რუსთავი 2-ისთვის მიცემულ ინტერვიუში სამშენებლო კომპანია სვეტის დირექტორი გივი ჯიბლაძე ამტკიცებს, რომ თბილისის მერის ყოფილი მოადგილე გრიგოლ ლილუაშვილი, რომელიც ამჟამად სუს-ში მუშაობს, მშენებლობის წილის სანაცვლოდ, კომპანია “სვეტს” სამშენებლო ნებართვებით უზრუნველყოფდა და “მისი ვალდებულება ნებართვების გაკეთება იყო”. ამჟამად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე გრიგოლ ლილუაშვილი კომპანია “სვეტის” დამფუძნებლის ბრალდებებს აბსურდულს უწოდებს.
რას ჰყვება სვეტის დირექტორი
გივი ჯიბლაძის თქმით, გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავი ლაშა ჭელიძე “სვეტში” ფიქტიურად 20%-ს ფლობდა, თუმცა კომპანიასა და ლილუაშვილს შორის, რომელიც მერის, დავით ნარმანიას მოადგილე იყო, მხოლოდ შუამავალი იყო. შესაბამისად რ2 ჯიბლაძეზე დაყრდნობით იუწყება, რომ ამ 20%-ს სწორედ ლილუაშვილი ფლობდა.
გარდა ამისა, სამშენებლო კომპანიის დირექტორის თქმით, ლილუაშვილის ცოლი “სვეტში” მუშაობდა და თვეში 3 ათას ლარს იღებდა.
ჯიბლაძე ამტკიცებს, რომ ლილუაშვილთან პირადი კომუნიკაცია ჰქონდა.
ჯიბლაძის მტკიცებით, დავით ნარმანიას დროს თბილისის ცენტრში მშენებარე კორპუსებიდან “სვეტს” მხოლოდ ნაწილზე ჰქონდა მშენებლობის ნებართვა, თუმცა ეს მშენებლობის პროცესს ხელს არ უშლიდა ლილუაშვილის წყალობით.
“დავით ნარმანიასთან შეთანხმების საფუძველზე მოხდა გენერალური რეგულირების გეგმის შეთანხმება. გვქონდა მშენებლობის ნებართვა რიგ ობიექტებზე, რიგზე არა. 18 კორპუსიდან ნებართვა ჰქონდა სამს, დანარჩენი იყო პერიოდულად მოსაწოდებელი”, – აცხადებს ჯიბლაძე.
“სვეტის” დირექტორი ამბობს, რომ აღნიშნულ ბიზნესში ინტერესები თავად დავით ნარმანიასაც ჰქონდა. ჯიბლაძე განმარტავს, რომ ყოფილი მერი “სვეტისგან” კონკრეტული მოცულობის მიწის გადაცემას ითხოვდა ამხანაგობისთვის, რომელშიც მისი ბიძაშვილიც შედიოდა.
გივი ჯიბლაძე თბილისის მერის, კახა კალაძის ბიზნესინტერესებზეც საუბრობს. ჯიბლაძის თქმით, კალაძის მოსვლის შემდეგ მას მოსთხოვეს, საკუთრება სადაზღვევო კომპანია უნისონში დაეზღვია. ამის მიზეზად სვეტის დირექტორი ამ კომპანიაში კახა კალაძის ინტერესებს ასახელებს.
ჯიბლაძე აცხადებს, რომ კალაძის ამ სურვილს წინააღმდეგობა მოჰყვა სვეტის “ერთ-ერთი პარტნიორისგან”, რომელიც მერიაში მუშაობდა. ინტერვიუს ამ ნაწილში ჯიბლაძე “პარტნიორის” ვინაობას არ აკონკრეტებს, თუმცა რუსთავი2-ის ცნობით, საუბარი კვლავ გრიგოლ ლილუაშვილზეა, რომელსაც ახალ მერთან კონფლიქტი ჰქონდა.
რუსთავი 2 -ის ინფორმაციით, სამშენებლო კომპანია “სვეტის” ერთ-ერთ დირექტორთან, გივი ჯიბლაძესთან ინტერვიუ 3 ოქტომბერს, დაკავებამდე რამდენიმე საათით ადრე ჩაწერეს. 5 ოქტომბერს საქალაქო სასამართლომ გივი ჯიბლაძესა და კომპანიის მეორე დირექტორს პატიმრობა შეუფარდა.
ლილუაშვილის, კალაძისა და ნარმანიას პასუხი
გრიგოლ ლილუაშვილის თქმით, ამ დრომდე ჯიბლაძემ მისი მერიაში მუშაობის ან მუშაობის შემდეგ პერიოდში ლობირებით გაცემული სამშენებლო ნებართვები ვერ წარმოადგინა. სუს-ის უფროსის მოადგილე განმარტავს, რომ მერიაში მუშობისას სამშენებლო ნებართვების გაცემას არ კურირებდა.
“ანუ რაში იხდიდა ჯიბლაძე ქრთამს, თუ მას არაფერს არ უკეთებდნენ ქრთამების ამღები პირები?”-აცხადებს ლილუაშვილი.
ლილუაშვილი ამბობს, რომ ლაშა ჭელიძის დედა მისი მოგვარეა და “შორეული ნათესავია”.
მისივე მტკიცებით, ლაშა ჭელიძე 2008 წლიდან გივი ჯიბლაძის ბიზნესპარტნიორია სხვადასხვა კომპანიაში, რომლებსაც „სვეტის“ მშენებლობებთან შეხება არ აქვთ. სუს-ის უფროსის მოადგილე განმარტავს, რომ ჯიბლაძისა და ჭელიძის პარტნიორობა მანამდე დაიწყო, სანამ ის რომელიმე საჯარო სამსახურში დაიწყებდა მუშაობას.
ნეტგაზეთისთვის გამოგზავნილ წერილობით კომენტარში ლილუაშვილი რამდენიმე შ.პ.ს-ზე საუბრობს, სადაც, როგორც ის ამბობს, ჭელიძე და ჯიბლაძე წილებს ერთად ფლობდნენ.
შ.პ.ს ევრაზია ვეი ერთ-ერთი კომპანიაა, რის შესახებაც ლილუაშვილი საუბრობს. კომპანია 2014 წელს დაფუძნდა. ამ კომპანიაში 20%-იან წილს ჯიბლაძე და ჭელიძე ფლობენ. ლაშა ჭელიძე ამ კომპანიაში წილს დაფუძნების დღიდან ფლობს.
შ.პ.ს სვეტი 2014 წელს არის რეგისტრირებული, ეს კომპანია “სვეტი ჯგუფის” მფლობელია. 2014 წელს დაფუძნებულ კომპანიაში ლაშა ჭელიძე 20%-ს 2014 წელსვე ფლობდა. ლილუაშვილი დავით ნარმანიას მოადგილე 2016 წელს გახდა. მანადე ის “ქართუ” ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელობდა.
2018 წელს შევსებულ დეკლარაციაში ლილუაშვილის ცოლის, მაია ჭეიშვილის სამუშაო ადგილად “სვეტი ჯგუფია” მითითებული. ამ კომპანიაში მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე ჭეიშვილს 2017 წლის 20 იანვრიდან 2017 წლის 5 დეკემბრის ჩათვლით 41 450 ლარი (დარიცხული) აქვს აღებული.
გრიგოლ ლილუაშვილი ადასტურებს მისი ცოლის “სვეტში” მუშაობის ფაქტს, თუმცა ამბობს, რომ კომპანიისგან ცოლის ხელფასის სახით ქრთამი არ აუღია. ლილუაშვილის მტკიცებით, მერის მოადგილედ მუშაობის პერიოდსა და მისი ცოლის „სვეტში“ მუშაობის პერიოდს შორის თითქმის ერთწლიანი განსხვავებაა.
“მაია ჭეიშვილი ჩვეულებრივად სამუშაო რეჟიმში მუშაობდა“ სვეტი ჯგუფის“ ოფისში, რასაც დაადასტურებს ნებისმიერი თანამშრომელი თუ მასთან სამსახურებრივ ურთიერთობაში მყოფი პირი,”-ამბობს ლილუაშვილი.
დავით ნარმანია სამშენებლო კომპანიასთან რაიმე კავშირს უარყოფს. გამოძიების ინფორმაციით, “სვეტი” უნებართვოდ ახორციელებდა მშენებლობას. კითხვაზე, როგორ მოხდა, რომ დეველოპერული კომპანია დედაქალაქში ნებართვის გარეშე აშენებდა, ნარმანია პასუხობს, რომ დაზარალებული მოსახლეობის თხოვნით გადაწყვიტეს კომპანიის დახმარება.
თბილისის ყოფილი მერი განმარტავს, რომ ქალაქის მთავრობის ამოცანა იყო, კომპანიას მშენებლობა გაეგრძელებინა. “განხილვები მიმდინარეობდა დადგენილი წესით. არ მგონია, მათ რაიმე სახის მშენებლობა ჰქონოდათ ნებართვის გარეშე. საქმეზე მიმდინარე გამოძიების დეტალები ნამდვილად არ ვიცი”,-ამბობს ნარმანია ნეტგაზეთთან.
კალაძე ჯიბლაძის ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს და ამბობს, რომ კომპანიის დირექტორის პასუხისმგებლობის საკითხი აუცილებლად დადგება.
უნისონთან დაკავშირებით გრიგოლ ლილუაშვილსაც ვკითხეთ. “ეს ბრალდებაც უსაფუძვლო და აბსურდულია”,-ამბობს სუს-ის უფროსის მოადგილე.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სამშენებლო კომპანია “სვეტის” ხელმძღვანელი პირები, მათ შორის, დირექტორი – გივი ჯიბლაძე, 3 ოქტომბერს დააკავა. გამოძიება მათ თაღლითობას, კერძოდ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლებას ედავება.
უწყება აცხადებს, რომ გამოძიება კომპანია “სვეტის” მენაშენეთა განცხადების საფუძველზე დაიწყო, აღნიშნული კომპანიის მიერ მშენებარე საცხოვრებელი ბინების შესაძენად მოქალაქეთა მიერ გადახდილი დიდი ოდენობით თანხების მითვისების ფაქტზე. საგამოძიებო სამსახური აცხადებს, რომ ბრალდებულები მოტყუებით ეუფლებოდნენ მოქალაქეთა თანხებს და კომპანიას მშენებლობის შესაბამისი ნებართვები არ გააჩნდა.
როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, დეველოპერული კომპანია “სვეტის” მენაშენეთა ერთობლივი განცხადების საფუძველზე, 2018 წლის 29 მაისს გამოძიება დაიწყო
უწყების თქმით, ბრალდებულებმა, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, განიზრახეს მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით მოტყუებით დაუფლებოდნენ მოქალაქეთა კუთვნილ დიდი ოდენობით თანხებს.
აღნიშნულს წინ უძღოდა მენაშენეთა პროტესტი და შიმშილობა “სვეტის” ოფისში მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ კომპანია სხვისდებოდა. დაზარალებულთა მოთხოვნა იყო, მიეწოდებინათ ინფორმაცია, თუ ვინ ყიდულობდა კომპანიის წილს და დასრულებულიყო დაწყებული მშენებლობები.
ჯერჯერობით უცნობია დაიწყება თუ არა გამოძიება ჯიბლაძის იმ განცხადებებზე, რომელიც მერიაში შესაძლო კორუფციას ეხება.