ახალი ამბები

საპენსიო რეფორმის გამო GPB-მა, შესაძლოა, თანამშრომლებს დაზღვევა აღარ დაუფინანსოს – კაკაბაძე

23 იანვარი, 2019 • 3562
საპენსიო რეფორმის გამო GPB-მა, შესაძლოა, თანამშრომლებს დაზღვევა აღარ დაუფინანსოს – კაკაბაძე

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის, ნინია კაკაბაძის თქმით, საპენსიო რეფორმის გამო GPB-მ, შესაძლოა, თანამშრომლებს ჯანმრთელობის დაზღვევა აღარ დაუფინანსოს.

როგორც ბორდის წევრი “ნეტგაზეთთან” საუბრისას ამბობს, საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტმა თანამშრომლებს განუცხადა, რომ 320 000 ლარი, რომელიც ყოველწლიურად თანამშრომლებისთვის ჯანმრთელობის დაზღვევის მინიმალური პაკეტის დაფინანსებისთვის იხარჯებოდა, ახლა საპენსიო ფონდში უნდა გადაირიცხოს და დაზღვევისთვის მაუწყებელს თანხა აღარ აქვს:

“აქამდე იყო ასე, მინიმალური პაკეტის ღირებულებას, რაც იყო 20 ლარი, იხდიდა ტელევიზია. ზოგი თანამშრომელი იტოვებდა ამ პაკეტს, ზოგი ამატებდა კიდევ თანხას საკუთრი ხელფასიდან და ჰქონდა ნორმალური დაზღვევა. ახლა ამბობენ, რომ ამ მინიმალურ პაკეტს მაუწყებელი ვეღარ დააფინანსებს და თანამშრომლებს სთავაზობენ, თავად დაფარონ დაზღვევის ხარჯები, რაზეც უმეტესობა არ თანხმდება”, – ამბობს კაკაბაძე “ნეტგაზეთთან”.

მისი თქმით, სადაზღვეო მომსახურების გაგრძელებისთვის 700 ხელმოწერაა საჭირო. კაკაბაძის განმარტებით, თანამშრომლების ნაწილი აცხადებს, რომ დაზღვევის ხარჯებს დაბალი შემოსავლის გამო თავად ვერ გადაიხდიან, ნაწილი კი მათ სოლიდარობას უცხადებს. ამის გამო ხელმოწერების შეგროვება ვერ ხერხდება:

“პირდაპირ ამბობენ, რომ ჩვენ გაგვეზარდა ხარჯები საპენსიო ფონდის გამო, 320 000 ყოვეწლიურად უნდა ვიხადოთ საპენსიო ფონდში და აღარ რჩება საკმარისი ფინანსები, რომ დაზღვევა ავანაზღაუროთო. აქამდე ეს 20-ლარიანი პაკეტი რომ ჰქონდათ, რომელსაც საზოგადოებრივი მაუწყებელი იხდიდა, ზუსტად 320 000 იხარჯებოდა წელიწადში, ახლა კი ეს თანხა მიდის მთლიანად საპენსიო ფონდში

ამ შემთხვევაში ბორდის პოზიცია ერთიანია და ყველა ამბობს, რომ თუ მოინდომებ, ამ ფინანსების მოძიება სრულიად შესაძლებელია”, – ამბობს საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრი.

ნინია კაკაბაძის თქმით, ამჟამად მაუწყებლის თანამშრომლებს დაზღვევა მარტამდე აქვთ. ამ საკითხზე შეხვედრა მაუწყებლის მენეჯმენტთან დღესაც გაიმართა. როგორც კაკაბაძე ამბობს, დღევანდელ შეხვედრაზე ბორდის წევრები და მენეჯმენტი შეთანხმდნენ, რომ 10 დღის ვადაში მენეჯმენტმა ბორდს საბოლოო პასუხი უნდა უთხრას, გროვდება თუ არა საჭირო რაოდენობის ხელმოწერები.

“ნეტგაზეთი” საზოგადოებრივ მაუწყებლის მედიისა და კომუნიკაციის ბლოკის დირექტორს, თინათინ ბერძენიშვილს დაუკავშირდა. ბერძენიშვილმა გვითხრა, რომ რადგან მოლაპარაკების პროცესი არ დასრულებულა და პროცესი გრძელდება, ამ ეტაპზე მაუწყებლის მენეჯმენტი ამ საკითხის კომენტირებისგან თავს იკავებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი