ახალი ამბები

როგორ მოვიხმაროთ გაზი უსაფრთხოდ – სპეციალისტის რჩევები

17 იანვარი, 2019 • 4552
როგორ მოვიხმაროთ გაზი უსაფრთხოდ – სპეციალისტის რჩევები

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტის დეკანის, გია არაბიძის თქმით, გაზის აფეთქების საფრთხე ჩნდება მაშინ, როცა დახშულ გარემოში გაზის კონცენტრაცია 9%-ს აღემატება. ენერგეტიკოსი განმარტავს, რომ ამ შემთხვევაში აფეთქება შეიძლება გამოიწვიოს ნებისმიერმა ქმედებამ, მაგალითად, ლიფტის დაძვრამ, ზარისა და ტელეფონის დარეკვამ, შუქის ჩართვამ და სხვა.

სპეციალისტი მოსახლეობას ე.წ გაზის დეტექტორების დაყენებას ურჩევს. როგორც გია არაბიძე ამბობს, დეტექტორი ჰაერში გაზის კონცენტრაციას იმ ოთახში ზომავს, სადაც დამონტაჟდება. როგორც კი კონცენტრაცია დასაშვებ ზღვარს მიაღწევს, მოწყობილობა სპეციალურ სიგნალს რთავს.

“საყოფაცხოვრებო მოხმარების დეტექტორების ყიდვა პრობლემას არ წარმოადგენს. მათი ფასი 6$-დან იწყება და 30$-მდე ადის. არ ვიცი, თბილისში იყიდება თუ არა სადმე. მე პირადად ინტერნეტით გამოვიწერე. ორი ტიპის დეტექტორი არსებობს. ერთი, რომელიც ჰაერში ნამწვ აირს აფიქსირებს, ე.წ CO-ს. მეორე აფიქსირებს გაზის კონცენტრაციას ოთახში, თუმცა არსებობს ისეთი დეტექტორები, რომელებიც ორივეს ერთად ზომავს,” – აცხადებს გია არაბიძე.

საცხოვრებელ სახლში გაზის დაგროვებისგან თავის არიდებისთვის ენერგეტიკოსი მოქალაქეებს ურჩევს, ფანჯარა ხშირად გამოაღონ. როგორც ის ამბობს, ყოველ საათში 5 წუთით მაინც უნდა გაიღოს.

გია არაბიძის თქმით, ცენტრალური გათბობის შემთხვევაში, მნიშვნელოვანია ქვაბის მდებარეობა, ანუ რა ადგილას არის ის დამონტაჟებული. თუ ქვაბი  ღია სივრცეშია (აივანზე) განთავსებული, გაზის დაგროვების საფრთხე ამ შემთხვევაში შედარებით დაბალია. ხოლო თუ ქვაბი დახურულ ადგილზეა დამონტაჟებული, იქ შეიძლება გაზი დაგროვდეს.

“ღია სივრცეში ძალიან ძნელია კონცენტრაციის მიღწევა, რადგან ატომსფეროში გაზის სიმკვირვე ნაკლებია, შესაბამისად, აირი ზემოთ მიდის, აქედან გამომდინარე, ნაკლები საშიშროებაა. მაგალითად, თუ მე მაქვს ღია აივანი და იქ ცენტრალური გათბობის ქვაბი კედელზეა ჩამოკიდებული, ანუ ღია სისტემაშია, მოწამვლის ან აფეთქების საშიშროება ნაკლებია, რადგან ჰაერის შესვლა-გამოსვლა ღია სისტემაში ხდება”, – ამბობს არაბიძე.

გია არაბიძე განმარტავს, რომ დაგროვლი გაზის აფეთქება შეიძლება ბევრმა რამ, მათ შორის, ტელეფონის ზარის რეკვამ გამოიწვიოს, რადგან რეკვის დროს ჰაერის ტალღები მოძრაობს. ამასთან, გარკვეულ შემთხვევაში, შესაძლოა, დაგროვილი გაზი ყოველგვარი გარე ზემოქმედების გარეშეც აფეთქდეს:

“გაზის გამათბობელი, რომელიც წვისათვის საჭირო ჰაერს გარედან შემოიტანს  და ნამწვავს, ანუ აირებს გარეთ გატყორცნის, ე.წ კარმას ტიპის გამათბობლები შედარებით უფრო უსაფრთხოა. უსაფრთხოა იმ კუთხით, რომ აქ ძირითადად სრული წვა მიმდინარეობს და ნამწვავი ატმოსფეროში გაიტყორცნება. ბუნებრივია, ამ ტიპის გამათბობლებსაც აქვთ გარკვეული ტიპის პრობლემები, გაზის წნევის ცვლილების გამო შეიძლება ჩაქრეს, ანუ ალის მოწყვეტის პროცესი წარიმართოს. ალის მოწყვეტა ნიშნავს, რომ ალი მოეწოდება, თუმცა წვა არ ხდება. სწორედ ეს იწვევს გაზის დაგროვებას.”

გია არაბიძე/ფოტო: Facebook

ენერგეტიკოსი ნეტგაზეთთან საუბრისას ამბობს, რომ კატეგორიულად მიუღებელია გაზის რაიმე მოწყობილობის აბაზანაში დამონტაჟება. რაც შეეხება გაზზე მომუშავე წყლის გამაცხელებლებს [ე.წ. კალონკა], არაბიძის თქმით, ეს მოწყობილობები, გამათბობლებთან შედარებით, უფრო მეტად საფრთხის შემცველია, რადგან ისინი ღია სივრცეში იშვიათად გვხვდება.

“ასეთი გამათბობლები შემდეგნაირად მუშაობენ: როდესაც თქვენ წყალს მოუშვებთ, სათანადო წნევა შეიქმნება, ავტომატურ რეჟიმში იხსნება წყალი, შესაბამისად, წვის პროცესი იწყება და ხდება წყლის გაცხელება. ხშირია, როცა წყლის წნევის ცვლილების ან გარკვეული პრობლემების გამო აქაც ხდება გაზის ალის ჩაქრობა. წვა აღარ მიმდინარეობს, თუმცა ამ დროს გაზი გამოიყოფა. ეს ძალიან საშიშია, რადგან გაზის გამაცხელებელი ჩვეულებრივ გაზქურასთან შედარებით 4-5-ჯერ მეტ გაზის რაოდენობას მოიხმარს. ეს ნიშნავს, რომ კონკრეტულ მომენტში შეიძლება განსაკუთრებით დიდი რაოდენობის გაზი ამოვიდეს და დაგროვდეს, თუ ეს გამაცხელებელი დახურულ სივრცეში იქნება დაყენებული. როდესაც თქვენ წყალი მოშვებული გაქვთ და უცებ ეს წყალი გაცივდა, მაშინვე უნდა გადაკეტოთ  და ნახოთ რა ხდება. ამ შემთხვევაში სიფრთხილე ძალიან საჭიროა.”

გია არაბიძე მოქალაქეებს ურჩევს, როგორც კი გაზის სუნს იგრძნობენ, მაშინვე შესაბამის სამსახურს აცნობონ.

მასალების გადაბეჭდვის წესი