სილქნეტი გაძვირებულ ტარიფებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც კომპანიაში აცხადებენ, მიმდინარე პროექტებისთვის შესყიდვებს უცხოურ ვალუტაში ახორციელებენ, შემოსავლები ადგილობრივ ვალუტაში აქვთ და ბოლო წლებში სავალუტო დევალვაციის მიუხედავად ბაზარზე ფასებს ინარჩუნებს:
“სილქნეტის მიერ განხორციელებული ათობით მილიონი დოლარის ინვესტიციების შედეგად, კომპანიას მიეცა საშუალება, მთელი ქვეყნის მასშტაბით მომხმარებლებისთვის შეეთავაზებინა მათ მოთხოვნებზე ორიენტირებული და გაუმჯობესებული ახალი სერვისები.
კომპანიის მიერ ჩატარებული მასშტაბური სამუშაოების შედეგად, საგრძნობლად გაუმჯობესდა 4,5G მობილური ინტერნეტის დაფარვის ზონა და ხარისხი მთელ ქვეყანაში. კომპანია ასევე მასობრივად ავითარებს ოპტიკურ ქსელს თბილისსა და რეგიონებში, რაშიც დამატებით მილიონობით დოლარი იხარჯება ყოველწლიურად. ამასთანავე, სილქნეტი აგრძელებს ინვესტირებას სატელევიზიო კონტენტის და პროგრამირების გაუმჯობესების კუთხით, რათა მომხმარებელს კიდევ უფრო მრავალფეროვანი სპორტული, კინო და შემეცნებითი გადაცემები შესთავაზოს, რაშიც ასევე ათობით მილიონი იხარჯება ყოველწლიურად.
გაერთიანებული კომპანიის ფარგლებში, ასევე, მიმდინარეობს მრავალ მილიონდოლარიანი პროექტი პროგრამული უზრუნველყოფის მიმართულებით, რაც აგრეთვე მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს აბონენტთა მომსახურებას, გაამარტივებს მომსახურების პროცესს და საშუალებას მისცემს აბონენტებს, ახალი ინოვაციური პროდუქტები და დამატებითი სერვისები მიიღონ”, – წერია განცხადებაში.
სილქნეტში აცხადებენ, რომ განახლებული პაკეტირებისას მოხდა როგორც მობილური, ისე ფიქსირებული ინტერნეტ-პაკეტების მოცულობების გაზრდა და დამატებით შეიქმნა ახალი, კონვერგენტული პროდუქტი სილქ+ (ფიქსირებული და მობილური პროდუქტების ერთ პაკეტად შეთავაზება), რაც მომხმარებლებს თანხების მნიშვნელოვნად დაზოგვის საშუალებას აძლევს:
“შედეგად, მცირდება 1მბ მოხმარებული ინტერნეტის ღირებულებაც. მაგალითისთვის, 10მბ ინტერნეტი ღირდა 26 ლარი, ხოლო ახალი პაკეტის მიხედვით 20მბ ინტერნეტი 30 ლარი ეღირება რაც 1მბ-ის ღირებულებას 2,6 ლარიდან 1,5 ლარამდე ამცირებს.
სილქნეტს უკვე ჰქონდა კომუნიკაცია მარეგულირებელ კომისიასთან და უახლოეს დღეების განმავლობაში გაივლის კონსულტაციებს, რომ მოხდეს აღნიშნული საკითხების განხილვა საქართველოს მოსახლეობის ინტერესების დაცვითა და სილქნეტის კომერციული ინტერესების გათვალისწინებით.
ამასთან, ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ არანაირ სახის გარიგებას ან შეთანხმებას სხვა კომპანიასთან ადგილი არ ჰქონია და სილქნეტი კანონის სრული დაცვით მოქმედებს”, – წერია განცხადებაში.
მაგთი და ჯეოსელი მომხმარებლებს სააბონენტო გადასახადს გადაახდევინებენ. მნიშვნელოვნად იზრდება ჯეოსელის “მეტი S”-ის და მაგთის “მარტივი 25” -ის ღირებულება. ამ უკანასკნელის ღირებულება 25 -ის ნაცვლად 30 ლარი იქნება.
ვრცლად ამ თემაზე წაიკითხეთ:
ჯეოსელისა და მაგთის ზოგიერთი პაკეტის საფასური იზრდება და სააბონენტო გადასახადი წესდება