ახალი ამბები

მიქაუტაძე აქციას პასუხობს: მათ ამოძრავებთ პირადი ინტერესები

21 იანვარი, 2019 • 1130
მიქაუტაძე აქციას პასუხობს: მათ ამოძრავებთ პირადი ინტერესები

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე დღეს გამართული აქციის საპასუხოდ აცხადებს, რომ მოსამართლეებსა და იუსტიციის უმაღლეს საბჭოზე მიზანმიმართული დევნა ხორციელდება.

გიორგი მიქაუტაძის თქმით, დღეს „კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ მათ ამოძრავებთ პირადი ინტერესები“:

„არანაირ კრიტერიუმსა და რეგულაციებზე საუბარი მათ არ სურთ. ხორციელდება მიზანმიმართული დევნა კონკრეტული მოსამართლეების, ასევე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების იმ გადაწყვეტილების გამო, რომელიც საბჭომ საქართველოს კონსტიტუციის და ორგანული კანონის სრული დაცვით მიიღო. შეგახსენებთ, რომ ეს არის ე.წ შუალედური გადაწყვეტილება წარდგენის შესახებ, რომელზეც უნდა იმსჯელოს
საქართველოს პარლამენტმა.

მიზანი და მიზეზი არის ერთადერთი, რომ ჰქონდეთ გავლენა პროცესებზე, რომლებიც მიმდინარეობს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში და კონკრეტული კანდიდატების შერჩევისას იყოს მათი მხრიდან ჩარევა. თუ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები იქნებიან არასამთავრობო ორგანიზაციებიდან, ისე როგორც ეს აქამდე ხდებოდა, მაშინ კმაყოფილები იქნებიან, ხოლო თუ იუსტიციის უმაღლესი საბჭო და საერთო სასამართლოების სისტემა დამოუკიდებლად წარადგენს კანდიდატებს და ახორციელებს თავის საქმიანობას აბსოლუტურად დამოუკიდებლად, ეს, რა თქმა უნდა, იწვევს მათ უკმაყოფილებას და კონკრეტული მოსამართლეების პიროვნული დევნის ფორმით გამოხატავენ პროტესტს“,- ამბობს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი.

დღეს, 21 იანვარს, არასამთავრობო ორგანიზაციებმა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების სიას აპროტესტებდნენ.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაშლა, ჩინჩალაძე/მურუსიძის გადადგომა და სხვა მოთხოვნები – პეტიცია

მასალების გადაბეჭდვის წესი