თბილისის საერთაშორისო აეროპორტის თანამშრომელი მგზავრების კუთვნილი ბარგიდან ნივთების მოპარვის ბრალდებით დააკავეს. პრაიმტაიმის გავრცელებული ინფორმაცია შსს-ში დაგვიდასტურეს.
ქურდობის ფაქტი 17 იანვარს აეროპორტში დამონტაჟებულმა კამერებმაც დააფიქსირეს. შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულია აეროპორტის მმართველი კომპანიის, “ტავ ჯორჯიას” თანამშრომელი, რომელიც მტვირთავად მუშაობდა.
შინაგან საქმეთა სამინსიტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
კოდექსის მიხედვით, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, აეროპორტის თანამშრომელს ერთიდან ორ წლამდე შინაპატიმრობა ან სამიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.