ახალი ამბები

მადლობის წერილი, მსვლელობა და პარაკლისი ილია II-სთვის

18 იანვარი, 2019 • 2174
მადლობის წერილი, მსვლელობა და პარაკლისი ილია II-სთვის

მცხეთა-თბილისის ეპარქიის სამღვდელოება და მრევლი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქთან, ილია მეორესთან მივიდა და მადლობის წერილი გადასცა.

აღნიშნული ვიზიტი საპატრიარქოში მიმდინარე კვირას, 15 იანვარს შედგა. საპატრიარქოს ტელევიზია “ერთსულოვნების” ცნობით, მანამდე, სასულიერო პირები და მრევლი სიონის ტაძარში შეიკრიბნენ, სადაც ილია მეორისათვის სამადლობელი პარაკლისი გადაიხადეს, შემდეგ კი მსვლელობით მივიდნენ საპატრიარქოში. ტელეარხის ინფორმაციით, პროცესში სამღვდელოების 400-მდე წარმომადგენელი მონაწილეობდა.

დეკანოზმა ბიძინა გუნიამ ილია მეორეს სამადლობელი წერილი წაუკითხა, რომლის ქვეშაც სასულიერო პირებმა ხელმოწერები მანამდე შეაგროვეს.

მადლობის წერილი ილია მეორისთვის. ფოტოები: დეკანოზი შალვა კეკელია

მადლობის წერილი ილია II-სთვის. ფოტოები: დეკანოზი შალვა კეკელია

დეკანოზ შალვა კეკელიას განცხადებით, ამ ფორმით მადლიერების გამოხატვა სურდათ ილია მეორის მიმართ, რომელიც, მისი თქმით, “მთელი ერისთვის ნამდვილად არის მწყემსიკეთილი”(ეს მოსაზრება მანამდე კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა ჭყონდიდის მიტროპოლიტმა პეტრემ და აღნიშნა, რომ 27 დეკემბრის სინოდის სხდომის შემდეგ, მისთვის “საბოლოოდ დაიმსხვრა მითი პატრიარქის მწყემსიკეთილობის შესახებ”)

“ჩვენი მადლიერება გვინდა გამოვხატოთ უწმინდესი პატრიარქის მიმართ, რომელიც მთელი ერისთვის არის ნამდვილად მწყემსი კეთილი, თავის ერს პატრონობს, უვლის თავის ერს და ქვეყანას. ძალიან ბედნიერები ვართ იმით, რომ ყველაზე რთულ პერიოდში, როცა ქვეყანას ძალიან უჭირდა, ღმერთმა ასეთი პატრიარქი გვაჩუქა”, – თქვა მან.

ტელეკომპანია “ერთსულოვნების” ცნობით, მსგავსი ღონისძიებების ორგანიზება, სამომავლოდ, სხვა ეპარქიების სასულიერო პირებსა და მრევლსაც სურთ.

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი