საპარლამენტო უმცირესობის ინფორმაციით, ევროსაბჭომ ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიას დაუჭირა მხარი. ევროპული საქართველოს ინიციატივა საპარლამენტო ასამბლეაზე დავით ბაქრაძემ წარადგინა.
“ჩვენ დავპირდით საზოგადოებას, ტატუნაშვილის და ოთხოზორიას ოჯახებს, რომ მკვლელები საერთაშორისო სასამართლოს წინაშე წარმდგარიყვნენ. საერთაშორისო სამართლებლივი ზომების და სანქციებიეს გამოყენებით მშვიდობიანი მოსახლეობის გატაცებაში, წამებასა და მკვლელობაში ბრალდებული პირები ვერ უნდა ახერხებდნენ თავისუფლად გადაადგილებას. ევროპარლამენტის და აშშ-ის კონგრესის შემდეგ უკვე ევროსაბჭომ მიიღო რეზოლუცია, რომელშიც მხარდაჭერილია ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია და მხარდაჭერილია ყველა საერთაშორისო სანქცია,” – განაცხადა დავით ბაქრაძემ.
როგორც საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა აღნიშნა, ევროპული საქართველო გააგრძელებს მუშაობას ამ სიის კიდევ უფრო მეტი საერთაშორისო მხარდაჭერისთვის:
“ყველა დამნაშავე უნდა წარდგეს სასამართლოს წინაშე და უნდა დაისაჯოს. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, მეტი სერიოზულობით და პასუხისმგებლობით მოეკიდოს ამ თემას, მათ შორის ქვეყნის შიგნით, და გადახედონ ოთხოზორია – ტატუნაშვილის სიას, დაამატონ ყველა ის პირი, რომელიც პასუხისმგებელია ადამიანის უფლებათა დარღვევასა და დანაშაულის დაფარვაში.”
- საქართველოს პარლამენტმა 2019 წლის 21 მარტს 106 ხმით მიიღო რეზოლუცია “რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევისა და “ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის” შესახებ”.
აღნიშნული დოკუმენტის გამკაცრებას ითხოვდა ნაციონალური მოძრაობა, რომელმაც საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში ამ რეზოლუციის კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო. რეზოლუციის კენჭისყრას არ დაესწრნენ პატრიოტთა ალიანსის დეპუტატებიც.
იხილეთ რეზოლუციის ტექსტი:
პარლამენტმა „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ შესახებ რეზოლუცია მიიღო