სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილედ შსს–ს გენინსპექციის უფროსი ალექსანდრე ხოჯევანიშვილი დაინიშნა. გრიგოლ ლილუაშვილმა კი, რომელიც მანამდე აღნიშნულ თანამდებობაზე მუშაობდა, სუს–ის პირველი მოადგილის პოზიციაზე გადაინაცვლა.
მანამდე, 2017 წლის ნოემბრიდან, ალექსანდრე ხოჯევანიშვილი შსს-ს გენერალური ინსპექციის უფროსის თანამდებობას იკავებდა. აღნიშნული თანამდებობის დაკავებამდე, 2015-2017 წლებში კი, ის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე იყო.
რაც შეეხება გრიგოლ ლილუაშვილს: 2017 წლის დეკემბრიდან დღემდე, ლილუაშვილს სუს–ის უფროსის მოადგილის თანამდებობა ეკავა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში საქმიანობამდე, ლილუაშვილი საკანონმდებლო ორგანოს წევრი იყო მმართველი გუნდიდან და პარლამენტის პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარედ მუშაობდა. საპარლამენტო არჩევნებამდე კი თბილისის მერის მოადგილე იყო.
სწორედ მისი მერის მოადგილედ მუშაობის პერიოდს უკავშირდება სამშენებლო კომპანია “სვეტის” დაკაევებული დირექტორის, გივი ჯიბლაძის ბრალდება. დაკავებამდე ცოტა ხნით ადრე, ჯიბლაძემ “რუსთავი2″–ს უთხრა, მშენებლობის წილის სანაცვლოდ, გრიგოლ ლილუაშვილი კომპანია “სვეტს” სამშენებლო ნებართვებით უზრუნველყოფდა და “მისი ვალდებულება ნებართვების გაკეთება იყო”. მოგვიანებით, “ნეტგაზეთისთვის” გამოგზავნილ წერილობით კომენტარში, ლილუაშვილმა ბრალდება უარყო და აბსურდული უწოდა მას; ასევე აღნიშნა, რომ ჯიბლაძემ ვერ წარმოადგინა მისი მერიაში მუშაობის დროს ან მას შემდეგ ლობირებით გაცემული სამშენებლო ნებართვები.