ჭყონდიდის მიტროპოლიტ პეტრე ცაავას თქმით, გუშინ, 27 დეკემბერს გამართულ სინოდის სხდომაზე დაიმსხვრა მითი პატრიარქის მწყემსიკეთილობის შესახებ. მეუფე პეტრე აცხადებს, რომ მას შემდეგ, რაც მამალაძის საქმეს სასამართლოს ყველა ინსტანცია განიხილავდა, სინოდს საქმის შემსწავლელი კომისია უნდა შეექმნა. ჭყონდიდის მიტროპოლიტის თქმით, გუშინდელ სხდომაზე დეკანოზის საკითხი სინოდის წევრებს საერთოდ არ განუხილავთ.
“უკრაინის გარდა, ვთქვი, რომ აუცილებლად მიმაჩნია წმინდა სინოდზე იყოს განხილული ჩვენი უდანაშაულო მღვდლის თემა და ციანიდის საქმე. რეპლიკებით მითხრეს, რომ უკრაინის საკითხის ამოწურვის შემდეგ გადავიდოდნენ ამ საკითხზე. სხვა საკითხების განხილვაც გაგრძელდა… ბოლოს, როცა მივედი მიკროფონთან და დავიწყე საუბარი, მინდა საჯაროდ ვთქვა და იცოდეს ქართულმა საზოგადოებამ, რომ პატრიარქი წამოდგა, შებრუნდა ღვთისმშობლის ხატისკენ, ანუ სინოდის დასრულების ლოცვა დააწყებინა მის მღვდელთმთავარს. დათვური სამსახური გაუწიეს მას და მე დღეს სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ არსებული ბზარი, რომელიც ჩემში არსებობდა გარკვეული პერიოდი და განსაკუთრებით ბოლო მოვლენების შემდეგ, გუშინ ჩემთვის პირადად საბოლოოდ დაიმსხვრა მითი პატრიარქის მწყემსიკეთილობის შესახებ. ამას მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რადგან მაცხოვარი საუბრობს მწყემსიკეთილობაზე და მღვდელმთავარი უნდა იყოს გაიგივებული ამ სინონიმთან,” -განაცხადა მეუფე პეტრემ “ტვ პირველის” ეთერში.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდის განჩინებით, უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხზე მსჯელობა სინოდის შემდეგ სხდომებზე გაგრძელდება.
როგორც განჩინებაში ვკითხუოლობთ, სინოდის სხდომაზე ილია II -მ ისაუბრა უკრაინაში შექმნილი რთული საეკლესიო ვითარების შესახებ და გულისტკივილი გამოთქვა კონსტანტინოპოლისა და რუსეთის საპატრიარქოებს შორის არასებული დაძაბული მდგომარეობის გამო.
დეკანოზ მამალაძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ 9-წლიანი პატიმრობა 2017 წლის 5 სექტემბერს მიუსაჯა. სასამართლომ დეკანოზი პატრიარქ ილია მეორის მდივან–რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებაში სცნო დამნაშავედ.