების შესახებ 2018 წლის 27 დეკემბერს განაცხადა და მთავარ მოტივად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ დასამტკიცებლად 10-კაციანი სიის წარდგენა დაასახელა. ბესელიას თქმით, ის არ დაუშვებდა ამ ადამიანების უვადო მოსამართლეებად დანიშვნას, რადგან ისინი “მიხეილ სააკაშვილის რეჟიმს” ემსახურებოდნენ.
მიღებული გადაწყვეტილების გამო ეკა ბესელია გუნდურობის დარღვევაში დაადანაშაულა “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა. მან თქვა, რომ რეალურად, ეკა ბესელიას კომიტეტის თავმჯდომარეობიდან წასვლა გაცილებით ადრე იყო გადაწყვეტილი და მოსამართლეთა სიას არ უკავშირდება.