ახალი ამბები

შანტაჟის ენით ესაუბროს იმას, ვისთანაც გასდიოდა – კალაძე ვაკის პარკში სასტუმროს მშენებელზე

23 იანვარი, 2019 • 2860
შანტაჟის ენით ესაუბროს იმას, ვისთანაც გასდიოდა – კალაძე ვაკის პარკში სასტუმროს მშენებელზე

კახა კალაძე ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ აკეთბს განცხადებას და ინვესტორს მიმართავს, რომ “შანტაჟის ენით ესაუბროს იმას, ვისთანაც აქამდე გასდიოდა.”

დედაქალაქის მერმა თბილისის მთავრობის სხდომა გიგი უგულავას კრიტიკით დაიწყო, რომელმაც რამდენიმე დღის წინ კალაძის მაგივრად მოუხადა მოსახლეობას ბოდიში.

როგორც კალაძემ დღეს განაცხადა, უგულავას სხვა ბევრ რამეზე აქვს ბოდიში მოსახდელი, მათ შორის, ვაკის პარკში და ქალაქისთვის მნიშვნელოვან სხვა ტერიტორიებზე მშენებლობების ნებართვის გაცემისთვის.

გიგი უგულავას შემდეგ თბილისის მერმა ინვესტორიც გააკრიტიკა, რომელიც ვაკის პარკში სასტუმროს აშენებას წლებია გეგმავს. კახა კალაძე ამბობს, რომ დედაქალაქის მერია კატეგორიულია და ყველაფერს გააკეთებს, რათა გამწვანებულ ადგილებში მშენებლობები არ დაიწყოს.

პირდაპირ ვიტყვი, რომ ჩემთვის ბატონი უგულავა არის კორუმპირებული და ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორი არ უნდა იყო ქალაქის მერი.

მეორე მნიშვნელოვანი საკითხია ინვესტორი, რომელთანაც გვქონდა შეხვედრა რამდენიმე დღის წინ. ნუ, ეს კიდევ ცალკე ისტორიაა – პირდაპირ გამოდის და საუბრობს, თითქოს მას ხელებს ვუგრიხავთ. ვერც ერთ მაგალითს მოიყვანს, რომ ვინმესთვის ხელები გადაგვეგრიხა და არასწორად მოვქცეულიყავით. ჩვენთვის, რა თქმა უნდა, ქალაქის და თბილისელების ინტერესები არის პირველი და არასდროს ინვესტორს ისე არ მოვექცევით, რომ კანონის ფარგლებიდან გავიდეთ. ჩვენთვის თითოეული ცენტის ინვესტიცია არის მნიშვნელოვანი; კარგად გვესმის, რამდენად მნიშვნელოვანია ეკონომიკური განვითარებისთვის, ადამიანების დასაქმებისთვის და ა.შ. თუმცა შანტაჟის ენით საუბარი კატეგორიულად მიუღებელია და ამ პატივცემულმა ინვესტორმა, ვისთანაც აქამდე გასდიოდა შანტაჟის ენით საუბარი, ისევ იმას ესაუბროს.

ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია ამ შენობა-ნაგებობის განთავსება ქალაქის უმნიშვნელოვანეს მწვანე სივრცეში, ვაკის პარკში. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ყველა ბერკეტს გამოვიყენებთ და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ვაკის პარკში მშენებლობა არ დავუშვათ, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის ყოფილმა მერმა, გიგი უგულავამ კახა კალაძის კრიტიკას ბრიფინგზე უპასუხა და ამჟამინდელ მერს მოუწოდა გამოვიდეს მისი ჩრდილიდან: “ნუ მეზომება, ნუ მეტოლება. თუ რამე კარგს გააკეთებს, მე მხოლოდ გამიხარდება.”

  • მე ვიცავ ვაკის პარს! – ამ სახელწოდებით 27 იანვარს საპროტესტო აქცია გაიმართება, რომლის ორგანიზატორიც გახლავთ პარტიზანული მებაღეობა.

აქციის მონაწილეები სპორტის სასახლესთან აპირებენ შეკრებას და ინვესტორის ოფისიდან მერიის შენობამდე ცოცხალი ჯაჭვის შექმნას აპირებენ.

ვაკის პარკში სასტუმრო ბუდაპეშტის მშენებლობის საკითხი ამ დრომდე გაურკვეველია. ინვესტორი მშენებლობის დაწყების უფლებას ითხოვს, მერია ამბობს, რომ ამის წინააღმდეგია, თუმცა “მყარი სამართლებრივი არგუმენტები არ აქვს”. მერიის ამ პოზიციას არ ეთანხმებიან გარემოსდამცველები, რომლებიც ფიქრობენ, რომ ასეთი არგუმენტები არსებობს და ქალაქის ხელმძღვანელობას მარტივად შეუძლია მშენებლობის არდაშვება.

ვრცლად:

გაურკვევლობა ვაკის პარკში – აშენდება თუ არა სასტუმრო “ბუდაპეშტი”

მასალების გადაბეჭდვის წესი