ახალი ამბები

თბილისში მიუსაფარი ცხოველების საკვები აპარატი დააზიანეს

19 იანვარი, 2019 • 4919
თბილისში მიუსაფარი ცხოველების საკვები აპარატი დააზიანეს

თბილისში, კიკვიძის ბაღში, ძაღლების კვებისათვის განკუთვნილი, ე.წ. ბოთლიყლაპია აპარატი დააზიანეს. ინფორმაცია მერიის პრესსამსახურს პარკის ადმინისტრაციამ მიაწოდა.

როგორც მერიის პრესსამსახურის უფროსმა, მანანა თოქმაჯიშვილმა, “ნეტგაზეთს” განუცხადა, დაზიანებულია მილი, საიდანაც აპარატში ბოთლის ჩაგდებაა შესაძლებელი.

“მილია გამოგლეჯილი მთლიანად და ნაწილი, საიდანაც ბოთლები აპარატში იყრება, მომტვრეულია. ბუნებრივია, აღდგენადია, მაგრამ ფაქტი, თავისთავად, არის ძალიან ცუდი”, – აღნიშნა მან.

ფაქტი, სავარაუდოდ, ღამის საათებში მოხდა, ვინაიდან დღისით ტერიტორიას პარკის დაცვა აკონტროლებს. მერიამ შინაგან საქმეთა სამინისტროს უკვე მიმართა. გამოძიება სსკ–ს 187–ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. დანიშნულია ექსპერტიზებიც.

აპარატები თბილისში გასული წლის დეკემბერში განთავსდა.  კვების აპარატებში პლასტმასის 0,5 ლიტრიანი ბოთლის ჩაგდების შემთხვევაში, ძაღლებისათვის საკვები ჩამოიყრება, დისპენსერში წყლის ჩასხმის კი, ცხოველები წყურვილს მოიკლავენ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი