მოქალაქის განცხადების გამო, რომელმაც სოციალურ ქსელში ლგბტ თემის წინააღმდეგ “სპეცდანიშნულების ჯგუფის ჩამოყალიბება” დააანონსა, გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ ნეტგაზეთს შსს-დან აცნობეს.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტში მიმდინარეობს გამოძიება ა.ჯ-ს მიერ სოციალურ ქსელ facebook-ზე გავრცელებული პოსტის საფუძველზე, სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე პრიმა მიხლით, რაც ძალადობრივი ქმედებისკენ საჯარო მოწოდებას გულისხმობს”, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, 239-ე პრიმა მუხლი ნიშნავს:
რასობრივი, რელიგიური, ეროვნული, კუთხური, ეთნიკური, სოციალური, პოლიტიკური, ენობრივი ან/და სხვა ნიშნის მქონე პირთა ჯგუფებს შორის განხეთქილების ჩამოსაგდებად ძალადობრივი ქმედებისაკენ ზეპირად, წერილობით ან გამოხატვის სხვა საშუალებით საჯაროდ მოწოდება, თუ ეს ქმნის ძალადობრივი ქმედების განხორციელების აშკარა, პირდაპირ და არსებით საფრთხეს, – ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ორასიდან ოთხას საათამდე.
იგივე ქმედება, რასაც მოჰყვა ადამიანის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება, სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე.