ახალი ამბები

ანასტასია პირველის “საქართველოს ვარსკვლავში” დაბრუნების მოთხოვნით პეტიცია შეიქმნა

16 იანვარი, 2019 •
ანასტასია პირველის “საქართველოს ვარსკვლავში” დაბრუნების მოთხოვნით პეტიცია შეიქმნა

ტრანსგენდერი მომღერლის, ანასტასია პირველის “საქართველოს ვარსკვლავში” დაბრუნების მოთხოვნით პეტიცია შეიქმნა. პეტიციის ავტორი “თანასწორობის მოძრაობაა”.

“პეტიციის ხელმომწერები მოვითხოვთ, რომ “საქართველოს ვარსკვლავის” ორგანიზატორებმა შეასრულონ დაპირება და მისცენ ანასტასია პირველს იმის საშუალება, რომ მეორე ტურში იმღეროს და ამით თქვას ტრანსგენდერი ადამიანების სათქმელი!,” – წერია პეტიციაში.

ავტორების თქმით, ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს ტელეკომპანიები სხვადასხვა შოუს რეიტინგისთვის იწვევდნენ ლგბტ ადამიანებს, რომლებსაც გადაცემის სტუმრების დახმარებით ღირსების შემლახველ, მტრულ გარემოს უქმნიდნენ. პეტიციის განცხადებაში ხაზსგასმულია, რომ ე სხდება საზოგადოებაში არსებული ჰომოფობიური განწყობების და ტრანსგენდერი ქალების სასტიკი მკვლელობების ფონზე.

“წელს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მუსიკალურ შოუში “საქართველოს ვარსკვლავი” მიიწვია ტრანსგენდერი ქალი ანასტასია პირველი. ანასტასია საზოგადოებამ ერთ-ერთი სიმღერის შესრულებით გაიცნო, რომლის ვიდეოჩანაწერს უამრავი პოზიტიური გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელში.

მასშტაბური ცნობადობა ტრანსგენდერი ქალის სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველია. ამ საფრთხის გამო ანასტასიას არც ადრე მიუღია რომელიმე სატელევიზიო შოუში მონაწილეობა და არც სამომავლოდ აპირებდა, რომ არა “საქართველოს ვარსკვლავის” ორგანიზატორების დაინტერესება,” – ვკითხულობთ პეტიციაში.

მათივე თქმით, “საქართველოს ვარსკვლავის” ორგანიზატორებმა  დაარწმუნეს ანასტასია, მიეღო შოუში მონაწილეობა იმ იმედით, რომ მეორე ტურში გადავიდოდა. პეტიციაში ასევე წერია, რომ ანასტასია შეძლებდა რამდენიმე სიმღერის შესრულებას და ყველაზე მძიმედ სტიგმატიზებული ჯგუფის, ტრანსადამიანების მხარდაჭერის შესაძლებლობა ექნებოდა.

“უნდა აღვნიშნოთ, რომ ანასტასიას გამოსვლა “საქართველოს ვარსკვლავის” პირველ ტურში ძალიან კარგი გამოვიდა [რაც აღნიშნეს კიდეც ჟიურის წევრებმა], იმის მიუხედავად, რომ შოუს ორგანიზატორებმა ანასტასიას ურჩიეს, პირველ ტურში არ ემღერა ძლიერი სიმღერა და მეორე ტურისთვის შემოენახა ის.

ჟიურის ოთხივე წევრმა მხარი დაუჭირა ანასტასიას მეორე ტურში გადასვლას, რისთვისაც მან მეორე ტურის”ოქროს ბილეთი” მიიღო. ჟიურის ერთ-ერთი წევრი, საზოგადოებრივი მაუწყებლის მედიისა და კომუნიკაციის ბლოკის დირექტორი, თიკო ბერძენიშვილი კი ასე დაემშვიდობა ანასტასიას: ”შევხვდებით მეორე ტურში”,”– ნათქვამია პეტიციის განცხადებაში.

პეტიციასთან თანდართულ განცხადებაში წერია, რომ მიუხედავად საჯარო თუ პირადი დაპირებებისა, გაუგებარი მიზეზების გამო, ანასტასია ჩახსნეს შოუდან ისე, რომ დროულად არც კი გააგებინეს ამის თაობაზე.

“მდგომარეობას ამძიმებს ისიც, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ლგბტ ადამიანებს ჰპირდებიან, რომ შოუს გარკვეულ ეტაპამდე მიაღწევენ, უქმნიან ცრუ მოლოდინებს და შემდეგ შოუდან ხსნიან [მაგალითად, მსგავსად  მოექცნენ პაკო ტაბატაძეს 2007 წელს, რომელიც რეალითი შოუში “ბარი” მონაწილეობდა].

ამგვარი არაკეთილსინდისიერი ქმედება განსაკუთრებით მიუღებელია იმ საზოგადოებრივი მაუწყებლისგან, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება, რომელსაც კანონი ავალდებულებს, რომ მრავალფეროვნებასა და ადამიანის უფლებებზე დამყარებულ მიდგომას საზოგადოებაში თავად უნდა ნერგავდეს,” – წერს “თანასწორობის მოძრაობა”.

ამავე თემაზე:

არ ვიცი, პროექტში რატომ არ ვარ – ტრანსგენდერი ქალი “საქართველოს ვარკვლავიდან” ჩახსნეს?

მასალების გადაბეჭდვის წესი