ახალი ამბები

ნიკა მელია “ლა ტრუფეში” მომხდარი ინციდენტის საქმეზე გამართლდა

16 იანვარი, 2019 • 1720
ნიკა მელია “ლა ტრუფეში” მომხდარი ინციდენტის საქმეზე გამართლდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა მელია და ბექა მაზიაშვილი გაამართლა 2013 წელს თბილისში, რესტორან “ლა ტრუფეში” მომხდარი ინციდენტის საქმეზე. ინფორმაცია “ნეტგაზეთს” სასამართლოს პრესსამსახურში დაუდასტურეს.

როგორც მელიას, ისე  ბექა მაზიაშვილს, ბრალი სსკ-ს 239-ე, ხულიგნობის მუხლით ჰქონდათ წარდგენილი.

რესტორან “ლა ტრუფეში” დაპირისპირება 2013 წლის 12 მაისს მოხდა. შსს იუწყებოდა, რომ რესტორანში იმყოფებოდნენ ნიკა მელია, “ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი ცოლთან ერთად, გიორგი ვაშაძე, დავით საყვარელიძე, თინათინ ბოკუჩავა, სამეგრელო – ზემო სვანეთის ყოფილი გუბერნატორი ზაზა გოროზია და მათთან ერთად კიდევ რამდენიმე პირი.  მათ კონფილქტი მოუვიდათ გვერდით მაგიდასთან მსხდომ მოქალაქეებთან:  მანანა გიორგობიანთან, მამუკა ბაკურიასთან, ბექა მაზიაშვილთან.

“სულ რამდენი ადამიანი იყო, დაზუსტებით არ ვიცი, დაპირისპირება დაახლოებით 00:30 საათზე დაიწყო. მე ნამდვილად არ ვიცი, ვინ დაიწყო  ეს ყველაფერი, რადგან როდესაც დარბაზში შემოვედი, ინციდენტი უკვე მაგიდებს შორის ტერიტორიაზე გრძელდებოდა. ჩხუბი მიდიოდა, როგორც რესტორნებში ხდება ხოლმე, ყველაფრის გამოყენებით – ჭურჭელი, ჩანგლები, ჭიქები, ყველაფერი ჰაერში დაფრინავდა”, – აცხადებდა მაშინ La Truffe–ს ერთ–ერთი თანამშრომელი.

მასალების გადაბეჭდვის წესი