ახალი ამბები

“ვარკეთილაირი” არასტანდარტული გამათბობლების კანონით აკრძალვას ითხოვს

22 იანვარი, 2019 • 3028
“ვარკეთილაირი” არასტანდარტული გამათბობლების კანონით აკრძალვას ითხოვს

შპს “ვარკეთილაირი” განცხადებას ავრცელებს ვარკეთილი 3-ის დასახლებაში მდებარე ერთ-ერთ კორპუსში, სავარაუდოდ, გაზით ინტოქსიკაციით ორი ადამიანი გარდაცვალებასთან დაკავშირებით  და მოითხოვს, კანონით აიკრძალოს არასტანდარტული გამათბობობლების გამოყენება.

კომპანიის განცხადებით, ბინაში, სადაც გუშინ ორი ადამიანი შესაძლო გაზის ინტოქსიკაციით დაიღუპა, მოქალაქეს სწორედ არასტანდარტული გამათბობელი (ე.წ. რეფლექტორი) ჰქონდა დამონტაჟებული.

“ვარკეთილაირის” განცხადებით, უკვე 10 წელზე მეტია აფრთხილებს თავის აბონენტებს, ხმარებიდან ამოიღონ არასტანდარტული გაზის გამათბობლები. როგორც კომპანია აცხადებს, ამ მიზნით აბონენტებს ურიგდებოდათ და ურიგდებათ საინფორმაციო ბუკლეტები, რომლებშიც დეტალურად არის ახსნილი ბუნებრივი აირის ხელსაწყოების მოხმარების წესები:

შპს “ვარკეთილაირის” დირექტორის მიერ ჯერ კიდევ 2014 წელს იყო გამოცემული ბრძანება, რომლითაც კომპანიის თანამშრომლებს დაევალათ აბონენტის საცხოვრებელ სახლში დამონტაჟებული არასტანდარტული გაზის გამათბობლების (მათ შორის ე.წ. რეფლექტორის) აღმოჩენის შემთხვევაში, შესაბამისი აქტის საფუძველზე, გაფრთხილება მიეცათ პირისთვის არასტანდარტული გაზის მოწყობილობის სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველობისა და სხვა ხელსაწყოთი ჩანაცვლების აუცილებლობის შესახებ. გაცემული მითითების აქტით განსაზღვრულ ვადაში შეუსრულებლობის შემთხვევაში კი, შეეწყვიტათ აბონენტის გაზით მომარაგება. შპს „ვარკეთილაირის“ დირექტორის ბრძანებას კომპანიის თანამშრომლები წლების განმავლობაში ასრულებდნენ, ორგანიზაციამ ასეულობით აბონენტს “ჩაუჭრა“ არასტანდარტული დანადგარი, აღნიშნული დასტურდება მათ მიერ შედგენილი შესაბამისი გაფრთხილებისა და ბუნებრივი აირის შეწყვეტის შესახებ შედგენილი აქტებით.”

კომპანიის განცხადებით, მიუხედავად მათ მიერ მიღებული ზემოაღნიშნული ზომებისა, ხშირ შემთხვევაში, ის აბონენტები, რომლებიც მოიხმარენ არასტანდარტულ გაზის გამათბობლებს, “ვარკეთილაირის” თანამშრომლების შემოწმების მიზნით ვიზიტის დროს, მალავენ გაზის გამათბობელს, ვიზიტის დასრულების შემდეგ კი, თვითნებურად აერთებენ და აგრძელებენ მის მოხმარებას. კომპანია აცხადებს, რომ სწორედ აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებასთან გვაქვს საქმე განსახილველ შემთხვევაშიც.

არასტანდარტული გამათბობელი – ე.წ. რეფლექტორი

შპს “ვარკეთილაირი” ბუნებრივი აირის მომხმარებელთა საყურადღებოდ კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ ე.წ. რეფლექტორი ადამიანის ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის საფრთხის შემცველი დანადგარია. კომპანია გაფრთხილებთ, რომ ის შთანთქავს ოთახში არსებულ ჟანგბადს და გამოყოფს ჯანმრთელობისთვის საშიშ ნახშიროჟანგს. თუ ამ დროს ოთახი ინტენსიურად არ ნიავდება, სპეციალისტების თქმით, რამოდენიმე საათში ადამიანი ითენთება, იძინებს და საბოლოოდ ფატალური შედეგიც დგება.

ძვირფასო აბონენტებო, თანამოქალაქენო! გთხოვთ, გაუფრთხილდეთ თქვენს ჯანმრთელობას! ნუ დაამონტაჟებთ საცხოვრებელ ბინაში კუსტარულ ან/და არასტანდარტულ დანადგარებს (ერთგამწოვიან წყლის გამაცხელებლებს, არასტანდარტულ გამათბობლებს, რეფლექტორებს და ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის საშიშ სხვა დანადგარებს).”

შპს „ვარკეთილაირი“ მიმართავს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას, მიიღოს შესაბამისი დადგენილება, რომლითაც ბუნებრივი აირის მომხმარებლებს აეკრძალებათ არასტანდარტული გაზის დანადგარების ბინაში დამონტაჟება, ხოლო ბუნებრივი აირის გამანაწილებელ კომპანიებს დაევალებათ, რომ არასტანდარტული გაზის დანადგარის აღმოჩენის შემთხვევაში დააჯარიმონ მათი მფლობელები (ბიუჯეტის სასარგებლოდ).

შპს “ვარკეთილაირი” სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს და და გულწრფელად წუხს მომხდარის გამო!”

როგორც დაღუპულების მეზობლები ამბობენ, გარდაცვლილები მეზობლები იყვნენ და ერთ-ერთის სახლში ტელევიზორს საყურებლად იმყოფებოდნენ. მოწამვლა კი, მეზობლების თქმით, სავარაუდოდ, გაზის გაუმართავმა გამათბობელმა გამოიწვია.

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240 პრიმა მუხლით დაიწყო, რაც გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტის განლაგების, დაპროექტების, მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა.

ვარკეთილში ბუნებრივი აირის ნამწვით მოწამვლის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა

მასალების გადაბეჭდვის წესი