ახალი ამბები

ინტერპოლით ძებნილი ბრიტანეთის მოქალაქე საქართველოში პოლიციას ჩაბარდა

23 იანვარი, 2019 • 3010
ინტერპოლით ძებნილი ბრიტანეთის მოქალაქე საქართველოში პოლიციას ჩაბარდა

ბრიტანეთის მოქალაქე ჯეკ შეპარდი, რომელსაც ბრიტანეთის პოლიცია თვეებია ეძებს, საქართველოს პოლიციას ჩაბარდა.

31 წლის შეპარდს 2018 წლის ივლისში დაუსწრებლად მიუსაჯეს 6-წლიანი პატიმრობა სიცოცხლის არაგანზრახ მოსპობისა და გულგრილობის ბრალდებით.

შეპარდმა ბრიტანეთი მარტში დატოვა. BBC-ის წყაროს ინფორმაციით, იგი მას შემდეგ თბილისში იმყოფებოდა.

BBC ლონდონში საქართველოს საელჩოზე დაყრდნობით წერდა, რომ შსს ბრიტანეთის საგამოძიებო უწყებებთან უკვე იყო კონტაქტში.

ბრიტანეთში მიმდინარე გამოძიების თანახმად, შეპარდმა გაცნობის საიტზე გაიცნო 24 წლის მის ბრაუნი, რომელთან ერთადაც 2015 წლის 8 დეკემბერს წავიდა პაემანზე; შეპარდმა იმავე საღამოს წაიყვანა ბრაუნი კატერით გასასეირნებლად მდინარე ტემზაზე.

როგორც თვითონ შეპარდი იხსენებს, თავდაპირველად საჭესთან ის იდგა, თუმცა ცოტა ხანში საჭე ბრაუნს დაუთმო, რადგან შამპანური ჰქონდა დალეული. საქმის პროკურორმა მისი ეს გადაწყვეტილება “ნამდვილ სიგიჟედ” შეაფასა. კატერი მალევე შეეჯახა მდინარეში არსებულ ნარჩენებს, რის შედეგადაც ორივენი მდინარეში გადაცვივდნენ. ბრაუნი წყლიდან უკვე გარდაცვლილი ამოიყვანეს.

შეპარდი სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის ბრალდებითაა დამნაშავედ ცნობილი, თუმცა ვერდიქტის გასაჩივრების უფლება აქვს.

“იმედი მაქვს, სიმართლე დადგინდება და ჩემი სააპელაციო სარჩელი წარმატებით დასრულდება”, – ამბობს იგი რუსთავი2-თან საუბრისას.

ტელეკომპანია რუსთავი2 ავრცელებს კადრებს, სადაც ჩანს, როგორ ბარდება ბრალდებული შსს-ს. ამჟამად, შსს-ს ცნობით, მიმდინარეობს კანონით გათვალისწინებული წინასაექსტრადიციო პროცედურები.

მასალების გადაბეჭდვის წესი